თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები თვითმკვლელობამდე მიჰყავს ალბათ არაერთხელ გსმენიათ ფინანსური პირამიდების შესახებ, რომელიც ბევრისთვის სერიოზული პრობლემად იქცა. ე.წ. ქსელური მარკეტინგის მახეში ათასობით ადამიანი გაება. სამწუხაროდ, ყოველდღე იზრდება მსხვერპლთა რიცხვი და მიუხედავად თაღლითობისა, ასეთი ორგანიზაციის საქმიანობა კანონით არც ისჯება. სქემა იმდენად ლამაზადაა შეფუთული, რომ იოლი გზით გამდიდრების მსურველებს ადვილად იზიდავს. საქართველოში არსებული კომპანია "ქიუნეტი" ასე ატყუებს უამრავ ადამიანს. ეს ორგანიზაცია ოფშორშია დარეგისტრირებული და კარგად მოფიქრებული და გათვლილი სქემით მუშაობს.
საქართველოში 30 000-ზე მეტი ადამიანია QNET-ში გაწევრებული. ფინანსური პირამიდა მათ სთავაზობს გარკვეულ სარგებელს. რეალურად კომპანია ბიზნესს არ აწარმოებს. ასეთი ორგანიზაციების შემოსავლისა და მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი ან არსებული წევრებისაგან დამატებით მოზიდული თანხებია. ამ სქემით კი სერიოზული თანხა გადის ქვეყნიდან. ე.წ. ბიზნესის დასაწყებად ადამიანები ალომბარდებენ ოქროულს, გამოაქვთ ბანკებიდან სესხი და აზარტში შესულებს ხშირად მანქანისა და ბინის გაყიდვაც კი უწევთ. თუმცა, სანამ მწარე რეალობას შეეჯახებიან, ტრენინგზე ნასწავლი ფრაზებით ცდილობენ ხალხის გადაბირებას, რადგან კარგად იციან, რომ სხვანაირად ეს პირამიდა ჩამოიშლება და ჩადებული ფული დაეკარგებათ. თუ გაწაფული ხარ ტყუილებში და ბევრი ახლობლის მოტყუებას შეძლებ, თუ შენი ახლობლის უცოდინარობითა და დაბნეულობით ისარგებლებ, მათი დაკარგული თანხების ხარჯზე წილსაც მიიღებ და შენს ქსელსაც გაზრდი. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ შენს ქვევით დარეგისტრირებულმა შენმა ახლობლებმა ვალები შეიძლება ვერ გაისტუმრონ, ამის გამო შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნათ, დეპრესიაში ჩაცვივდნენ და საქმე თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს.
ფაქტია, თუ შენ QNET-ში დარეგისტრირებული არ ხარ, ამ სისტემაში შესვლას ვერ მოახერხებ. თუ უკვე წევრი ხარ და ტრენინგებიც გავლილი გაქვს, მაშინ კომპანია 3 პუნქტის დაცვას გავალდებულებს: ყველა წევრს, რომელიც სხვის მოტყუებას ცდილობს, ეს ამობეჭდილი ტექსტი ხელთ აქვს.
პუნქტი პირველი: "მომწვევი არ ეუბნება პერსპექტივს ანუ მომავალ წევრს, რომ პრეზენტაციის მერე საქმეზე არავისთან ილაპარაკოს. ეუბნება, საქმე არ არის ახალი, თუმცა მას ყველა სწორად არ აკეთებს. თუ წარუმატებელ ადამიანს შეხვდები, გაითვალისწინე, მის წარუმატებლობას თავისი გარკვეული მიზეზი აქვს. მე გირჩევ, როგორ შეგიძლია ინტერნეტში სწორი ინფორმაციის ნახვა ოფიციალურ საიტზე ან სხვა სანდო წყაროდან და ანახვებ მას ამ წყაროს. ეუბნები, შენ თუ არ იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც ეს სფერო ძალიან კარგად იცის და კომპეტენტურია, მაშინ მე უკვე მოვიძიე ინფორმაცია, ჩემმა ლიდერმაც, მისმა ლიდერმაც და დავადგინე, რომ ამ საქმეს ნაკლი არა აქვს".
პუნქტი მეორე: "ეს საქმე შენით არავის აუხსნა! როგორ ფიქრობ, არ შემეძლო, ეს საქმე ამეხსნა შენთვის? თუმცა, ჯერ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ სრულყოფილად ამეხსნა და პასუხი გამეცა ნებისმიერ შენს კითხვაზე. შენ რომ სხვას აუხსნა საქმე, შეძლებ, ისე ზედმიწევნით გადასცე ინფორმაცია, როგორც შენ გადმოგცეს? ამაში დაგეხმარებიან გუნდის წევრები, როგორც მე მეხმარებიან".
პუნქტი მესამე: "სანამ საქმეს არ დაიწყებ, წინასწარ 2 ადამიანი არ ეძებო! ტრენინგებს რომ გაივლი, ისედაც ორსაც ავუხსნით ამ საქმეს და ასსაც. მთავარია, საქმის სწავლა და სწორად კეთება დავიწყოთ. ხაზგასმით აუხსენი, რომ ამ შეხვედრის ფუნქცია მხოლოდ საქმის გაცნობა და ინფორმაციის სრულყოფილად მოსმენა იყო და ახლა იმ გზებზე უნდა იფიქროთ, ფული ამ საქმისთვის როგორ უნდა იშოვოთ. ამ ნაწილში თუ არ დაგეთანხმა, საპასუხოდ შეგეძლება განმარტებების მიცემა".
ამ პუნქტების გარდა ბევრი ჩამონათვალი აქვთ გაწევრებულებს, რომლის დაცვა აუცილებლად ევალებათ და ამის დახმარებით ახერხებენ ხალხის მოტყუებას.
შემუშავებულია ე.წ. ბიზნესის წინსვლის 10 საფეხურიც. ამ ჩამონათვალის ბოლოს სამ უპატიებელ შეცდომაზეცაა საუბარი. აფრთხილებენ წევრს, რომ მის ქვემოთ დარეგისტრირებულს არასოდეს დაჰპირდეს ორი ადამიანის მოყვანას, ინვესტიცია სხვის მაგივრად არასოდეს გააკეთოს, ძმასაც კი არ დაუმატოს ერთი ლარი და სხვისი გასაკეთებელი საქმე არ გააკეთოს.
ერთი სიტყვით, მათთან მისულს უსახავენ ბიზნესის სტრატეგიას. ეუბნებიან, რომ მალე სერიოზულ თანხებს იშოვის და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
ადამიანის ფსიქოლოგიური დამუშავება და დამაჯერებელ ტყუილში მისი გახვევა ამ ე.წ. ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კარგად შედგენილია ხელშეკრულებაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ შენ ყიდულობ ამ ფასად კონკრეტულ ნივთს და იხდი 1.800-დან 3.000 დოლარამდე თანხას. თანხის ოდენობა არჩეულ ნივთზეა დამოკიდებული. პროდუქციის არჩევანი არც ისე დიდია. არის საგზურები, რომელიმე ქვეყანაში ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, საათები, სამკაულები, მცირე კომპიუტერული ტექნიკა, რაღაც პატარა მინისებრი წრე, რომელიც თურმე აურას წმენდს და ყველაფერს კურნავს. შეძენის შემდეგ ოფიციალურად ხდები კომპანიის პარტნიორი, ონლაინ რეგისტრირდები და არსად ჩანს იმ პირის ვინაობა, ვინც დგას საქართველოში ამ თაღლითური სქემის უკან. ფულის გადახდის შემდეგ შენი პროფილი იხსნება საიტზე და იქ ჩანს სამუშაო გეგმა. გევალება შენნაირის ძებნა, რათა დაარწმუნო, ჩადოს ფული. როდესაც ორ ადამიანს იშოვი, შემდეგ მათ უნდა დაეხმარო ხალხის პოვნაში. ასე გრძელდება უსასრულოდ. შემოსავალი ახლის გაწევრების შემდეგ მისდის ზემოთ მყოფს.
თითქოს თავიდან ყველაფერი იდეალურად არის, ოცნებობ მილიონებზე, მიგყავს ორი საყვარელი ადამიანი, იმას კიდევ ოთხი, ოთხს კიდევ 8 და ასე უსასრულოდ გგონია გაგრძელდება, მაგრამ პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც ხვდები, რომ ასე მარტივი არ არის ადამიანების მოტყუება ან იმას ხვდები, რომ სხვისი უბედურების ხარჯზე ფულის შოვნას ცდილობ.
კომპანიის აუცილებელი პირობაა, ხალხის მოძიება ოჯახის წევრებიდან დაიწყო. ესეც აფერის ნაწილია, რადგან იციან, რომ უფრო ადვილად დასაყოლიებელია საყვარელი ადამიანი, ვიდრე - უცხო. როცა საქმე იმედგაცრუებამდე მიდის, ოჯახის წევრი არ გაგწირავს და არ გიჩივლებს, თუმცა ფაქტია, სასამართლოში ჩივილსა და შენი უფლების დაცვას ამ გზით მაინც ვერ შეძლებ. ვინც შენ მიგიყვანა, ის დოკუმენტაციაში არ ჩანს და პირდაპირ უცხოეთში გაქვს ეს თანხა გადარიცხული. მაშინ უნდა ჩახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც ეს კომპანიაა ოფიციალურად დარეგისტრირებული და იქ უნდა შეიტანო საჩივარი, თუმცა იქაც არ გაქვს საქმის მოგების შანსი, რადგან გარკვევით წერია ხელშეკრულებაში, რომ გადახდილი თანხით შეიძინე კონკრეტული ნივთი, რომელიც გამოგიგზავნეს.
სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ ბევრი ახლობელი აღმოჩნდა ამ თაღლითურ სქემაში ჩართული. განაგრძეთ კითხვა