ვისი გამოკვებაა ყველაზე ხმაურიანი და "ნერვებისდამაწყვეტელი"? ოჯახის წევრებიდან ვისი გამოკვებაა ყველაზე ხმაურიანი და "ნერვებისდამაწყვეტელი"? რა თქმა უნდა ბავშვების (საბედნიეროდ, ყველა ოჯახში არა). განვიხილოთ მიზეზები, თუ რატომ არ ჭამს ბავშვი ამა თუ იმ საკვებს.
ერთ-ერთია კვების ნეოფობია - (ახლის ავადმყოფური შიში), შიში უცნობი საკვების მიმართ. თუმცა, თუ მშობელი სწორად მოიქცევა, ამ შიშის დაძლევა რთული არაა.
საკვებთან გაცნობის დაგვიანება - კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვის საკვებისადმი მიდრეკილება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. ბავშვს შეუყვარდა იმის ჭამა, რასაც დედა ფეხმძიმობის პერიოდში მიირთმევდა. მომდევნო ეტაპზე გემოვნური თვისება ყალიბდება ჩვილობიდან გარდატეხის ასაკამდე. ამიტომ, დედის მისიაა, ბავშვს შეაყვაროს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ხორცი, რძის ნაწარმი და ა.შ.
საჭმლის არამიმზიდველი იერი - რაც უფრო ლამაზად გამოიყურება საკვები, მით მიმზიდველია ბავშვისთვის. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ჯანსაღ საკვებს ფასტ ფუდს ამჯობინებენ.
გემო - როგორც წესი, ბავშვები თავს არიდებენ მომჟავო და ცხარე საკვების ჭამას.
ერთი და იგივე - ბავშვებს ერთი და იგივე საკვები მალევე ბეზრდებათ.
დაძალება - ბავშვებს სიძულვილის შეგრძნება უჩნდებათ ყველა იმ საკვების მიმართ, რომლის ჭამასაც უფროსები აძალებენ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ შევაჩვიოთ ბავშვები ახალი პროდუქტების ჭამას
ახალ-ახალი გემო ბავშვებს რაც შეიძლება ადრევე გაასინჯეთ. ხორციდან დაწყებული ხილითა და ბოსტნეულით დამთავრებული. გაუმდიდრეთ გემოვნება.
თუ ბავშვს არ ჭამს კონკრეტულ პროდუქტს, დაუქუცმაცეთ, დაუბლენდერეთ, ან საყვარელ საკვებში შეურიეთ.
არასდროს დააძალოთ ბავშვს ჭამა, თუ ის მშიერი არაა. ეს კიდევ უფრო შეაძულებს ჭამას. თუ ჭამაზე უარს აცხადებს, მისი საყვარელი თამაში ეთამაშეთ, გამარჯვების შემთხვევაში კი ჯილდოდ ჭამა შეურჩიეთ და როგორც გამარჯვებულს, ახალი პროდუქტის გასინჯვა შესთავაზეთ.
თუ ბავშვი ბოსტნეულის ჭამაზე უარს აცხადებს, როცა მოშიებული იქნება, კერძამდე ჯერ ბოსტნეული აჭამეთ.
ეცადეთ, რომ საკვებს მიმზიდველი იერი ჰქონდეს. შეუხამეთ ერთმანეთს რამდენიმე ფერი.
ეცადეთ, ბავშვებს ყველაფერი არ დაუბლენდეროთ, რაღაც იყოს ხრაშუნა, წვნიანი.
ხშიარდ შეუცვალეთ მენიუ, შესთავაზეთ ახალ-ახალი კერძები. ერთი და იგივე ბავშვს მალევე ბეზრდება.
საკვებში გამოიყენეთ მწვანილი, სანელებლები.
მაღაზიაში ან ბაზარში ბავშვს თავად აარჩევინეთ ხილი ან ბოსტნეული. ამგვარად უფრი გაუმძაფრდება მისი დაგემოვნების სურვილი. შემდეგ დაიხმარეთ სადილის მომზადებაში, კერძების გაფორმებაში. პატარა მზარეული უფრო ინტერესით დააგემოვნებს იმ საჭმელს, რომელიც თავად მოამზადა.
თუ თქვენ რომელიმე თქვენი მეთოდით შეძელით ბავშვისთვის სასარგებლო კერძი შეგეყვარებინათ, გთხოვთ კომენტარების ველში გვიამბოთ.