"ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს
"ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს
დღეს, როდესაც მანქანების სიმრავლის ფონზე, საგზაო მოძრაობა საკმაოდ დაძაბულია, ბავშვებთან ერთად მგზავრობა კიდევ უფრო რთული და საპასუხიმსგებლო საქმე გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მგზავრობის წესებს კანონი არ არეგულირებს, მაშინ როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის მანქანაში ჩასმა აკრძალული ყოფილა. სამგზავრო სავარძელი ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ის სიკვდილისა და დაშავების შესაძლებლობას ჩვილებში დაახლოებით 70%-მდე ამცირებს, ხოლო ბავშვებში - 54-80%-მდე.
სამგზავრო სავარძლის შერჩევა ინდივიდუალურად ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით უნდა მოხდეს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად
დამაგრებას. მოდელი და პიარ-მენეჯერი ანა კოშაძე ორი შვილის დედაა, მან კარგად იცის სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ და თუ მის ფეისბუქ გვერდს გადაათვალიერებთ, სავარძლეში მჯდომი ანასტასიას ფოტოებსაც მრავლად ნახავთ. აღმოჩნდა, რომ ანა ჩართულია პროექტში "სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად" და აგიტაციას სწორედ მის მოხმარებას უწევს.

- ფოდნმა "Elli Foundation" წამოიწყო პროექტი "სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად". თვითონ ეს ფონდი, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ნინო გოგოტიშვილმა დააარსა, რომელსაც ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. ქალბატონ ნინოს გერმანელი მეუღლე ჰყავს, გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ავარიაში გარდაეცვალა შვილი, სწორედ იმიტომ, რომ არ იჯდა სამგზავრო სავარძელში. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ჩვენთვის
სასარგებლო საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი და სხვა ბავშვების დასაცავად დააარსა ფონდი, რომელიც სამგზავრო სავარძლის პოპულარიზაციას ეწევა.

ჩვენს ქვეყანაში სამგზავრო სავარძლის გამოყენების ძალიან დაბალი სტატისტიკაა, რის ფონზეც, ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ მაინც მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურად დასრულების შედეგები, სამგზავრო სავარძლის გამოუყენებლობის მიზეზით.
mshoblebi
როგორც ფონდში მითხრეს, ჩვენთან ამ საკითხს კანონი არ არეგულირებს, თუმცა აპირებენ განხილვას, რომ 4 წლამდე ბავშვისთვის სავალდებულო გახდეს სამგზავრო სავარძელში ჯდომა. ევროპაში თუ არ ვცდები, 12 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია სპეციალური სავარძლით მგზავრობა. კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც მიიღებენ კანონს და ეს ყველაფერი სამართლებრივად გაწერილი იქნება.
მე როგორც პატარების დედა, ამ ყველაფერში ჩართული ვარ და სიამოვნებით ვუწევ აგიტაციას კამპანიას, მოხარული ვიქნები, თუ მაგალითს მივცემ სხვა მშობლებს.

- ვინც სავარძელს არ იყენებს, მათგან მსმენია, რომ ბავშვებს ღვედს უკეთებენ და ისე სვამენ უკანა სავარძელზე, როგორ ფიქრობ, რამდენად დაცულია ბავშვი ასე მგზავრობისას?
- თურმე, არაფრით არ შეიძლება პატარის დაბმა ღვედით, იმიტომ, რომ ის გათვლილია ზრდასრულ ადამიანზე, ბავშვის ღვედით "დაბმის" შემთხვევაში დიდი საშიშროებაა იმისა, რომ თვითონ ამ ღვედმა მიიყვანოს ბავშვი სავალალო შედეგამდე ავტოსაგზაო შემთხვევის, ან თუნდაც მკვეთრი მუხრუჭის დროს. როდესაც ზრდასრულს აქვს გადაჭერილი ღვედი, ის თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ ბავშვი პატარაა და შეიძლება არასწორ ადგილას, მაგალითად ყელთან ჰქონდეს გადაჭერილი ღვედი და არასწორი მანევრირების დროსაც კი პრობლემა შეექმნას, აღარაფერს ვამბობ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. ამასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არაფრით არ შეიძლება 12 წლამდე ბავშვის წინ დასმა, ესეც ძალიან საშიშია, აღარფერს ვამბობ იმაზე, როცა ბავშვს ფანჯარაში ან ლუქში აქვს თავი გაყოფილი, ან საჭესთან უზით კალთაში. ასეთ დროს გული მისკდება და მიჩნდება სურვილი, გავაჩერო მანქანა და ვთხოვო, ასე აღარ მოიქცნენ.

