მშობლები, რომლებიც ბავშვებს წიგნების კითხვას არ აიძულებენ, კითხვისმოყვარულ მოზარდებს ზრდიან არდადეგების დროს ბევრი მშობელი ცდილობს, შვილს მაქსიმალურად მეტი წიგნი წააკითხოს. მშობლების მონდომებას ბავშვები უინტერესოდ ხვდებიან. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ თუ ბავშვს მშობელი აიძულებს მხატვრული ლიტერატურა იკითხოს, მოზარდს სრულიად უქრება მის მიმართ ინტერესი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში წაიკითხავს, თუ ხელში საინტერესო წიგნი ჩაუვარდება. გაგიკვირდებათ და ხშირად, მშობლები, რომლებიც ბავშვებს წიგნების კითხვას არ აიძულებენ, კითხვისმოყვარულ მოზარდებს ზრდიან.
ვეცდებით, ავხსნათ კითხვასთან დაკავშირებული ფსქიქოლოგიური გარემოებები:
რეაქცია იძულებაზე
თუ გსურთ ბავშვს რაიმე შეაძულოთ, დააძალეთ მისი კეთება.
როცა ბავშვი კითხვას სწავლობს, ნუ აიძულებთ იკითხოს სწრაფად და უშეცდომოდ. ნუ შეარქმევთ დამამცირებელ მეტსახელს. ნუ დაუყვირებთ ან მოსცხებთ. გაიხსენეთ, როცა ბავშვი სწორად კითხულობს, აქებთ? თუ მხოლოდ სჯით ან ამცირებთ, მას აღარ მოუნდება კითხვის გაგრძელება. გაბრაზდება, ეწყინება და მორალურ ზიანს მიიღებს. ქვეცნობიერად კი კითხვა ტანჯვას გაუთანაბრდება.
თუ ბავშვს აიძულებთ წაიკითხოს 10 ფურცელი და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებთ ეზოში ან მულტფილმების საყურებლად, ბავშვი იძულებული ხდება დაძლიოს ზეწოლა, მაგრამ კითხვა არ შეუყვარდება. მომავალშიც, წიგნი რომ მიაწოდოთ, უარყოფითი მოგონებები მის მიმართ სიძულვილს გაუჩენს.
რატომ არ უყვართ ბავშვებს კითხვა?
პასუხი მარტივია - იძულება ინტერესის არქონის დროს. დაკვირვებიხართ, ძველად ოროსნებს ქამრით სცემდნენ, მაგრამ შველოდა? არასდროს! მაგრამ ჰკითხეთ წარჩინებულ მოსწავლეებს, აიძულებენ მათ მშობლები სწავლას? არა. უბრალოდ, ინტერესს უღვივებენ და ეხმარებიან ყურადღების კონცენტრირებაში, დროის განაწილებაში, სირთულეების დაძლევაში, კარგი ნიშნის მიღების ემთხვევაში კი აქებენ.
თუ ბავშვის მეცადინეობის დროს მის მიერ დაშვებულ შეცდომას ყვირილით ხვდებით ან უარესი, წამოარტყამთ კიდეც, მისგან კარგ შედეგს ვერასდროს მიიღებთ. მთავარია, ბავშვი დააინტერესოთ.
როგორ დავაინტერესოთ ბავშვი?
ბავშვების უმეტესობას აინტერესებს სეირნობა, თამაში, ჭამა და ძილი. დასვით კითხვა: რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა თავად მოინდომოს კითხვა ან ინტერესი გაუჩნდეს სწავლისადმი? ინტერესი! ცნობისმოყვარეობა! სიამოვნება პროცესისგან! ახალი შთაბეჭდილების მიღება! აი, რა უნდა სურდეს მას, მაგრამ, როგორ? თუ თავად მას კითხვას აიძულებთ და თავად ტელევიზორის საყურებლად მიდიხართ, არასწორად იქცევით და ბავშვსაც ვერ დააინტერესებთ კითხვით.
დაიწყეთ მცირედით: წაუკითხეთ პატარას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თავად ჯერ არ ლაპარაკობს. როცა კითხვის ასაკი დაუდგება, გამონახეთ დღეში 1 საათი კითხვისთვის. ეს შეიძლება იყოს ძილის წინ ან სადილობის შემდეგ. იკითხეთ ბავშვთან ერთად მორიგეობით, შეცვალეთ როლები, ინტონაციები. კითხვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ ორივეს. მიმართეთ ფსიქოლოგიურ სახალისო მომენტს: როცა ბავშვი ასოებს უკვე სცნობს და კითხვას ცდილობს, ერთად, ხმამაღლა კითხვის დროს საინტერესო მომენტში გაწყვიტეთ კითხვა. დატოვეთ ბავშვი წიგნთან მარტო. გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდით და ჰკითხეთ; მომიყევი ერთი რა მოხდა, ძალიან მაინტერესებს. იკითხეთ ბავშვის თანდასწრებით. ის უნდა მიხვდეს, რომ კითხვა საინტერესო პროცესია. თუ ბავშვი კომიქსებს მაინც კითხულობს, უკვე მიღწევაა. შეიძინეთ მისთვის საბავშვო ჟურნალები, მაგალითად "საბავშვო კარუსელი", სადაც პატარ-პატარა ტექსტებია და სათამაშო აქტივობებსაც ტესტური განმარტება ახლავს. მოაწყვეთ მცირე ბიბლიოთეკა მის ოთახში. ან თაროზე გამოუძენეთ ადგილი მის წიგნებს. ერთად ეწვიეთ წიგნის მაღაზიას. ერთად შეარჩიეთ მისთვის და თქვენთვის წიგნები. თუ სურვილი ექნება, ჩაწერეთ ბიბლიოთეკაშიც. არასდროს აიძულოთ, წაიკითხოს წიგნი, რომელიც მოსაბეზრებელია მისთვის. მთავარია, არ დააძალოთ კითხვა და ცოტა ხანში ბავშვი თავად გამოთქვამს ინტერესს მისთვის მისაღები ჟანრისადმი (დეტექტივი, ფანტასტიკა, ფენტეზი, თავგადასავალი).