წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ბავშვის ოთახში თუ თქვენ გაქვთ არჩევანის საშუალება, სასურველია, რომ ბავშვის ოთახი არ იყოს გამავალი, იყოს ნათელი და ჰქონდეს აივანი, რომ ხშირად გაანიავოთ ოთახი და საბავშვო ეტლით მისი აივანზე გაყვანის საშუალებაც გქონდეთ. თუ თქვენს სახლს აქვს რამდენიმე აივანი და გაქვთ არჩევანის საშუალება, აირჩიეთ მზიანი მხარე, კარგი იქნება, თუ აივნიდან ბაღის (ეზოს) ხედი იქნება და არა ავტომაგისტრალის.
ოღონდ პირობა: როცა სახლში ბავშვია, ნებისმიერი ასაკის, აივნის კარი მჭიდროდ უნდა იკეტებოდეს, ისე, რომ ბავშვს მისი გაღება არ შეეძლოს.
მნიშვნელოვანი წესი: ოთახში უნდა იყოს მტვრის დამაგროვებელი მინიმალური რაოდენობის ნივთები - რბილი ავეჯი, ხალიჩები, წიგნები (მხოლოდ შუშის შიგნით), უსარგებლო ნივთები.
აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ძალიან ბევრი მიკრობი, რომლებიც ადვილად იღუპებიან ჰაერში ან რეცხვის დროს, კვირაობით და თვეობით შეიძლება დარჩნენ საოჯახო მტვერში - ესაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, დიფტერიის ჩხირები, სალმონელა (ჩამონათვალი არასრულია, თუმცა ვფიქრობ - საკმარისი).
ცნობისათვის: სტაფილოკოკი იწვევს შემდეგ დაავადებებს: ფილტვების ანთებას, ფაღარათს, მენინგიტს; სტრეპტოკოკი - ანგინას, ყივანახველას, რევმატიზმს და სხვ. დიფტერიის ჩხირი - დიფტერიას; სალმონელა - მძიმე ნაწლავურ ინფექციას.
მაშ ასე:
• რაც ნაკლები იქნება ხალიჩების რაოდენობა - მით უკეთესი;
• წიგნები - მხოლოდ შუშის მიღმა;
• თავი შეიკავეთ რბილი სათამაშოებისგან;
• კედლებზე ჩამოკიდებული სუვენირების რაოდენობა - ზომიერად;
• კარადის თავი და საწოლის ქვეშ სივრცე არ არის უსარგებლო ნივთების შესანახად განკუთვნილი.
გასაგებია, რომ ყველაფერზე უარს ვერ იტყვით, ამიტომ:
• თუ მაინც ვერ ელევით ბავშვის ოთახში რბილ ავეჯს, სისტემატიურად გაწმინდეთ მტვერსასრუტით;
• ავეჯის ზედაპირი და იატაკი დაალაგეთ სველი წესით;
• თუ არ გაქვთ სათავსო უსარგებლო ნივთებისთვის, სველი წესით გაასუფთავეთ, კარადის თავზე დადეთ და შეფუთეთ პოლიეთილენით;
• სასურველია (ატენიანებს ჰაერს) აკვარიუმის დადგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკაცრად დაიცავთ წყლის გამოცვლის დადგენილ ნორმებსა და ვადებს;
• საწოლი - ხის, დამუშავებული ოპტიმალურად, ლაქის, საღებავისა და მსგავსი ქიმიური დამუშავების გარეშე. ლეიბი (მატრასი) სწორი და მკვრივი. არანაირი ბალიში არ არის საჭირო.
• შესახვევი მაგიდა (ახალშობილთათვის) - საჭირო ატრიბუტია, თუმცა თუ ადგილი არ გაქვთ ოთახში, შეგიძლიათ საწოლზეც გამოუცვალოთ.
• მაგიდის გვერდზე სასურველია თარო ან ტუმბო, სადაც მოათავსებთ ბავშვისთვის აუცილებელ ნივთებს: საფენებს, პამპერსებს, ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს;
აუცილებელია: ოთახის თერმომეტრი - საჭირო და სასარგებლო ნივთია. ჩამოკიდეთ კედელზე ბავშვის საწოლთან ახლოს იატაკიდან 1,5 მ.-ის დაშორებით. ჰიგრომეტრი - ეს არის ხელსაწყო, რომელიც ოთახში ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელია.