ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება
ხარისხიანი ქვაბის გარეშე ჯანსაღი კერძი ვერ მომზადდება. თანამედროვე მწარმოებლები ქვაბების ფართო ასორტიმენტს გვთავაზობენ - ყველაზე უარესიდან საუკეთესომდე, მთავარია, ვიცოდეთ, რომელი მასალისგან დამზადებული ქვაბია უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული.
ალუმინის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
არ არსებობს სამზარეულო, სადაც ალუმინის ქვაბში არ ხარშავდნენ პროდუქტებს. ის ხელმისაწვდომი და მრავალწლიანია. კარგად ინახავს სითბოს, მსუბუქია. თუმცა, მალევე კარგავს ფორმას, ბზინვარებას. მასში არ შეიძლება მზა კერძის შენახვა და არ არის სასურველი მასში საბავშვო კერძების მომზადება.
გახსოვდეთ, რომ ალუმინის ქვაბში მომზადებული კერძი სწრაფად იწვება და მჟავე პროდუქტების მომზადებისას გამოჰყოფს ტუტოვან ნივთიერებას, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
თუ მაინც გადაწყვეტთ მის შეძენას, უმჯობესია, სქელძირიანი ალუმინის ქვაბს მიანიჭოთ უპირატესობა.
მომინანქრებული ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
მომინანქრებული, ე.წ. "ემალირებული, ქვაბები ლამაზია. არ დეფორმირდებიან და მასში სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ რძეს, ფაფასა და მაკარონს ძირსა და გვერდებზე იკრავენ. ის საკმაოდ ძვირი ღირს და ვერ უძლებს დარტყმას, დავარდნას. ქვაბი, რომელსაც მინანქარი ასძვრა, კერძის მოსამზადებლად აღარ უნდა გამოიყენოთ. ასევე გახსოვდეთ, რომ ის ვერ უძლებს ტემპერატურის სწრაფ ცვლილებას და მინანქარი სკდება.
ყიდვამდე კარგად დაათვალიერეთ მინანქრის ქვაბი. თუ მასში ბზარს ან ნაკაწრს აღმოაჩენთ, აღარ შეიძინოთ.
მომინანქრებული ქვაბის კედლის სისქე 0,8 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
თუჯის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
თანამედროვე ქვაბებმა თუჯი განდევნეს სამზარეულოდან, მაგრამ ზოგიერთ ოჯახებში მას დღემდე იყენებენ. ის იდეალურია პროდუქტის მოთუშვისა და მოხარშვისთვის. არ დეფორმირდება, არ უჩნდება ნაკაწრები. მასში მომზადებული საკვები გაცილებით გემრიელია. მინუსი ის აქვს, რომ მძიმეა. გახსოვდეთ, რომ თუჯის ქვაბს დაჟანგვისკენ აქვს მიდრეკილება და გამოყენების შემდეგ ის კარგად უნდა გაამშრალოთდა ზეთი (მზესუმზირის, ზეითუნის) წაუსვათ. ამასთანავე, მინისზედაპირიან ქურებზე მისი გამოყენება არ შეიძლება.
შეძენისას დააკვირდით სიმძიმეს. თუ მსუბუქია, უხარისხოა. სადილის მომზადების შემდეგ ქვაბი მომენტალურად გარცეხეთ. მას არ უყვარს აგრესიული ქიმიური საშუალებები და ჩალბობა.
ცეცხლგამძლე კერამიკის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
მიმზიდველი იერი აქვს, მარტივად ირეცხება. მასში შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი, ფაფა, რაგუ და სხვა კერძები, რომლებსაც მოთუშვა არ სჭირდებათ. მომზადების შემდეგ ნელა ცივდება. უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის მოსამზადებლად. ერთადერთი მინუსი აქვს - სუსტია. ვერ უძლებს დარტყმას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, შეიძლება დასკდეს. ფასითაც საკმაოდ ძვირია.
ცეცხლგამძლე მინის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
თუ სამზარეულო მოდის მიმდევარი ხართ, მინის ქვაბი თქვენთვისაა განკუთვნილი. მარტივად ირეცხება, თუმცა, მოფრთხილება მასაც სჭირდება, რომ არ გაიბზაროს. შეგიძლიათ ღია ცეცხლზეც შემოდგათ; უძლებს გაზის და მიკროტალღურ ღუმელსაც. არ მოსწონს უხეში წმენდა-რეცხვა. უარყოფითი თვისება ის აქვს, რომ უამრავ პროდუქტს იკრავს; ცხიმზე მომზადების დროსაც კი.
თუ კარგად მოუვლით, საკმაოდ დიდხანს მოგემსახურებათ, მაგრამ თუჯს ვერ შეედრება.
უჟანგავი ფოლადის ქვაბის ღირსება და ნაკლოვანება
ბოლო დროს მეტად პოპულარული გახდა. გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, ადვილად ირეცხება, დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს პირვანდელ იერს; არ დეფორმირდება და რეაქცია არა აქვს ტემპერატურის ცვლილებაზე.
მინუსი ის აქვს, რომ მარილზე ცუდად რეაგირებს. თუ მასში რაიმე დამარილებულს შეინახავთ, გვერდები გაუმუქდება. აგრეთვე, სწრაფად უჩნდება ნაკაწრები. ცუდად იტანს ქიმიურ საწმენდ საშუალებებს, შეიძლება ყვითელი ლაქებით დაიფაროს. თუ მისი ყიდვა გადაწყვიტეთ, შეამოწმეთ, კედლის სისქე 0,6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. რათა, კერძი კედლებზე არ მიეკრას.