სასარგებლო რჩევები ზოგჯერ ბავშვთან ერთად მაღაზიაში წასვლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. გაუთავებელ "მიყიდეს, მიყიდეს" ხშირად ისტერიკა და იატაკზე ხოხვაც ერთვის. რა ქნან იმ მშობლებმა, ვისაც ბავშვის ახლობლებთან დატოვების საშუალება არ აქვთ და იძულებულები არიან, საყიდლებზე პატარასთან ერთად იარონ?
ბავშვები მოუთმენელი არსებები არიან და უნდათ, მათი ყოველი "მინდა" მომენტალურად ასრულდეს. ჭირვეულობა სასურველი ნივთის მიღების საშუალებაა. თუმცა, ზოგჯერ დედა ცდილობს, ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, ბავშვიც თითქოს ცოტა ხნით მშვიდდება, მაგრამ...
რაც უფრო დიდია ბავშვი, მით რთულია, მისი "გადართვა" მოთხოვნილებიდან სხვა საინტერესო მომენტზე. თუმცა, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მოზრდილ ბავშვს ნივთის შეძენის არგუმენტირებული უარის აღქმა უკვე შეუძლია.
ბავშვის ჭირვეულობა ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზის შედეგია.
თუ ქუჩაში ცივა, მაღაზიაში კი ცხელა და ბავშვისთის სამოსის გახდა დაგავიწყდათ, გადახურებამ შეიძლება დაღლილობა და განწყობის გაფუჭება გამოიწვიოს. ცუდ ხასიათზე მყოფი პატარა კი უფრო ადვილად გაჭირვეულდება.
თუ ბავშვს ხშირად ეუბნებით უარს სასურველი ნივთის მიღებაზე, ის ისევ განაგრძობს ჭირვეულობას და მოთხოვნების წამოყენებას.
ჭირვეული ბავშვები ემოციურ სიცივეზეც რეაგირებენ. ფიზიკურად და სულიერად "გამორთული" დედის გამოცოცხლებას ისინი სხვადასხვა ნივთის ყიდვის მოთხოვნით ცდილობენ. შოპინგმა რომ შედარებით მშვიდად ჩაიაროს, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
1. საყიდლებისთვის აირჩიეთ ისეთი მაღაზია, სადაც ბავშვს გაართობენ ან მანქანის ფორმის გორგოლაჭიან კალათში მოათავსებთ და გაართობთ.
2. ბავშვმა მავნებელი ჩიფსებისა და სათამაშოების ყიდვა რომ არ მოგთხოვოთ, ან თავად რომ არ წაეტანოს, ხელში დააკავებინეთ მსუბუქი, მაგრამ მისთვის სასარგებლო ნივთი. ასე მოიქეცით სალაროსთან მიახლოებისას, სადაც ბავშვის თვალისთვის მისაზიდი, ნაირფერი ნივთები დევს.
3. მოზრდილ ბავშვს შეგიძლიათ მაღაზიაში შესვლამდე შეუთანხმდეთ, რომ უყიდით მხოლოდ ერთ კანფეტს ან შოკოლადს. ადრე თუ გვიან, ბავშვი მიხვდება, რომ ვერ უყიდით ყველაფერს, რასაც მოითხოვს.
4. წინასწარ ჩამოწერეთ საყიდლების სია, რათა მაქსიმალურად შეამციროთ მაღაზიაში ყოფნის დრო და ბავშვს "აზრზე მოსვლის" საშუალება არ მიეცეს.
5. არ დაგავიწყდეთ, შეაქეთ ბავშვი მაღაზიაში კარგად მოქცევის გამო. ის შემდეგ ჯერზეც ეცდება შექების დამსახურებას.
6. აუცილებლად გამოყავით დრო, როცა მხოლოდ ბავშვისთვის სასურველი ნივთების - სათამაშო, წიგნი, ორცხობილა - შესაძენად წახვალთ მაღაზიაში. შეუთანხმდით ბავშვს, რომ დღეს სპეციალურად მისი საყიდლებისთვის მიდიხართ მაღაზიაში. მას შეუძლია მოითხოვოს იმ ერთი ნივთის შეძენა, რომელიც ნამდვილად სურს, ხოლო, როცა ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად მიდიხართ, მისთვის მოწონებული ნივთების შეძენას ვერ შეძლებთ.
7. თუ ბავშვისთვის მოწონებული სათამაშოს ყიდვას ვერ ახერხებთ, მოუყევით ზღაპარი, თუ როგორ განაწყენდებიან სახლში სათამაშოები ახლის დანახვისას. ძალიან ძლიერი მეთოდი არ არის, მაგრამ ზოგიერთი ბავშვის ფანტაზიას კარგად ესადაგება.
8. სახლიდან გასვლამდე ბავშვი გააფრთხილეთ, რომ მაღაზიაში მოზომილი თანხით მიდიხართ და მისთვის სასურველი ნივთების შეძენას ვერ შეძლებთ. ეცადეთ თავადაც შეასრულოთ პირობა. თორემ, თუ ბავშვმა თქვენს პირველ უარზე ისტერიკა გამართა, მერე კი სასურველ ნივთს შეუძენთ, მომავალშიც ასე მოიქცევა. მშვიდად შეახსენეთ შეთანხმების თაობაზე.
ოთხი წლისთვის ბავშვი უკვე ადეკვატურად უნდა აღიქვამდეს თქვენს "არას". თუ ისტერიკებს გამართავს, ხელში აიყვანეთ და მაღაზიიდან გამოიყვანეთ. გახსოვდეთ, რომ სპექტაკლისთვის არტისტს მაყურებელი სჭირდება. მისი არასებობს შემთხვევაში კი წარმოდგენა ჩაშლილია.