"ძაღლი ოჯახის შექმნამდე ავიყვანეთ და შვილივით ვუვლიდით... კარგი პრაქტიკა იყო ეს ჩვენთვის" - მარიამ მრევლიშვილი ბავშვისა და ძაღლის თანაცხოვრებაზე ლილე და ლასკა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულები არიან. ასეთი შეხმატკბილებული, ასეთი საყვარელი და ფოტოგენური მეგობრები არც ისე ხშირად შეგხვდებათ. მათი ფოტოები ძალიან შთამბეჭდავია - ლილე და ლასკა ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავები არიან.
ლილეს ძალიან პროგრესულად მოაზროვნე და მოსიყვარულე დედ-მამა ჰყავს, რომლებიც თავიანთი დაკავებულობის მიუხედავად, ყოველთვის პოულობენ დროს ლილესთვის და მისი ოთხფეხა მეგობრისთვის. ლილეს დედიკო მარიამ მრევლიშვილი დღეს ჩვენი მასპინძელია, როგორც თანამედროვე დედა და გვესაუბრება იმაზე, როგორია ერთ სახლში ბავშვისა და ძაღლის თანაცხოვრება, რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ამას და რა უპირატესობა აქვს.
- როდის გაჩნდა ძაღლი თქვენს ოჯახში? ალბათ, თქვენც და თქვენს მეუღლესაც გიყვართ ცხოველები?
- ძაღლი მე და ლადომ ოჯახის შექმნამდე ავიყვანეთ. ვუვლიდით როგორც შვილს, კარგი პრაქტიკა იყო ნამდვილად. გამოგვადგა მომავალში...
- რამდენად ადვილია ერთ ოჯახში ასეთი დიდი ძაღლის და ბავშვის თანაცხოვრება, რა აქვს მას პლუსები და მინუსები?
- ჩვენთვის იმდენად დიდი სიხარული მოაქვს ცხოველებთან ურთიერთობას, რომ მინუსებზე ლაპარაკი რთულია. არ ვიცი, ამას მინუსს თუ დავარქმევ, მაგრამ უდაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და დამატებითი ვალდებულებები. ცხოველს სჭირდება მოვლა, ყურადღება და დრო. თუ ამისთვის არ არის მზად ადამიანი, ცხოველი არ უნდა აიყვანოს. ცოცხალ არსებაზე პასუხისმგებლობას რომ აიღებ, ბოლომდე უნდა ატარო ეს პასუხისმგებლობა.
- როგორია პატარა გოგონასა და მისი ოთხფეხა მეგობრის ურთიერთობა, ალბათ ძალიან უყვართ ერთმანეთი... თუ ჩხუბობენ, როგორც ჩვეულებრივი მეგობრები და თუ ეჭვიანობენ უფროსებზე, საინტერესოა...
- სამშობიაროდან სახლში მოსვლის დღიდან, ლილე და ლასკა განუყრელი მეგობრები არიან. ხშირად ერთად სძინავთ ტახტზე, თამაშობენ, სერინობენ. შეიძლება ლილემ მე ან ლადოს არ მოგვცეს საყვარელი სათამაშო, მაგრამ ლასკას უარს არასდროს ეტყვის. ჩუმად შოკოლადსაც აჭმევს. იცის, რომ ლასკასთვის არ შეიძლება შოკოლადი, მაგრამ იცის, რომ ლასკას ძალიან უნდა და უარს ვერ ეუბნება. ხანდახან აბრაზებს: დაიჭერს სასუსნაოს და იწვევს სათამაშოდ. ხშირად მიეპარება მძინარე ლასკას და დააწყობს ზემოდან სათამაშოებს, მერე კვდება სიცილით. ის უთმენს. როდესაც ლასკას სხვა ბავშვები ეფერებიან, ზოგჯერ ეჭვიანობს. მოკლედ ნამდვილი მეგობრობა აქვთ.
- რას ურჩევდით მშობლებს, იყოლიონ თუ არა შინაური ცხოველი, როცა ბავშვებიც ჰყავთ სახლში და ხშირად ეშინიათ ამ გადაწყვეტილების მიღების...
- ვფიქრობ, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იზრდებოდეს ცხოველთან ერთად. მასთან ურთიერთობით ბავშვი სწავლობს სხვაზე ზრუნვას, პასუხისმგებლობას. ცხოველთან ურთიერთობას მოაქვს სითბო და სიყვარული. მთავარია, ცხოველი იყოს მოვლილი. საჭიროა კონსულტაციები პროფესიონალებთან ძაღლის აცრების, პარაზიტებზე დამუშავების და გაწვრთნის შესახებ. არ არის აუცილებელი, ძაღლი იყოს ჯიშიანი. უამრავი მიუსაფარი ცხოველია. მათი შეფარება ბავშვისთვის გადასარევი მაგალითია კეთილი საქმის. ჩვენ მალე გვეყოლება მეორე ძაღლიც და ამჯერად არ ვიყიდით, აუცილებლად შევიფარებთ.
- ხშირად ამბობენ, რომ შინაური ცხოველი სახლში დამატებითი პრობლემაა, მოაქვს ინფექციები, ვირუსები და ა.შ. როგორ უნდა მოუარონ, რა წესები უნდა დაიცვან აუცილებლად, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილონ?
