„აუცილებელად უნდა შემოიღონ ჯარიმა ძაღლების მოსაქმებულებზე...“ - რას ფიქრობენ ცნობილი დედები სამოქალაქო განათლებაზე
სამოქალაქო განათლება, გარემოს დაცვა, სისუფთავე ჩვენს ქვეყანაში მეტად აქტუალური პრობლემებია. ამ მხრივ ბავშვების განვითარებაში წვლილი ოჯახმა, საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მშობლებმა ერთიანად უნდა მიიღონ, მაგრამ უფროსის სწორი ქცევის მაგალითი ალბათ ყველაზე კარგი სწავლის მეთოდია. ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ სოფია სებისკვერაძეს და სალომე შარვაძეს მივმართეთ.
სალომე შარვაძე:
- ბავშვი უპირველესად მშობლისგან უნდა ხედავდეს იმას, რომ არ შეიძლება ქუჩაში ნაგვის დაყრა, უნდა მოვუფრთხილდეთ ეზოს, ქუჩას, გარემოს, ისევე როგორც ამას ჩვენი სახლის შემთხვევაში ვაკეთებთ. როგორც კი ფეხს აიდგამს, უკვე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ჩანერგვა, პატარაობიდნავე უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ არ შეიძლება ქუჩაში დაყაროს ნაგავი, დააბინძუროს გარემო. და თუ მაინც შემთხვევით თუ გამიზნულად ასე მოიქცევა, მშობელმა უნდა ააკრეფინოს დაყრილი ნარჩენები. ერთხელ ჩემმა შვილმაც დაყარა ნაგავი ძირს, მაგრამ ავაკრეფინე და ნაგვის ურნაში ჩავაყრევინე... უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ სუფთა ქალაქი გვქონდეს, მაგრამ სანამ ავტომობილების გამონაბოლქვის პრობლემა არ მოისპობა, მაინც დაბინძურებული ქალაქი ერქმევა.
- ეს პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ როცა სკვერებში, პარკებში ამტვრევენ სკამებს, აზიანებენ საქანელებს და ა.შ., ამ შემთხვევაშ რასთან გვაქვს საქმე?
- ეს ჩვენი მენტალიტეტის ბრალია. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, ვინც არც გარემოს უფრთხილდება და არც ინფრასტრუქტურას, ასეთებისთვის მკაცრ ჯარიმას დავაწესებდი. ხან სათამაშო მოედნებზე დიდი ადამიანები აფუჭებენ გასართობებს, ეს საშინელებაა. ჯარიმა რომ იყოს, შეიძლება ასეთი რაოდენობით არ შევხვდეთ მსგავს ფაქტებს.
სალომე შარვაძე: "ჩემს შვილს ერთი არ ესმის, ხუთჯერ სჭირდება თქმა"
სოფია სებისკვერაძე:
- ზოგადად სისუფთავე და წესრიგი ბავშვს თავიდნავე უნდა ვასწავლოთ, პირველი ეტაპი ალბათ მისი ნივთების დალაგება-მოწესრიგების საკითხია, აქედან იწყება ყველაფერი, უნდა ჩავუნერგოთ, რომ სისუფთავე მხოლოდ მის ოთახში და სახლში კი არა, ეზოშიც და ზოგადად, ქალაქშიც უნდა შევინარჩუნოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა დაჩხაპნოს, ან არ უნდა დაწეროს სკამებზე. ამ ყველაფერს მე ვასწავლიდი ჩემს შვილს და ხშირად ყოფილა შემთხვევა, ქუჩიდან დაბრუნებულებს, ჯიბეებიდან თუ ჩანთდან, საკმაო რაოდენობის ნარჩენები ამოგვილაგებია. თუ ისეთ ადგილას ხარ ადამიანი, სადაც ახლომახლო ნაგვის ურნა არ არის, ნაგავი უნდა შეინახო უახლოეს ურნამდე. ეგ კი არა, გადახდის აპარატებსაც ხშრად ვწმენდ მოხმარების წინ.
- უცხოსთვის თუ მიგიციათ შენიშვნა ნაგვის დაყრის გამო?
- სიმართლე გითხრა, არ მახსენდება, ეტყობა ფაქტს არ შევსწრებივარ, თორემ ამასაც გავაკეთებდი. ამასთან ერთად ჩვენი დიდი პრობლემა არის ძაღლების მოსაქმებულები. ძალიან ვთხოვ ძაღალების პატრონებს, კეთილი ინებონ და მათი ძაღლის მოსაქმებულები აიღონ და გადააგდონ. არ არსებობს, ჩემი ძაღლის მოსაქმებული ქუჩაში დავტოვო, ყოველთვის ვიღებ და ვყრი ნაგავში, არ შეიძლება სხვანაირად. თბილისი ამ მხრივ ძალიან დაბინძურებულია, მერე შეიძლება ბავშვმა შემთხვევით ჩაყოს ფეხი, ისე, რომ ვერც შემაჩნიოს, მერე ეს ყველაფერი შედის სახლში, მით უმეტეს, რომ ქართველებს სახლში შესვლისთანავე ფეხზე გახდის კულტურა მაინცდამაინც არ გვაქვს, არც სტუმარს ვაკეთებინებთ ამას.
- რაც შეეხება გარემოს დაცვას, ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა რაშია?
- ძალიან მაწუხებს დაბინძურებული ჰაერის თემა, მანქანების გამონაბოლქვის გამო სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. რატომ არ შეუძლია ამ ხალხს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, არ ვიცი. პირადად მე ხშირად ვმგზავრობ მეტროთი და მივხვდი, რომ შორ მანძილზე გადასაადგილებლად, ტაქსზე და მარშრუტკაზე კომფორტულია.
- საზღვარგარეთ, სადაც თქვენ ყოფილხართ, ქალაქის დაბინძურების პრობლემები არსებობს?
- კი, არის მეტ-ნაკლებად ყველგანაა ეს პრობელმა, თბილისი არაა ერთადერთი ბინძური ქალაქი ამ მხრივ, შეიძლება ჩვენთან ჟანგბადი იყოს ძალიან დაბინძურებული, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე დანაგვიანებული ქალაქია. ევროპის დიდ და კარგ ქალაქებშიც არის ისეთი ადგილები, სადაც სიბინძურეა და რომელთან შედარებითაც თბილისი გაწკრიალებულად შეიძლება, მოგეჩვენოს, მაგრამ რას ვიზამთ?! მგონი, ამაზე ფიქრს, ჯობია, სამაგალითოები ვიყოთ და მიუხედავად ჩვენი სიმცირისა, ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მთავარია კულტურა ჩამოყალიბდეს.
- მით უმეტეს, უკვე საუბარია იმაზე, რომ ჯარიმები დანაგვიანებასთან დაკავშირებით ამოქმედდება...
- ჰო, ეს ძალიან კარგი იქნება, ასევე აუცილებლად უნდა შემოიღონ ჯარიმა ძაღლების მოსაქმებულებზე. ამ მხრივ, გამოსავალი თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი აღზრდაა, რაც არ უნდა მთავრობა შეიცვალოს, მოქალაქეებად თუ არ ჩამოვყალიბდით, არაფერი გვეშველება, თითოეულ ადამიანში უნდა ჩამოყალიბდეს ეს კულტურა. უნდა შევიგნოთ, რომ მხოლოდ ის არაა ჩვენი სახლი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი სახლია ეზოც, სადარბაზოც, ტრანსპორტიც, ქუჩაც და ა.შ.
"არ შემიძლია შვილთან დაქალობა" - როგორ ურთიერთობენ ცნობილები თინეიჯერ შვილებთან
ციცი ომანიძე