"იუბილარს ისე მოულოდნელად ჩააყოფინა თავი ტორტში ანიმატორმა, ბავშვი ვეღარ სუნთქავდ" სულ რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ტელეწამყვანმა ქეთი ყიფშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი ბავშვთა ერთ-ერთი ცენტრის მისამართით, სადაც მის შვილს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს.
"არ მინდოდა დამეწერა ასე საჯაროდ ჩემს კედელზე ამ ადგილის შესახებ, მათ დავუწერე, მაგრამ აქეთ შეტევაზე გადმოვიდნენ. მოკლედ, გუშინ ბავშვი მყავდა დაბადების დღეზე, ყველანი მეგობრები იყვნენ ძირითადად და კარგად გაერთნენ, თუ არ ჩავთვლით წამყვანის არაადეკვატურ თხოვნებს: "დედებს საფულე ამოაცალეთ და მომიტანეთ!" "ერთმანეთი ხელში აიყვანეთ", და ა.შ. ბოლოს იმით დაამთავრეს, რომ იუბილარის გარდა 4 თუ 5 ბავშვი დაასახელეს, რომლებიც ყველაზე ლამაზები იყვნენ, ყველაზე კარგად ცეკვავდნენ და ყველაზე ჭკვიანები იყვნენ და რაღაც ლენტები დაკიდეს. მერე კი თამაშში ვითომ "დამარცხებულ" ბავშვებს თამაშის უფლება არ მისცეს.
უნდა გენახათ სხვა ბავშვების იმედგაცრუებული სახეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათაც დაასახელებდნენ. ელენეს ისე ეტირებოდა, ტორტი აღარ ჭამა და მთხოვა წამომეყვანა, გზაში კი ჯერ იტირა, მერე გაბრაზებულმა მთხოვა რომ მანდ აღარასდროს წამეყვანა.
ვინმემ მითხარით, რომ არ ვტყუი და პატარა ბავშვებს ასე გული არ უნდა ატკინო, როდესაც ბავშვთა ცენტრი ხარ". (იხილეთ სტატია)
ქეთის სტატუსს და ზოგადად, ამ ამბავს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ უამრავი მშობელია უკმაყოფილო თბილისის სხვადასხვა ბავშვთა ცენტრში გამეფებული განუკითხაობით. არის უამრავი შემთხვევა, როცა ბავშვები გართობისა და სიამოვნების ნაცვლად, გულნატკენები და დათრგუნულები მოდიან, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ფილაქანზე თამაშისას ბავშვი წაქცეულა, სერიოზული ტრავმა მიუღია და ცენტრი სრულიად მოუმზადებელი ყოფილა მსგავსი შეთხვევებისთვის - პირველ რიგში, სადაც ბავშვები თამაშობენ, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს ის ადგილი, და ყოველი შემთხვევისთვის, ერთი ექთანი მაინც უნდა ჰყავდეთ იქ, სადაც ამდენი ბავშვი იკრიბება. ან სპეციალური იატაკი უნდა იყოს, რომლეც დაცემაც ტვინის შერყევას მაინც არ გამოიწვევს... ასევე ბევრია შემთხვევა, როცა ანიმატორები არაადეკვატურად იქცევიან ან როცა ცენტრში ნივთებს კარგავენ.
ნინო ილაშვილი, ოთხი შვილის დედა გვიამბობს, რა შეემთხვა მის შვილს ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, საკუთარ დაბადების დღეზე:
- ბავშვს ჰქონდა დაბადების დღე. ბოლო გასართობი საპნის ბუშტებით იყო - პირდაპრ მეტლახზე ეცემოდა ბუშტები და მთლიანად გასაპნული იყო იქაურობა. სანამ მე რამდენიმე სტუმარი გავაცილე და უკან მოვბრუნდი ბავშვებთან, შორიდან დავინახე, რომ რამდენიმე წაიქცა - ფეხი გაუსრიალდათ. ჩემი შვილიც, მათ შორის და ხელის შეშველებაც ვერ მოვასწარი. აღმოჩნდა, რომ თავი დაარტყა მეტლახზე. დახმარებითაც კი ვეღარ დგებოდა, მერე კი უცებ თქვა, ვერ გხედავ, სად ხარო. 10-15 წუთი თვალთ დაუბნელდა...
წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. თავი ხელში ავიყვანე, სასწრაფოში დავრეკე...
- ცენტრის თანამშრომლები რას აკეთებდნენ ამ დროს?
- გაოგნდებით, მათ რეაქციას რომ გეტყვით. აქეთ დამაბრალეს, დავინახეთ, გოგონამ კრა ხელიო - ანუ მისმა დამ. არადა, იქ ვიყავი, რა გოგონამ? ის თვითონ 2-ჯერ წაქცეულა იქამდე...
- საზღვარგარეთ ასეთი შემთხვევების დროს ჩივიან და სერიოზულადაც აჯარიმებენ მსგავს დაწესებულებებს... ალბათ არც კომპენსაციაზე უზრუნიათ?
- სამწუხაროდ, ჩვენთან არ კონტროლდება ეს სფერო. კომპენსირება კი არა, მთლიანად გადაახდევინეს თანხა ჩემს მეუღლეს - მე ამ დროს საავადმყოფოში ვიყავი ბავშვთან ერთად. ტვინის შერყევა დაუდგინდა... მერე დავაფიქსირე, რამდენად ბევრი საფრთხე იყო იქ, გარდა ამ მეტლახის იატაკისა, რომელზეც ბავშვები თამაშობდნენ. კი ვთხოვე მერე, მომავალში ნოხი დააფინეთ-თქო. არც ვიცი, მერე დაფინეს თუ არა. გარდა ამისა, იქ ასევე იდგა შუშის მაგიდები, თან ბასრკუთხეებიანი...
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე მშობლის კომენტარს ამ თემაზე, შემდეგ კი გავარკვიოთ, ვინ და როგორ არეგულირებს ამ საკითხს:
"მე არ ვიცი, ეს რა ფენომენია, ეს რა მოვლენააა საქართველოში. სრული ქაოსი... ბავშვთა მანიპულირება-დისკრედიტაცია... ძალიან ხშირად გვიწევს ამგვარ დაწესებულებებში სიარული... მინდა ვთქვა, რომ კარგი გამოცდილება გვაქვს მე და ჩემს შვილებს. პირველ რიგში ჩაბნელებული დარბაზები, აი, საფინალოდ ბოლს რომ უშვებენ (კლუბურად) - ბავშვებს რომ ახრჩობენ, ეს საერთოდ ცალკე საკითხია!!. ანიმატორები? აღგზნებული და არაადეკვატური - დაღლილ-დაქანცული სახით... თამაშები? იატაკს თითქმის აპრიალებენ ბავშვები თავისი გაპრანჭული კაბებით. (დამლაგებელი ისვენებს მომდევნო საათებში). კვება --- მაქს: ყველაფერი მავნე. აუცილებლად ფასტ ფუდი თავისი გაზიანი სასმელით... ყველაფერი იუბილარს და მისი მეგობრები? რა თქმა უნდა, უკანა ფლანგზე... კიდევ უამრავი ნიუანსი, რაც მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ჩემი გოგო ბოლო პერიოდში თავად ამბობს უარს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაზე..."
სოფიკო
"წესით, თითოეული ანომატორი ბავშვთა ფსიქოლოგის მიერ უნდა მომზადდეს და მერე მიეცეს ბავშვების გართობის საშუალება. ყველას ხომ არ შეუძლია ბავშვების აყოლიება და არც არის სავალდებულო, ჰოდა ისინი არც უნდა აიყვანონ ასეთ ცენტრებში სამუშაოდ, თორემ ბავშვის ფსიქიკა სათუთია, ერთი თუ გაუჩნდა უნდობლობა, მერე აღარც მოინდომებს ასეთ ადგილებში წასვლას საერთოდ..."
მაკა
"როგორც წესი, ისეთი პატარა გოგო-ბიჭები მუშაობენ, ნამდვილად არ ესმით, ბავშვები როგორ გაახალისონ... თქვენ ჯერ ისეთ დაბადების დღეზე არ ყოფილხართ ალბათ, ბავშვები სპაიდერმენს რომ ელოდებიან, უცებ შირმა წაიქცევა და ბავშვებს ხელში ვიღაც შიშველი ტიპი შერჩებათ".