- ყოველთვის უმჯობესია პროფესიონალებისგან მიიღოს ოჯახმა მსგავსი რჩევები. ჩვენი გამოცდილებით უცილებელია:
1. ცხოველის დროულად აცრა ცოფზე და სხვა დაავადებებზე (ე.წ. კომლექსური აცრა);
2. დამუშავება პარაზიტებზე;
3. ცხოველის სწორი კვება;
4. მუდმივი დაკვირვება და ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში ვეტექიმთან დროულად მიყვანა. აუცილებელია ასევე პედეატრთან კონსულტაციის გავლა ე.წ. ზოონოტური დაავადებების პრევენციის კუთხით.
- რამდენად იოლია ერთდროულად ბავშვის მოვლაც და ცხოველზე ზრუნვაც, პირადად თქვენთვის და მეუღლე რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული?
- რთული არაფერია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმხელა სითბო და სიყვარულია ცხოველი სახლში და იმდენი დადებითი მოაქვს ბავშვისთვის, რომ ეს ე.წ. სირთულეები მეორეხარისხოვანია. ხშირად ვარ მომსწრე სცენის, როგორ სთხოვს ბავშვი მშობელს ძაღლს ან კატას. ბუნებრივი მოთხოვნილებაა ბავშვისთვის და ჩემი აზრით, მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს. თუ არ არის მზად მშობელი ცხოველის სახლში მოყვანისთვის, მაინც უნდა ეცადოს, რომ აზიაროს ბავშვი ცხოველთან ურთიერთობას. მაგალითად, წაიყვანოს სტუმრად ოჯახში, სადაც არის ცხოველი. ძალიან კარგი საშუალებაა მოხალისეობა ცხოველთა თავშესაფარში. ბავშვი გასააერნებს ძაღლს, დააპურებს, მოეფერება. ცხოველებისთვისაც კეთილი საქმეა და ოჯახისთვის შესანიშნავი აქტივობა.
ლადოსაც ძალიან უყვარს ცხოველები. ლასკა და ლადო თითქმის ყოველდღე დადიან იპოდრომზე. ძაღლი ხშირად ირჩევს ოჯახში ერთ “ლიდერს”. დანარჩენები მისი “ხროვის” წევრები არიან. ლადო ლასკასთვის ლიდერია. მე და ლილე ლასკას ხროვის წევრები ვართ.
- როგორც ვიცი, ამ საკითხის გარდა, სხვა თემებზეც გაქვთ შედარებით არასტანდარტული შეხედულებები და მიდგომები... როგორია თქვენი აზრით თანამედროვე ოჯახი და როგორი უნდა იყოს თანამედროვე მშობლის ჯანსაღი დამოკიდებულებები და შეხედულებები?
- მშობლის ჯანსაღი დამოკიდებულების განმსაზღვრელია შვილებთან ხარისხიანად გატარებული დრო. ხარისხიან დროში ვგულისხმობ ოჯახის წევრებთან ერთად სპორტულ, საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებს. არ შეიძლება თავი დაიმშვიდო იმით, რომ ბევრს მუშაობ, დრო არ გრჩება, მაგრამ სამაგიეროდ მატერიალურად უზრუნველყოფ შენს შვილებს. მთავარი არ არის ჰარვარდისთვის გადადებული ფული, კერძო ბაღი, ინგლისურის გაკვეთილები, პრესტიჟული სკოლა და ასე შემდეგ. მთავარია მშობლისგან ყურადღება და დრო, შვილთან ერთად ყოფნა არა მხოლოდ ფიზიკურად ერთ სივრცეში, არამედ ბოლომდე მასთან ყოფნა მთელი შენი არსებით. მასთან ერთად თამაში, სიცილი, ტირილი, ემოციური სიახლოვე. ემოციურად სტაბილური ბავშვი თვითონ გაიკვალავს გზას ჰარვარდშიც და სხვაგანაც. თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი, მისი განვითარებისთვის კი უმთავრესია მშობლის ემოციური ინვესტიცია და არა მატერიალური.
- ალბათ მიგიღიათ გამვლელებისგან ან თუნდაც ფეისბუქზე უცნობებისგან შენიშვნები, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დედებს, აღზრდის მეთოდებთან, თუნდაც ცხოველის ყოლასთან დაკავშირებით. რამდენად ხშირია ასეთი შენიშვნები, ზოგადად რას ფიქრობთ ამ საკითხზე და რას პასუხობთ ხოლმე ასეთ დროს?
- თავიდან მაღიზიანებდა ასეთი შენიშვნები. ახლა გადავლახე და თავაზიანი ღიმილით ვისტუმრებ ასეთ გამვლელებს. ვფიქრობ, არ უნდა ჩაერიო სხვისი აღზრდის მეთოდებში. ბუნებრივია, თუ ძალადობას შეესწარი, უნდა ჩაერთო, მაგრამ ესეც გარკვეული მექანიზმებით და არა შენიშვნებით და ქუჩაში ჩხუბით.
- ხშირად მოგზაურობთ და ბევრი დრო გაქვთ საზღვარგარეთ გატარებული. იქნებ შეადაროთ სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში დამოკიდებულებები ბავშვების მიმართ და მშობლების შეხედულებები თუ ქცევები.
- საქართველოში ნაკლები დამოუკიდებლობა აქვთ ბავშვებს. არ შეიძლება 25 წლის ადამიანი მშობელთან ცხოვრობდეს. მესმის, რომ მშობელზე დამოკიდებულებას თავისი კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დასაბუთება აქვს. იმედია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოიტანს ცვლილებებს ამ კუთხითაც.
ლელა ზურებიანი