ბავშვს ვერ ავუკრძალავთ, რომ ნაკბენი არ მოიფხანოს კოღოს ნაკბენი ქავილს იწვევს. ძალიან რთული ძლიერი ქავილის შეკავება, მითუმეტეს, ბავშვს ვერ ავუკრძალავთ, რომ ნაკბენი არ მოიფხანოს. თუმცა ქავილის შემსუბუქება შესაძლებელია.
იცით, რომ მხოლოდ მდედრი კოღო იკბინება. ნაკბენამდე იგი კანზე რაღაც, გაუტკივარების მაგვარ სითხეს ასხურებს. ამიტომაც ვერ ვგრძნობთ კბენის მომენტს და მხოლოდ შედეგს: სიწითლეს, შესივებას, გაღიზიანებასა და ქავილს შევიგრძნობთ.
თუ ნაკბენს მაშინვე არ მოიფხანთ, მწერის მიერ შესხურებული სითხე ცოტა ხანში (15-20 წუთი) გაიწოვება და მსუბუქი სიწითლე დარჩება. მაგრამ როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ნაკბენი არ მოიფხანო? შეიძლება დიდებსაც გაგვიჭირდეს თავის შეკავება. ამიტომ რამდენიმე ხერხს გთავაზობთ, თუ როგორ შევიჩეროთ ქავილი
თუ ნაკბენი უმნიშვნელოა, ბავშვს ქავილს დაუამებთ ცივი საგნით, - ნაჭერში გახვეული ყინულით ან მეტალის კოვზით. აკონტროლეთ, რომ იმ მომენტში პატარამ ნაკბენი არ მოიფხანოს.
არსებობს კიდევ რამდენიმე გამოცდილი საშუალება, რათა კოღოს ნაკბენი დავიამოთ:
სოდის ფაფა: ეს მეტად ეფექტური საშუალებაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე გამოცდილია. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი სოდა და რამდენიმე წვეთი წყალი. უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა. მოათავსეთ იგი მარლის ნაჭერზე და ბავშვს ნაკბენზე რამდენიმე წუთითი დაადეთ. ეს მხოლოდ ქავილს კი არა, გაღიზიანებასაც მოუხსნის.
კალენდულას ნაყენი: მისი შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაუმუშავეთ პატარას ნაკბენი.
ბორის სპირტი: კალენდულას ნაყენზე არანაკლებ ეფექტიანია. გამოიყენების წესი - იგივე. ისიც აფთიაქებში იყიდება.
მცენარის ფოთლები: თუ სახლში პიტნა, მრავალძარღვა ან ოხრახუში გეგულებათ, ფოთოლი ხელში დასრისეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ.
თუ ბავშვს ნაკბენი დაუსივდა, ქავილი კი 15-20 წუთის განმავლობაში არ დაუამდა და ატყობთ, რომ სიწითლე იზრდება, ექიმს მიმართეთ.