გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ ძლიერი ქარი დაგვატყდა თავს გაუსაძლისი სიცხეების შემდეგ ძლიერი ქარი დაგვატყდა თავს. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, რომ ბავშვები მაინც თამაშობენ ეზოში, პატარებსაც კვლავინდებურად ასეირნებენ გარეთ. პედიატრ მზია აბესაძის თქმით, ქარი ძირითადი გადამტანია ინფექციების, ამიტომ ქარიან ამინდში ბავშვის გარეთ ყოფნას გარკვეული რეკომდაციების გათვალისწინება სჭირდება.
მზია აბესაძე:
- ზოგადად სუფთა ჰაერზე სეირნობა ბავშვისთვის აუცილებელი და სასარგებლოა ! ქარიან ამინდში კი ბავშვების გასეირნება (განსაკუთრებით ნულიდან ერთ წლამდე) შეიძლება ითქვას, რომ აკრძალულია! ქარი არის ძირითადი გადამტანი ჰაერწვეთოვანი გზით გამავრცელებელი ინფექციების... თუ ბავშვი მაინც მოხვდა ქარიან ამინდში, მაშინ მშობელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ბავშვი სათანადოდ დაცული იყოს! ქარი ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივებას და არ არის აუცილებელი ბავშვის შეფუთვა.ჰაერის ტემპერატურაც როგორიც არის, იმის შესაბამისად უნდა იყოს ჩაცმული. ჩვილ ბავშვებს სეზონის შესაბამისი ქუდი უნდა ეხუროთ ყურების დასაცავად...
პატარას გასეირნება წვიმაში, თოვლში და ყინვაშიც კი შეიძლება, თუმცა უნდა ეცვას ადეკვატურად და სათანადო ზომები უნდა იყოს მიღებული ბავშვის დასაცავად. წვიმაში ბავშვი შეიძლება ისეთ ეტლში ჩავსვათ, რომ არ სველდებოდეს. როცა აუცილებლობა მოითხოვს, თორემ წვიმაში სეირნობა სავალდებულო არ არის... თუ ძალიან დიდი ყინვაა, ნულიდან ერთ წლამდე ბავშვები საერთოდ არ გაჰყავთ სახლიდან, რადგან შეიძლება ორგანიზმის გადაცივება გამოიწვიოს... ყინვის დროს არ შეიძლება ნიღბის ან თბილი შარფის პირზე აფარება...
- ქარიან ამინდში რომელი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები უნდა იყვნენ მეტი სიფრთხილით?
- განსაკუთრებული სიფრთხილე იმ მშობლებს მართებს, რომელთა შვილები ხშირად ავადდებიან სასუნთქი გზების ინფექციებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაასეირნონ ასეთი ბავშვები ქარიან ამინდში, ეს უკვე კატეგორიული მოთხოვნაა!
მანანა გაბრიჭიძე