შეუძლია, ცხელი შოთის პური მთლიანად შეჭამოს? ზოგიერთი ბავშვი საერთოდ არ ჭამს ხილსა ბოსტნეულს. უპირატესობას კი პურსა და ორცხობილას ანიჭებს. შეუძლია, ცხელი შოთის პური მთლიანად შეჭამოს. საინტერესოა, შეიძლება თუ არა ორი წლის ბავშვისთვის პური და ორცხობილა?
თუ ბავშვი კარგად ინელებს, რატომაც არა, ჭამოს, მაგრამ, თუ მის გარდა არაფერს ჭამს, ეს ნამდვილად არასწორია.
თანამედროვე, თეთრი ფქვილისგან და საფუვრისგან დამზადებული პური მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო, ამიტომ წარა-მარა მის მიწოდებას ბავშვისთვის ნამდვილად არ გირჩევთ. განსაკუთრებით ეს ახალგამომცხვარ, თბილ და გამოუშრობ პურს ეხება. ის არამარტო ცუდად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, დატვირთვაა კუჭქვეშა ჯირკვლისთვისაც, რომელიც ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.
არავინ ამბობს, რომ პური არ აჭამოთ, უბრალოდ დესერტად, წასახემსებლად და გასართობად ნუ აქცევთ მათ. დაიცავით ზომიერება. პური 8 თვის ასაკიდან ერთვება ბავშვის მენიუში და ეცადეთ, ის ყოველთვის ნაკლებგაფუებული და მეორე დღის იყოს.
შედარებით უკეთესია ორცხობილა, თუმცა ჩვენთან პურის ორცხობილები თითქმის არ იყიდება - სინამდვილეში ეს დაძველებული და რეალიზაციიდან ამოღებული გახუხული ფუნთუშებია. მათ ბევრი საფუარიც აქვთ, ცხიმიც, შაქარიც და დღეობით დახლზე ნადებიც ჰიგიენის თვალსაზრისითაც არ არის საიმედო.
ასევე არასწორია პურის ჩაყრა წვნიანში. პურის მოკბეჩას და ღეჭვას გარკვეული ფუნქცია გააჩნია და ეს აქტივობა ბავშვმა არ უნდა გამოტოვოს. თუ ვერ კბეჩს, თქვენ დაუნაწევრეთ და აცადეთ, დაღეჭოს.
ბავშვი სრულყოფილად უნდა იკვებებოდეს. მის მენიუში უნდა იყოს: თევზი და ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული. თუ ყოველ ჯერზე სადილს თითო ნაჭერ პურს ატანს, ეს ნორმალურია.