რაც მთავარია, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენთან ურთიერთობას ვერც ერთი სათამაშო ვერ შეუცვლის. თუ ბავშვის საჩუქრით გახარება გვინდა, პირველი, რისი ყიდვაც აზრად მოგვდის, სათამაშოა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საგულდაგულოდ არჩეული სათამაშო ბავშვს ან არ მოსწონს, ან ვერ თამაშობს მისით. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშობლის ნაყიდმა სათამაშომ პატარა გაახაროს. ამისათვის უნდა გამოვრიცხოთ შეცდომები, რომლებსაც მშობლები სათამაშოს არჩევისას უშვებენ.
"გადარბენაზე" ნაყიდი სათამაშო
ზოგჯერ მშობლებს ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ვერ იცლიან, რომ საფუძვლიანად, დაკვირვებით შეარჩიონ ბავშვისთვის სათამაშო. ხშირად ეს შენაძენი გზად მდებარე მაღაზიაში კეთდება, თანაც ფაცი-ფუცით. ამ დროს შეიძლება გაურკვეველი წარმოების ტოქსიკური საღებავით დამუშავებული ნივთი შეგრჩეთ ხელში, რასაც ბევრი პრობლემა მოჰყვება, მათ შორის - ალერგიული. ნუ შეიძენთ სათამაშოს "გადარბენაზე", შეიბრალეთ თქვენი შვილები. ეცადეთ, ისეთ სავაჭრო წერტილს მიმართოთ, სადაც ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის მოთხოვნაა შესაძლებელი.
ნაყიდი სათამაშო მშობელს უფრო მოსწონს
სათამაშოს ყიდვისას უფროსები ზოგჯერ თავად ბრუნდებიან ბავშვობაში და ნივთსაც თავიანთი გემოვნებით არჩევენ. როგორც წესი, ბავშვი ასეთი სათამაშოებით აღფრთოვანებული არ რჩება, თითქოს რაღაც სხვას ელოდა. ამ შეცდომას არ დაუშვებთ, თუ საყიდლებზე წასვლის წინ ბავშვს ამ თემაზე გამოელაპარაკებით, ან ბავშვის თვალით შეხედავთ ვიტრინას.
დიდი ზომის სათამაშოები
მშობლები ხშირად აკეთებენ არჩევანს უზარმაზარ პლუშის სათამაშოებზე. საინტერესოა, შემდეგ რა ხდება? ალბათ თავადაც შეგიჩნევიათ ბავშვიან ოჯახებში უამრავი "ფუმფულა" სათამაშო, რომლებიც მტვრის ბუდედ რომ არ იქცნენ, ცელოფნის პარკებში აქვთ შეფუთული. არც არის გასაკვირი, ბავშვის სხეულის ზომებთან მიახლოებული სათამაშო მას არასოდეს გამოადგება.
ყველაზე კაშკაშა და ძვირად ღირებული სათამაშო
ბავშვს სულ არ აინტერესებს, სათამაშოში ძვირი გადაიხადა ვინმემ თუ იაფი. მას ხშირად უბრალო, სადა დიზაინის თოჯინა ან დათუნია უფრო მოსწონს, რომელსაც ლოგინშიც კი იწვენს. რით იზიდავს უბრალო სათამაშოები პატარებს, ზუსტად არავინ იცის.
როცა მეოცედ ყიდულობთ თოჯინას ან მანქანას
თუ ბავშვი უპირატესობას სათამაშოს ერთ რომელიმე სახეობას ანიჭებს, მხოლოდ რამდენიმე ცალი უყიდეთ. ზოგჯერ ძველი ნაყიდი დაუმალეთ და რამდენიმე თვის მერე გამოუჩინეთ, ბავშვს ისინი ახალივით მოეჩვენება.
მოდური სათამაშო
დღეს ძალიან გავრცელებულია სათამაშოები, რომლებიც ხმებს გამოსცემენ, ან სულაც მღერიან და ცეკვავენ. ამ დროს ბავშვმა რა გააკეთოს? არაფერი, უბრალოდ უნდა უყუროს. სულ 5 წუთი თუ გაართობს ეს სათამაშო, ამის მერე კი შეიძლება არასოდეს აღარ გამოდგეს.
ბავშვებს თვითონ უნდათ, თამაშების აქტიური მონაწილეები გახდნენ და არა დამკვირვებლები. მოკლედ, ამ მოდურ სათამაშოებზე მეტად ბავშვი ძველი სთამაშობით გაერთობა.
მშობლებო, გახსოვდეთ, ბავშვს ყველანაირი სათამაშო უნდა. მაგრამ მას საგულდაგულო შერჩევა სჭირდება. რაც მთავარია, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენთან ურთიერთობას ვერც ერთი სათამაშო ვერ შეუცვლის.