გმირი და დაუფასებელი ადამიანების რეალური ცხოვრება - რას ნიშნავს საქართველოში მეხანძრეობა
გმირი და დაუფასებელი ადამიანების რეალური ცხოვრება - რას ნიშნავს საქართველოში მეხანძრეობა
თავის დროზე, როცა სახანძრო სამსახურში ვაკანსიის საფუძველზე მიიღეს,  სამი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვდნენ - ცეცხლის, სიმაღლის და მიცვალებულის არ უნდა შეშინებოდა. უკვე ორი წელია, რაც მეხანძრე აღარ არის. სამი წლის მუშაობის შემდეგ ამ პროფესიას თავი საკუთარი ნებით დაანება და ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად.

ყოფილი მეხანძრე, ბექა ბარნაბიშვილი mshoblebi.ge-ს მისი კოლეგების, სამუშაო პირობებისა და პრობლემების შესახებ ესაუბრა.

- ჩემი აზრით, სახანძროში მუშაობის დროს ყველაზე მთავარი ჯგუფში მუშაობის უნარია. სახანძრო პატარა ოჯახია. ახლა,
როცა ჩემი მეგობრები ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ძალ-ღონეს არ იშურებენ, მათზე განსაკუთრებულად ვნერვიულობ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი მეხანძრეები ძალიან დიდ და უაზრო რისკზე მიდიან პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას და კარგი იქნება, თუ საზოგადოება მეტ პატივისცემას გამოიჩენს მათ მიმართ. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სათანადო ტექნიკით არ არიან აღჭურვილნი და ხელფასითაც სათანადოდ არ არიან დაფასებულნი.  
mshoblebi
- აღჭურვილობის გამო საქმიანობაში პრობლემები ექმნებათ?
- კარგი იქნება, თუ ბიჭებს ინდივიდუალურ რაციას მაინც დაურიგებენ, რომ მუშაობის პროცესში ერთმანეთთან კონტაქტი შეეძლოთ და ვინმეს შველა რომ დასჭირდეს, უპატრონოდ არ მოკვდეს სადმე ხანძარში. გაუგონარი რამაა, როცა ეკიპაჟში რაცია ერთი ცალი აქვს ათმეთაურს და ერთიც - ოცმეთაურს. ამ პრობლემაზე მე პირადადად ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპიზოდად 13 ივნისის ღამე
მახსენდება. მაშინ მაშველი მეხანძრეები ერთმანეთთან კონტაქტს რაციის არქონის გამო ვერ ახერხებდნენ. იყო ასევე ერთი შემთხვევა, როცა ხანძრის დროს, ისევ და ისევ კონტაქტის არარსებობის გამო სახანძროს მძღოლმა წყლის დიდი წნევა ჩართო და ვერავინ გააგებინა, რომ დაეკლო. ამ შემთხვევის გამო ჩემს თანამშრომელს მაღალი წნევისგან სახანძრო ლულა ხელიდან უვარდებოდა. როგორც ვიცი, პრობლემები, პრობლემებად დარჩა და ჩემს მეგობრებს ისევ ისეთ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
mshoblebi
- ძალიან გახშირდა ხანძრები. ასეთ რეჟიმში მუშაობა ალბათ ძალიან პრობლემატურია?
- თბილისი ყოველდღე იზრდება, სახანძრო ნაწილების რაოდენობა კი იგივე რჩება. ქართველი მეხანძრეების აღჭურვილობა ცეცხლის სიღრმეებში შესვლის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს აღჭურვილობა მინიმალურია. მეხანძრის ჟანგბადის ბალონების დამტენი მინიმუმ 3 ადგილას მაინც უნდა იყოს თბილისში, რეალურად კი მხოლოდ ერთგანაა - ორთაჭალაში.

ბექა ბარნაბიშვილი არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ფაქტორად საზოგადოების მეტ ინფორმირებულობაზეც მიანიშნებს და ამბობს, საზოგადოებასაც მეტი ინფორმაცია სჭირდება, რათა თავისდაუნებურად სახანძრო სამსახურის მუშაობისთვის ხელისშემშლელი არ გახდეს. ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ ჰიდრანტებზე მანაქანები არ გააჩერონ. ჰიდრანტი არის იგივე ონკანი, სადაც მეხანძრე მიდის ავზის ასავსებად. ონკანი რატომღაც მიწის ქვეშაა, ხალხმა ეს არი იცის და ონკანი პარკირების ქვეშ ექცევა. სწორედ ამ ონკანზე უნდა შეაერთო მილი და მერე აავსო ავზი. იქ  ძალიან დიდი წნევაა და წყლის მოპოვების პროცედურა საკმაოდ რთულია.
გარდა იმისა, რომ ყველა მეხანძრის საქმიანობა სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გავლას გულისხმობს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის პრობლებიც ძალიან ხშირია. უმრავლესობა დამწვრობისა და სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის მოტეხილობის ფაქტებია.

- მოქალაქეს სახანძრო სამსახურის მოსვლამდე რით შეუძლია თავი დაიცვას?

- პირველი ნაბიჯი აუცილებლად უსაფრთხო ადგილას გადაადგილება და 112-ზე დარეკვაა. თუ ამის საშუალება არ არის, ვურჩევ, რაც შეიძლება ახლოს ჰქონდეთ სახე იატაკთან, რადგან ბოლი მაღლა მიდის და ძირს ჟანგბადი ყოველთვის მეტია. ასე დახრილებმა უნდა სცადონ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადასვლა.  
ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ხანძარი ინდივიდუალურია და კონკრეტული რჩევის მიცემა რთულია. 

- ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გადაგირჩენიათ... მადლობის სათქმელად თუ გამოგხმაურებიათ მოგვიანებით ვინმე? 
- იმ მომენტში, როდესაც ვინმეს გადაარჩენ, რა თქმა უნდა, არ აქვთ მადლობის გადახდის თავი, თუმცა ერთი ასეთი შემთხვევა იყო: ქალი ცუდად გახდა, სახლში ფანჯრიდან შევედით და სასწრაფოს გავუღეთ კარი. რამდენიმე დღეში მთელი ნაწილისთვის ლანჩი მოგვიტანა მანქანამ და გვითხრა, რომ იმ ოჯახისგან იყო.
რუსკა კილასონია
2452
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```