არამხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის დედებს, რომლებსაც წლამდე ასაკის ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ და არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება, შეუძლიათ საკვების გარკვეული რაოდენობა უფასოდ მიიღონ.
ამ დახმარებას თბილისის მერია გასცემს და ბუნებრივია, მისით მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები ისარგებლებენ . მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს დააფინანსებს.
ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 70 000-100 000-ს;
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 000 -დან 200 001-ს;
4. მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები;
5. ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;
6. მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;
7. დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი;
8. სხვა პირები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე, მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას
ბენეფიტის გაცემისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია. ბენეფიტის ოდენობა დამოკიდებულია პირის კატეგორიაზე პრიორიტეტების ჯგუფში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
როგორ უნდა მიიღოს პირმა მომსახურება ?
მომსახურების მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?
• პირადობის ასლი
• სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
• ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100)
• კალკულაცია (აფთიაქიდან/სამედიცინო დაწესებულებიდან).
ასეთია მერიის ოფიციალური ანოტაცია, რომელშიც მოცემული არაა თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა დახმარება. თუმცა სოციალურ ჯგუფებში ბევრი დედა წერს ამის შესახებ და ვფიქრობთ, პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება არანაკლებ საინტერესოა.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან:
"ზოგი პედიატრი ამბობს, მხოლოდ სოციალურზეაო,არ ვიცი რატომ,მაგრამ ასე ამბობს.არადა უკვე ვიცი რამდენიმე ვინც არაა სოციალურად დაუცველი და ამ დახმარებას იღებს"
"არ მაქვს სოციალური მაგრამ გავაკეთე და სამი თვე ახლა გადის ივნისში. ისევ უნდა შევიტანო, ასი ლარით დააფინანსეს"
"ზოგი პედიატრი, არ ვიცი რატომ, მაგრამ უარს გეუბნება ფორმა 100-ის დაწერაზე. წერდნენ გოგოები, დაადძალეთო,დაგიწერონ ფორმა 100 ზე და წაიღეთ, სადაც საჭიროა. არ მოგატყუონ...უკვე გავიგე რამდენიმე, ვისაც არ აქვს სოციალური და აიგო ეს დახმარება."
"კანონში გარკვევით წერია შეჭირვებულ ოჯახებს და არა მარტო სოციალურად დაუცველებს"
"არ მაქ სოციალური, ჩემი მესამე შვილია. საბუთები შევაგროვე და შევიტანე"
შეგახსენებთ ასევე, რომ ამ პროგრამის დასახელება გახლავთ ”სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები”, შესაბამისად, ინდივიდუალური განცხადებით ამ სამსახურს სხვა სამედიცინო თუ სოციალური დახმარებისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ.