მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები გვაქვს, ადგილობრივი - არა ჩვეულებრივ, ზაფხული მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება. მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, ამ სეზონზე დამსვენებლები ძირითადად ზღვის, მდინარის, ტბისპირა რეგიონებს ეტანებიან. წყალთან სიახლოვეს, ხშირ შემთხვევაში, კოღოების სიმრავლე ახლავს თან. როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან, ამ თემაზე mshoblebi.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.
-ბატონო პაატა, ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნაწილი კოღოების სიმრავლეს უჩივის. რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ მათ?
-ვინც წუხდება უნდა წაისვას რეპელენტები, დამაფრთხობლები, რომ არ შეწუხდნენ. წაისვამენ ამ საშუალებებს და კოღოები აღარ უკბენენ. დამაფრთხობლები იყიდება აფთიაქებში და ტურისტულ მაღაზიებში.
-რა სახით არის?
-ყველანაირია - ლოსიონი, სპრეი, კრემი... ასევე ფანჯრებსა და კარებზე უნდა დაამაგრონ მწერებისგან დამცავი ბადეები. ეს სამხრეთის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია.
-ხალხური მეთოდების შესახებ რას იტყვით? ამბობენ, სადაც კაკლის ფოთლოვანი ტოტებია, თითქოს, იმ ადგილს კოღო არ ეტანება.
-ხალხური მეთოდების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით. ვცადე და არ გამომივიდა, მე ამას რეკომენდაციას ვერ გავუწევ.
-როგორ უნდა მოუარონ მოქალაქეებმა კოღოს ნაკბენს?
-თუ ადამიანი ალერგიულია და დიდი რეაქცია მისცა, რაიმე ანტიალერგიული უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში, კოღოს ნაკბენს არანაირი მოვლა არ სჭირდება.
-თუ გამოვლინდა მალარიის შემთხვევები?
-მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები გვაქვს, ადგილობრივი - არა. საქართველოში მალარიის 3-4 შემოტანილი შემთხვევა ვლინდება წელიწადში. ადგილობრივი მალარია უკვე 5 წელია აღარ გვაქვს.
-ასევე საუბრობენ, რომ კოღოები საქართველოში შემოსულ მეორად საბურავებს მოჰყვებოდა მრავლად.
-კოღოები საბურავს არ მოჰყვება, საბურავში ადვილად მრავლდება. საბურავს რომ დააგდებ, წყალი დაგროვდება, მერე, საბურავი გაცხელდება, წყალი თბილია და იქ კოღო კარგად მრავლდლება. ამიტომ, საბურავს გარეთ თუ არ დააგდებთ, ან დაგდებულს თუ რაიმეს გადააფარებთ, კოღო აღარ გამრავლდება. თუკი ეზოში პატარა გუბე, ტბორი გაქვთ და მას მიწას მიაყრით, არც ასეთ შემთხვევაში გამრავლდება კოღო. ორღობეებში, არხებში წყალი თუ მოძრაობს, კოღო არ გამრავლდება, წყალი თუ გაჩერდა მაშინ გამრავლდება. ამიტომ ყველამ რომ თავისი სახლის წინ მონაკვეთი გაწმინდოს, კოღო აღარ გამრავლდება. ეს კოღო მე კი არ მიკბენს, იმას უკბენს, ვის სიახლოვესაც გამრავლდება.
-როგორი ვითარებაა წელს შავი ზღვისპირეთში?
-ძალიან კარგი ვითარებაა. ასეთი წყნარი ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა ყველა მიმართულებით. მათ შორის, მწერების მხრივ, რადგან ივნისში დამუშავდა და ახლა აგვისტოში მეორეჯერ დამუშავდება შავიზღვისპირეთი. კოღოს ბუნებაში ვერავინ მოსპობს. სადეზინსექციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს იქ, სადაც საჭიროა.
- რა დაავადებები გადააქვს კოღოს?
- ჩვენთან მალარია. ისე სხვაგან შეუძლიათ დენგეს, ზიკას, ყვითელი ცხელების, ჩიკუნგუნიას, დასავლთ ნილოსის ცხელების და ა.შ.
ანა მარშანია