- სანამ ამ პროექტში ჩაერთვებოდი, იყენებდი ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს?
- ვფიქრობდი, რომ სავარძლის გამოყენება აუცილებელი იყო, მაშინ როცა ბავშვები ძალინ პატარები იყვნენ, 2 წლამდე ჩემი ორივე შვილი იჯდა. აქამდე მეც არ ვიყავი ასე კარგად გათვითცნობიერებული, აი, დღეს კი, უკვე ვიცი, რომ ეს ისევ აუცილებელია.
mshoblebi
- ანა, რამდენი ხანია მართავ მანქანას და როდის გაბედე ბავშვებთან ერთად მგზავრობა? ერთია, როცა მარტო ზიხარ ავტომობილში და ასმაგი პასუხისმგებლობაა მაშინ, როცა ბავშვებთან ერთად გადაადგილდები...
- პირველი შვილი რომ შემეძინა, უკვე ვმართავდი მანქანას და ახალშობილიც კი დამყავდა მარტოს სამგზავრო სავარძლით, რომელიც დაცვასთან ერთად ამარტივებს ბავშვთან ერთად მგზავრობას. ცოტა რომ წამოიზარდნენ, მერე უკვე ცელქობა დაიწყეს, მათი დასმაც კი სირთულე იყო და ძალისხმევას საჭიროებდა, რომ არ ემოძრავათ მანქანის უკანა ნაწილში. სავარძელი ამისთვისაც ძალიან კარგია, რადგან ბავშვი ზის ერთ ადგილას, არ მოძრაობს და თან შემაღლებულზეა, ხედავს ყველაფერს ძალიან კარგად. ანასტასიას ძალიან მოსწონს თავისი სავარძელი, ბუდე დაარქვა, ისტორიებს იგონებს ხოლმე სავარძელთან დაკავშირებით.

- ბავშვები, რომლებიც აპროტესტებენ სავარძელში ჯდომას, როგორ უნდა ვამგზავროთ?
- თუ ბავშვი თავიდანვე მიეჩვევა სავარძელში ჯდომას და ეს წესად ჩამოუყალიბდება, მაშინ პრობლემა არ შეექმნებათ მშობლებს. მაგრამ თუ აქამდე არ მჯდარა და ახლა უნდათ, ჯიუტი პატარა სამგზავრო სავარძელში ჩასვან, მაშინ არ ვიცი, რა ვურჩიო მშობლებს, ალბათ წახალისებით, მოტივაციის გაჩენით შეიძლება, ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანონ.

- დასასრულ, იქნებ გვითხრა, როგორია ბავშვთა სიცოცხლის დაცვის სტატისტიკა სამგზავრო სავარძლის გამოუყენებლობის შემთხევვაში…
- 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში გარდაიცვალა 28 ბავშვი, აქედან არც ერთი მათგანი არ იჯდა სამგზავრო სავარძელში, მაშინ როდესაც გერმანიის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს დაღუპულია 1 ბავშვი. მართალია, 100%-იანი დაცვის გარანტი არაა სამგზავრო სავარძელი, მაგრამ რისკებს მკვეთრად ამცირებს, ამის ნათელ მაგალითად ეს სტატისტიკაც კმარა.
ციცი ომანიძე


23191
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ia
0
Eს კანონი არ მოკმედებს საქარტველოჰი?..
14:33 / 26-06-2016
ანა-ბანა
0
აუცილებელია რა თქმა უნდა, რომ ბავში სავრძელში უნდა იჯდეს დაცულად და ეს ყველა მშობელს უნდა....მაგრამ რა ღირს ეს სავარძლები განსაკუთრებით 5 დან 12 წლამდე?
10:51 / 14-06-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი