„კოჯორში, წყნეთში ისეთი ფასები აქვს სახლებს, რომ რეალობასთან ახლოსაც არაა" - ცნობილები და დასვენება
„კოჯორში, წყნეთში ისეთი ფასები აქვს სახლებს, რომ რეალობასთან ახლოსაც არაა" - ცნობილები და დასვენება
დადგა წლის ცხელი სეზონი და აქტუალური გახდა დასვენების საკითხი. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა განებივრებულია კურორტების მრავალფეროვნებით, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი ჯდება და იმავე ფასად ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოახერხებს ადამიანი დასვენებას. ამ თემასთან დაკავშირებით სალომე შარვაძეს და ქეთა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ:

სალომე შარვაძე:
- როცა ჩემი შვილი - მართა, პატარა იყო, უფრო მთის კურორტებს ვანიჭებდი უპირატესობას, რის შემდეგაც ზღვაზე მივდიოდით ხოლმე. ახლა, ვინაიდან ჩემი სამსახური ბათუმში მდებარეობს, თბილისიდან
გასვლა საკმაოდ ადრე მიწევს და უკვე მეორე წელია, დაახლოებით სამ თვეს ვატარებთ ზღვაზე.

- სამსახური ახსენე, სად მუშაობ?
- ერთ-ერთი სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ, სეზონზე ივნთების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-გაკეთებაც მევალება, ამიტომ ზაფხულში ძირითადად იქით ვართ, თბილისში სერიალის გადაღებებისთვის ჩამოვდივარ ხოლმე. კიდევ კარგი, მართა მგზავრობას კარგად იტანს და პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს. როცა ბათუმში ვართ, ვცდილობ მართა იქაც დაკავებული იყოს წრეებით, დამყავს ცურვაზე, ხატვაზე, ინგლისურსა და რუსულზე, ამ სამ თვეში რომ არ დაავიწყდეს და ცოდნა განამტკიცოს, ზაფხულშიც ვსწავლობთ. დილით - ზღვა, შემდეგ - დასვენება, მერე - მეცადინეობა, საღამოს კი - ისევ ზღვა და გართობა, - ასეთია მართას რეჟიმი.

- საქართველოში ბევრი
კურორტი ნამდვილად კარგად გაკეთდა, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება იქ დასვენება, რომ იმავე ფასად შესაძლებელია საზღვარგარეთ წასვლა... თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- კი, ნამდვილად ასეა, მით უმეტეს, უკვე უვიზო მიმოსვლით შეგვიძლია ვისარგებლოთ, აღარაა საჭირო საელჩოში შესვლა, ვიზის ლოდინი და ა.შ. ვისაც ამის დრო აქვს, მართლა შეიძლება იმავე ფასად დაისვენო უცხოეთში, რაც აქ დასვენება დაგიჯდება. თურქეთში და ევროპის ქვეყნებშიც მოინახება ისეთი ადგილები, სადაც ხელსაყრელ ფასად შესაძლებელია დასვენება, ბევრი კარგი ტურისტული კომპანია გვთავაზობს ხელმისაწვდომ პაკეტებს და თუ თადარიგს დაიჭერ და ცოტა ადრე დაგეგმავ ზაფხულს, კიდე უფრო ნაკლებ ფასად შეიძენ ბილეთს.

- რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და მომსახურების სფეროს, ამასთან დაკავშირებითაც ისმის ხოლმე პრეტენზიები ქართულ კურორტებთან მიმართებაში...
- ამ ბოლო დროს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველო ძალიან განვითარდა, მაღალი კლასის სასტუმროები გვაქვს, კარგი პირობებითა და კვებით, მაგრამ საშუალო ფენისთვის ფასები ძალიან მაღალია და ესაა მთავარი პრობლემა. ბავშვს 2 დღით ვერ გაიყვან ქალაქიდან. მინიმუმ 10 დღე რომ ასეთ სასტუმროში დაისვენო, საკმაოდ დიდ თანხებზე ახვალ. თუმცა, ამას გარდა ასევე არის საოჯახო სასტუმრეობი, ე.წ. „გესთჰაუსები“, სადაც შედარებით დაბალი ფასებია და აქ უფრო შეიძლება ნორალურ ფასად დასვენება. ჩემს შემთხვევაში, მე ბათუმში რაღაც-რაღაცებში ფული არ მეხარჯება, აქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს, მიწყობენ ხელს ბავშთან დაკავშირებით, დატოვების პრობლემა არ მაქვს, ხან მე მცალია, ხან მათ და ასე ვეხამრებით ერთმანეთს.
mshoblebi
- როგორ ფიქრობ, დაახლოებით რამდენია საჭირო იმისთვის, რომ ზაფახულში ნორმალურად დაისვენო?
- გააჩნია მოთხოვნილებებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ხართ ოჯახში, რამდენი ბავშვი გყავთ, სად მიდიხართ, თან მიგყავთ თუ არა ძიძა და ა.შ. ჩვენს ბავშვობაში დასვენება საკმაოდ იაფი იყო და ალბათ ამიტომაც ახერხებდნენ ჩვენი მშობლები, რომ მთაშიც წავეყვანეთ ყოველ ზაფხულს და ზღვაზეც, დღეს კი ამის ფუფუნება ბევრს არ აქვს. შეიძლება ბავშვი სოფელში წაიყვანო ბებოსთან და 300 ლარი დაგეხარჯოს, მაგრამ თუ ძვირად ღირებულ სასტუმროზე გააკეთებ არჩევანს, 5000 ლარიც შეიძლება დაგიჯდეს. პირადად მე ისე გავიზარდე, სოფელი არ მქონია, სამწუხაროდ, ჩემს შვილსაც არ ა ქვს სოფელი. მე ჩემს ბაბუდას დავყავდი ხოლმე რაჭაში 2 თვით და მერე მივდიოდი ზღვაზე, იმ პერიოდში ასევე ძალიან აქტუალური იყო ბორჯომი, ცემი და იქაც დავდიოდით, როცა პატარა ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა და მეც დაკავებული ვარ, ამხელა გზაზე წასვლას ვერ ვახერხებდი და კოჯორზე ვაჩერებდი არჩევანს, თუმცა კოჯორშიც ძალიან ძვირია დასვენება.ვინც მუშაობს და ვერ ახერხებს შორს გასვლას, ახლომდებარე ადგილებში ცდილობს შვილების გაყვანას, მაგრამ კოჯორში, წყნეთში ისეთი ფასები აქვს სახლებს, რეალობასთან ახლოსაც არაა... თუმცა, ვიღაცას აქვს საშუალება და ქირაობს. ბოლოს რომ მინდოდა ქირაობა, 5000 დოლარი მითხრეს და ძალიან დიდ სისულელედ ჩავთვალე ამხელა თანხის გადახდა. შემოსავალი რომ მქონდეს თვეში 15000, მაშინ კიდევ შეიძლება გადავიხადო ამდენი, ამხელა შემოსავალი ალბათ ერთეულებს აქვთ და მათთვის პრობლემა არაა ეს თანხა.
ვისაც აქვს სოფელი, ვფიქრობ, ბავშვისთვის იქ დასვენება ძალიან კარგია. სოფელში ბავშვი სხვანაირად ვითარდება, ბევრ რამეს სწავლობს, იქ სულ სხვა ურთიერთობებია, იღებს ნატურალურ პროდუქტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არაჩვეულებრივად მახსენდება ის პერიოდი, რასაც სოფელში ვატარებდი ხოლმე ნათესავებთან. დიდი სურვილი მაქვს პატარა სოფელი შევიძინო რიკოთთან ახლოს, ვგიჟდები იქაურობაზე, ძალიან მინდა, თუნდაც ღორეშაში მქონდეს პატარა სახლი. როცა იღლება ადამიანი, სიმწვანის მოთხოვნილება უჩნდება და მეც მინდა პატარა სახლი მქონდეს, სადაც ჩავალ და განვიტვირთები.

მე როცა გარდატეხის ასაკში ვიყავი, მერიის დაქვემდებარებაში იყო ძალიან კარგი საზაფხულო ბანაკები. მზრუნველობამოკლებული ბავშვები მიჰყავდათ ხოლმე ცხვარიჭამიაში, ბაკურიანში, ურეკში. 15 წლის, უკვე ბავშვთა ფედერაციაში ვმუშაობდი და ამ ბანაკებში კულტურული ღონისძიებების ხელმძღვანელი ვიყავი, რამდენჯერმე მომიწია ბანაკში წასვლა და ლიდერიც გავხდი, მერე უკვე ბავშვთა ფედერაციაში ლიდერებს ვამზადებდი, მათი ტრენერი გახლდით. ამ ბანაკებმა იმხელა გამოცდილება მომცა და იმდენი რამე დამანხა, ვერც გადმოვცემ. დღემდე მომყვება ის ემოცია. წარმოიდგინე, ბავშვთა სახლებიდან დასასვენებლად მიგვყავდა ბავშვები, ზოგიერთ მათგანს ზღვაც კი არ ჰქონდა ნანახი, მათთვის ის ორი კვირა დაუვიწყარი იყო ხოლმე და ისეთ წერილებს გვიტოვებდნენ, მთელი წელი მათ ნაწერებზე ვფიქრობდით. ამ ყველაფერმა საერთოდ სხვა შეხედულებები ჩამომიყალიბა, ყველა წვრილმანი მაბედნიერებდა, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ოჯახი მყავდა, მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ დამანახა და მასწავლა. დღევანდელ ბავშვებს თითქოს ეს ყველაფერი აკლიათ. ამიტომ ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, დიდი სიამოვნებით რამდენიმე ზაფხულს ბანაკში გავუშვებ, რადგან თავის თვალით ნახოს ეს. პიროვნულ განვითარებაში ასეთი რაღაცები ძალიან ეხმარება ადამიანს, მარტო ის არაა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდე და სელფები გადაიღო, მეტი ფასეულობები და ღრმა შინაგანი სამყარო უნდა გქონდეს ადამიანს.

ქეთა ლორთქიფანიძე:
mshoblebi
- წელს მშენებლობა მაქვს და დასასვენებლად არ მივდივართ.

- რას აშენებთ, გვეტყვით?
- მშენებლობა, მგონი ცოტა ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდა, გორში ვაკეთებთ ოჯახურ რესტორანს, გვინდა ამ ზაფხულს გვქონდეს პრეზენტაცია და ამ საქმეებით ვარ ძირითად დაკავებული, ამიტომ არ მგონია, წელს, სადმე წასვლა მოვახერხო.

- მაშინ წინა წლების გამოცდილებაზე ვისაუბროთ, ძირითადად ზაფხულის რომელ პერიოდში გადიხართ ხოლმე დასასვენებლად?
- როცა მაქვს ფული და დრო, მაშინ გავდივართ დასასვენებლად, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს (იღიმის). შვებულებას და ფულს ერთმანეთს ვამთხვევ და ასე ვისვენებ, რისი საშუალებაც მაქვს, იმის მიხედვით ვგეგმავ ცხოვრებას და მათ შორის ზაფხულს.

- მთის კურორტებზე აკეთებთ ხოლმე არჩევანს თუ ზღვაზე? და რამდენად კმაყოფილი ხართ საკურორტო ინფრასტრუქტურით?
- მე საერთოდ ვცდილობ, წავიდე იქ, სადაც ნაკლები ინფრასტრუქტურაა, დასვენება მიყვარს სიმშვიდეში და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში. უკვე 12-13 წელია ერთსა და იმავე ადგილას, ციხისძირში დავდივარ დასასვენებლად, უკვე როგოც საკუთარ ოჯახში, ისე ჩავდივარ.

- ხშრად ამბობენ, რომ საქართველოში დასვენება საკმაოდ ძვირი ჯდება, ხარჯებით თითქმის უტოლდება საზღვარგარეთ დასვენებას...
- კი, ასეა, მსმენია და გამომიცდია კიდეც, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენთან შესაძლებელია იაფად დასვენებაც და ძვირადაც, გააჩნია შენ რაზე გააკეთებ არჩევანს. ყველამ ვიცით, რომ დასვენების სეზონზე, კურორტებზე ფასები საკმაოდ იწევს მაღლა, იმ ადგილებშიც კი საკმაოდ ძვირია ბინის დაქირავება, სადაც ინფრასტრუქტურა მაინცდამაინც არაა გამართული, მაგრამ მოდი, იმ ადამიანებისაც გავიგოთ, ვინც მთელი წელი ამ სეზონს ელოდებიან და შემდეგ მთელი წელი ამ შემოსავლით უნდა იცხოვრონ. ჩვენც მთელი წელი ვმუშაობთ და ზაფხულში დასვენება გვინდა, ჩვენიც გასათვალისწინებელია?! მგონი ეს უკვე სახელმწიფოს პრობელმაა და არა კონკრეტულად კურორტების და იქ მაცხოვრებლების...
ციცი ომანიძე

32870
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
არც თბილისელები აკლებთ, ატკავებტ იქ ჩასულ სტუდენთებს ისეთ ფასებში აქირავებთ მიწურებს, ასე რომ არ უნდა გიკვირდეთ. ჩვენ რა გავაკეთოთ ჩვენ ვინც არც თბილისში ვცხოვრობთ და არც საკურორტო ზონაში, ჩჰვენ შვილებს დასვენების შანსიც არ აქვთ
17:40 / 27-07-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?