პრობლემა, რომელსაც სათანადოდ ვერ აღვიქვამთ მარიტა დამენია ამერიკაში ცხოვრობს და იქ ზრდის შვილებს. რამდენიმე დღის წინ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარიტა იმ პრობლემაზე წერს, რომელიც ძალიან აქტუალურია, თუმცა საქართველოში მას სათანადოდ ვერ აფასებენ. ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია. ამჟამად მარიტას პოსტს და შემდეგ კი მცირე კომენტარს გთავაზობთ:
”საქართველოში ბავშვები დაბადებიდან 5 წლამდე არიან ტყვიით (Lead) მოწამვლის რისკის ქვეშ.
სისხლში ტყვიის ოდენობის (Pb - Plumbum) მაჩვენებელი სასურველია იყოს 10 ნიშნულზე ქვევით. ტყვიით მოწამვლის შანსი დიდია ჩინურ სათამაშოებთან შეხებისას, ასევე ისეთ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობს და თან მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ აკეთებენ სისხლში ტყვიის მაჩვენებლის გაზომვას და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, არც სკოლა ითხოვს. არადა ტყვიის მაღალი მაჩვენებელი სისხლში იწვევს ბავშვის ტვინის განვითარების ჩამორჩენას. ეს ჩამორჩენა შესაძლოა სულაც შეუმჩნეველი იყოს და მშობელი ვერც მიხვდეს, მაგალითად ბავშვი, რომელიც ბაღში 10-მდე მიმატების ტაბულას სწავლობს, შესაძლოა დაბალი ტყვიის შემცველობით 50-მდეც ესწავლა, მაგრამ ტყვიის შემცველობამ მისი ტვინის პროგრესი შეაყოვნა. ანუ ტყვიის შემცველობა მანდამაინც შესამჩნევ ჩამორჩენაში არ გამოიხატება.
ამერიკაში ყველა სათამაშო გადის ტყვიაზე შემოწმებას, ასევე იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობა აქვს 10-ზე მეტი და რამდენიმე გაზომვის შემდეგ ნიშნული არ ჩამოდის, მიდიან დამკვირვებლები და ნახულობენ, ძველი რემონტი ხომ არაა სახლში, აქერცლილი საღებავი კედლიდან, ან რაიმე სამშენებლო ნარჩენი, რასთანაც შესაძლოა ბავშვს შეხება ჰქონდეს...
სანდრო როცა ჩამოვიდა ამერიკაში, ტყვიის შემცველობა დაუდგინდა 13, რაც საგანგაშო არ არის, მაგრამ არაა სასურველი. სავარაუდოდ ეს საქართველოდან ჩამოჰყვა, რადგან ბევრ ჩინურ სათამაშოსთან ჰქონდა შეხება. შემდეგ ჩამოუვიდა 10-ზე და ახლა ჩამოვიდა 7-ზე... გავსინჯეთ პატარაც, რომელსაც თითქმის 0-ზე აქვს.
ასევე იხილეთ: ჩინური საწამლავი – რისგან არის დამზადებული ბავშვების სათამაშოები?
საქართველოში რადგან არ ხდება ამის კონტროლი და შემოწმება, კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკას მშობლები მიმართავენ და მაქსიმალურად მოარიდებენ მცირეწლოვან ბავშვებს (განსაკუთრებით ახალფეხადგმულებს, რომლებიც ყველაფერს პირში იდებენ) ისეთ ადგილებს და საეჭვო სათამაშოებს, რომლებიც ტყვიის შემცველობის რისკისჯგუფს მიეკუთვნებიან. ბევრი იაფფასიანი ჩინური სათამაშოს საღებავი შეიცავს ტყვიას, რომელიც ბავშვის სისხლში ხვდება პირში ჩადებისას”.
რასაკვირველია, დავინტერესდით, მართლაც ხდება თუ არა საქართველოში ამ მაჩვენებლის დადგენა, რამდენად სავალდებულო და ხშირია ამ ანალიზის გაკეთება.
სავალდებულო არ არის, სამწუხაროდ, არც აქტიურად მოწმდება ქვეყანაში შემოსული სათამაშოების თუ სამშენებლო მასალების ხარისხი და შემცველობა. თუმცაღა ტყვიის შემცველობაზე ანალიზს რამდენიმე ლაბორატორია აკეთებს, თუ ეს მოგესურვებათ ან რომელიმე ექიმი დაგავალებთ.
როგორც ექიმმა ქეთი კანდელაკმა, მათ კლინიკაშიც კეთდება ასეთი ანალიზი, თუმცაღა ძალიან იშვიათად მიუმართავთ მათთვის მსგავსი მოთხოვნით. ანალიზი კეთდება სისხლშიც და შარდშიც ტყვიის შემცველობაზე და ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება პასუხის მიღება. თუმცაღა, როგორც გითხარით, ამაზე მოთხოვნა ნაკლებია, მშობლებიც არ არიან მასობრივად ინფორმირებულნი და დაინტერესებულნი.
იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ და კიდევ უფრო ფრთხილად ვიქნებით ჩვენ ყველანი, რომ ბავშვებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავიდან სახიფათო მასალებთან, სათამაშოებთან და პროდუქტებთან კონტაქტი და დავიცვათ ისინი იმ მავნე ზემოქმედებისგან, რომლითაც, სამწუხაროდ, სავსეა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება.