პლასტილინი საუკეთესო საშუალებაა მცირე მოტორიკის გასაუმჯობესებლად, სენსორული შესაძლებლობებისა და ფანტაზიის განვითარებისთვის პლასტილინი საუკეთესო საშუალებაა მცირე მოტორიკის გასაუმჯობესებლად, სენსორული შესაძლებლობებისა და ფანტაზიის განვითარებისთვის. როდის შეძლებს ბავშვი ძერწვას და როგორი პლასტილინი უნდა შეარჩიოთ.
პლასტილინი ბავშვებისთვის ასაკის მიხედვით
დედებს სურთ, ბავშვები ლამის ჩვილობიდან განავითარონ. ასწავლიან ხატვას, ძერწვას. წლამდე ბავშვი ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს და შეუძლია, ძერწვის დროს, პლასტილინი პირში ჩაიდოს. თუ გსურთ, რომ ეს პროცესი ბავშვისთვის უვნებელი იყოს, საძერწი წყლის, მარილისა და ფქვილისგან მოუმზადეთ. ბავშვმა ასეთ შინაურულ პლასტილინს გემო რომც გაუსინჯოს, მარილი არ მოეწონება და აღარ ჩაიდებს პირში.
2 წლიდან ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ სპეციალური რბილი პლასტილინი. ის მეტად მოსახერხებელია პატარისთვის. შეინახეთ კონტეინერში მჭიდროდ თავდახურული. თუ პლასტილინი ოდნავ შეშრა, ან გახმა, ცოტა წყალი დაასხურეთ.
3-4 წლის ბავშვს შეგიძლიათ ცოტა მაგარი პლასტილინიც ანდოთ. რომელსაც სპეციალური დანით დაჭრის. უმჯობესია, პლასტილინთან მუშაობისას ბავშვს სპეციალური დიდი დაფა და საჭრელები შესთავაზოთ. ამგვარად სხვადასხვა ფიგურის გამოძერწვა ბავშვს უფრო გაუადვილდება. თანაც, სამოსი და იატაკი აღარ დაგესვრებათ.
დაწყებითი კლასის მოსწავლებს შეგიძლიათ საძერწად თაბაშირი, სხვადასხვა ფორმა და ფერის საღებავი შესთავაზოთ. ბავშვს შეეძლება თაბაშირიდან სხვადასხვა ფორმა გააკეთოს და თავადვე შეღებოს იგი. არსებობს პოლიმერის თიხა, რომლის ღუმელში გამოწვა შესაძლებელია.
პლასტილინის ფიგურები ბავშვებისთვის
სანამ პატარამ ფიგურების გამოძერწვა არ იცის, პლასტილინით ხატვა შესთავაზეთ. პლასტილინს სოსისის ფორმა მიეცით და მუყაოზე დაახატინეთ ყვავილი, მანქანა და ა.შ. ან მუყაოზე მოხატეთ ხე, მზე, ღრუბლები და დამრგვალებული პატარა პლასტილინის ბურთულებით ბავშვს მათი შევსება დაავალეთ.
ნუ ეცდებთ, ბავშვს გამოაძეწინოთ სტანდარტული ფიგურები. პირიქით, თავისუფლება მიეცით, რაც ფანტაზიის განვითარებაში დაეხმარება.
თუ ბავშვს ძერწვა მოსწონს, ეს შესამჩნევი იქნება. ხოლო, თუ პლასტილინისადმი ინტერესს არ ამჟღავნებს, ნუ დააძალებთ. საშუალება მიეცით სხვა შემოქმედებით საქმიანობაში მოსინჯოს საკუთარი ძალები.