თუ მაინც არ გამოგდით ძეხვეულის გარეშე ცხოვრება, წარმოდგენილი რჩევები გამოგადგებათ ძეხვეული ბავშვის სრუკფასოვანი საკვები რომ არ არის, ყველა დედამ იცის. ბევრს გაუხარდებოდა, საერთოდ რომ უწევდეს შვილისთვის ნახევარფაბრიკატების ჭმევა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა - ბოლომდე ვერც ძეხვეულის გარეშე ვძლებთ და ვერც ნახევარფაბრიკატების. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ძეხვეულის გარჩევა ვისწავლოთ. ვისი შვილებიც საერთოდ არ მოიხმარენ ამ პროდუქტებს, შეგიძლიათ კითხვა აღარ განაგრძოთ. ხოლო თუ მაინც არ გამოგდით ძეხვეულის გარეშე ცხოვრება, წარმოდგენილი რჩევები გამოგადგებათ.
არსებობს რამდენიმე მითი, თუ როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ძეხვეული ყალბისგან. მაგალითად, ერთ-ერთი მეთოდი კატაა: ამბობენ, უხარისხო ძეხვს არ ჭამსო. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. კატა პირს არ დააკარებს იმ შემთხვევაში, თუ მასში ხორცი საერთოდ არაა. ხორცის მინიმალური შემცვლეობისა და არომატიზატორებით გაჟღენთილ ნაწარმს კი სიამოვნებით მიირთმევს.
როგორ შევარჩიოთ უკეთესი ხარისხის ძეხვეული:
* ეტიკეტზე დატანილი პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალში ხორცი პირველ ადგილზე უნდა ეწეროს. რაც უფრო შორსაა ის სიაში, მით ნაკლებია ძეხვში ხორცის შემადგენლობა.
* თუ ინგრედიენტებში მითითებულია სოიო, ხელოვნური ცილა, სავარაუდოდ, ხორცი მასში არ არის ან მინიმალური შემადგენლობითაა.
* თუ ჩამონათვალში ბევრი არომატიზატორი და გემოს გამაძლიერებელია მითითებული (მაგალითად გლუტამატის ნატრიუმი), ესე იგი ხორცის შემცვლელი პროდუქტია გამოყენებული.
უპირატესობა ყოველთვის მოხარშულ სახეობებს მიანიჭეთ და არა შებოლილს, რადგან შებოლვის ტექნოლოგია ძალიან ხშირად დარღვეულია. ზოგჯერ ამ პროდუქრს ბოლი საერთოდ არ აქვს მიკარებული და მხოლოდ ბოლის არომატითაა დამუშავებული.
და ბოლოს, ნუ ჩართავთ ძეხვეულს ბავშვის ყოველდღიურ მენიუში. ყველამ ვიცით, რომ გემრიელია და უყვართ, მაგრამ ეცადეთ კვირაში ერთ დღეზე მეტად ნუ გამოიყენებთ ბავშვებთან ამ პროდუქტებს.