არასოდეს ჩაუხშოთ ინიციატივა, როცა თქვენს დახმარებას ცდილობს ყველა მშობელმა იცის, რომ წერიგისადმი სიყვარული ბავშვს თავიდანვე უნდა ჩავუნერგოთ. მაგრამ ეს არც ისე ადვილია. როგორ უნდა აიძულო 2-3 წლის ბავშვი, რომ ყოველი თამაშის შემდეგ სათამაშოები მიალაგოს. ძალით ვერაფერს გააკეთებინებ, ლექციები და ნოტაციები ჯერ არ ესმის. მაშ, რა გამოსავალი გვრჩება? გამოცდილი მშობლები რამდენიმე ეფექტურ რჩევას გვთავაზობენ. მართალია, პატარებს ბევრი არაფერი ესმით, სამაგიეროდ გატაცებით ებმებიან თამაშებში. ჭკვიანმა დედებმაც ეს თავისებურება სასიკეთოდ გამოიყენეს და შედეგიც მიიღეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე თამაშს, რომელიც ბავშვს დალაგებას ასწავლის.
1. ამწე
2 წლის ბავშვს ეს თამაში ძალიან გაართობს. ვითომ თქვენი ხელი ამწეა, რომელიც სათამაშოს "კაუჭს" დაავლებს და თავის ადგილზე მიიტანს. ამ თამაშით ბავშვი სიხარულით ჩამოურბენს ძირს დაყრილ ნივთებს, ამწეთი აიტაცებს და სათამაშოების ყუთში ან თაროზე დააბრუნებს.
2. გაქცეული სათამაშო
3 წლის ბავშვს "ამწე" აღარ დააკმაყოფილებს, თან მობეზრდება კიდეც. სიახლეა საჭირო. საამისოდ რაიმე ისტორია შეთხზეთ. მაგალითად, როგორ გარბიან სათამაშოები არეული ოთახიდან. 3 წლის ბავშვი უკვე ყურადღებით ისმენს ამბებს და შთაბეჭდილების ქვეშაც ექცევა. ეს გატაცებაც უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, კითხვა ყველაზე საინტერესო ადგილზე შეწყვიტეთ და მხოლოდ მაშინ განაგრძეთ, როცა რამდენიმე სათამაშოს მაინც თავის ადგილზე მიიტანს.
3. სათამაშოების შემმოწმებელი
ამ თამაშში მამა უნდა ჩართოთ. ვითომ შემმოწმებელია. გამოცხადდება ძალიან სერიოზული სახითა და ფურცლით ხელში. "შეამოწმებს" სიის მიხედვით, ყველაფერი მოლაგებულია თუ არა და ბოლოში ხელს მოაწერს. მერე შვილს მიაწოდებს და ისიც მოაწერს ხელს.
ამ თამაშ-თამაშში, ბავშვს მილაგების ჩვევა გამოუმუშავდება. ნება მიეცით, ზოგჯერ სახლის დალაგებაშიც დაგეხმაროთ, მტვერიც გადაწმინდოს და მტვერსასრუტიც დაიკავოს ხელში. მართალია, ასე თქვენი დალაგება გაცილებით გვიან დასრულდება, მაგრამ არა უშავს, ამით უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ.
არასოდეს ჩაუხშოთ ინიციატივა, როცა თქვენს დახმარებას ცდილობს. რაც არ უნდა ხელს გიშლიდეთ, მაინც წაახალისეთ. დააწესეთ დალაგების გრაფიკი და რაც მთავარია, თავად არ დაარღვიოთ ის. მოზრდილ ბავშვს უკვე მაგალითი თავად უნდა უჩვენოთ. 2-3 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერია, რადგან ამ დროს ძალიან მოსწონს დამოუკიდებლად საქმიანობა.
თუ ბავშვი უკვე მოზრდილია და კატეგორიულ უარს აცხადებს თავისი ნივთების მილაგებაზე, გადამჭრელი ზომები მიიღეთ - გადაუყარეთ მიულაგებელი სათამაშოები. როგორც წესი, ერთი ასეთი "მწარე გაკვეთილი" საკმარისია ხოლმე.
რაც შეეხება მოზარდს, რომელიც საკუთარ ნივთებს არ უვლის, ასე უნდა დასაჯოთ: გადაიყვანეთ სრულ თვითმომსახურებაზე. უარი თქვით მისი ტანსაცმლის რეცხვასა და მოვლაზე. ოღონდ ეს ყველაფერი კონფლიქტის ფონზე არ უნდა მოხდეს. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რა ძნელია, როცა ვიღაც თავის მოვალეობას არ ასრულებს.