გელა
"ჩვენ საერთოდ საჩუქარი მოგვპარეს. რომ მოვითხოვეთ ჩანაწერის ნახვა, მაინცდამაინც იქ არ ეყენა კამერა, სადაც საჩუქრები ეწყო. მინდოდა მეჩივლა და ყველას გაეგო, რაც არიან, მაგრამ მაგის ნერვები აღარ მქონდა".
თიკო
"ასეთ ცენტრებში უნდა მუშაობდნენ პედაგოგები, რომლებმაც კარგად იციან ამ ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია და აქვთ ბავშვთან კომუნიკაციის შესაბამისი უნარები. მუდმივად ეცნობოდნენ პედაგოგიურ ლიტერატურას, ხვეწდნენ მიდგომებს, იცოდნენ გასართობად მისული ბავშვის საჭიროება".
თამო
"ანალოგიურ სიტუაციაში ჩემი შვილიც მოხვდა. დიჯეი ვიქტორინას მართავდა, გამარჯვებული იუბილარი უნდა ყოფილიყო გეგმის მიხედვით. ჩემი შვილი ყველა კითხვაზე დაუყოვნებლივ პასუხობდა. რომ მიხვდა დიჯეი, გეგმა ეშლებოდა, ბავშვი მეორე ოთახში გააგდო, დასაჯა. წამოსაყვანად რომ მივედი, ატირებული დამხვდა..."
თამარი
"ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ანიმატორებს არ აქვთ სათანადო მომზადება, ბავშვებთან ურთიერთობა არ იციან. ჩემთან ეს შეკითხვებია ფავორიტი: 2 წლის ბავშვთან, როდის თხოვდები ან მოგყავს ცოლი? გყავს თუ არა შეყვარებული და ა.შ. - მხოლოდ ამას ეკითხებიან".
დიანა
"ჩვენც ძალიან ხშირად წამოვსულვართ დათრგუნულები. ერთხელ გვქონდა ასეთი შემთხვევა, მთელი ორი საათის მანძილზე მხოლოდ იუბილარს და მის არჩეულ ორ კაცს ათამაშებდნენ სხვადასხვა თამაშით და ბოლოს კოქტეილებითაც დააჯილდოვეს. დანარჩენები ისხდნენ და უყურებდნენ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაგრამ არაფერი. მშობლებს ძალიან შეგვრცხვა, რამე გვეთქვა, რადგან ვფიქრობდით, რომ მეტი ფული იყო გადასახდელი და ალბათ მთლიანი პაკეტი ვერ შეიძინეს-თქო. მოკლედ, გაბრაზებულები წამოვედით ყველა. იქ მეორედ როგორ მივალთ, მაგრამ დაახლოებით ყველა მათნაირია".
ნინი
"მიკროფონებში რომ გაჰყვირიან ანიმატორები? მე ამტკივდა ყურები და ბავშვი გადაირია. რომ ვთხოვე, ცოტა დაეწიათ ხმისთვის, ცივი უარი მივიღე! 3-4 ბავშვი გარეთ იყო და შორიდან უყურებდნენ რას აკეთებდნენ. მეორე ცენტრში რომ მივედი და ვთხოვე, თანხას გადავიხდი, ოღონდ არ მინდა ანიმატორები და მიკროფონი-მეთქი, აბა, ეგ რაღა დაბადების დღეა, სახლში გადაუხადეო. სახლში ადგილი რომ არ მაქვს, იმიტომ მივედი. ჩემს შვილს მას მერე ეშინია ცენტრებში შესვლის. აღარც დამყავს. ეს ერთ ცენტრში არ ხდება - ყველგან ასეა. რაღაც რეგულაციები უნდა არსებობდეს!"
მაო მაო
"ერთ ასეთ წვეულებაზე იუბილარს ისე მოულოდნელად ჩააყოფინა თავი ტორტში ანიმატორმა, ბავშვი ვეღარ სუნთქავდა და თავიც ისე შეურაცხყოფილად ჩათვალა მეგობრების წინ, რომ ტირილი დაიწყო და გამოსვლა არ უნდოდა".
ლიკა
საინტერესოა, არეგულირებს თუ არა ვინმე ამ სფეროს და ითხოვს თუ არა ბიზნესის წამომწყებისგან სათანადო ცოდნას, გამოცდილებას. ან თავად ცენტრის მეპატრონეები რა კრიტერიუმებით არჩევენ ანიმატორებს.
აღმოჩნდა, რომ სრულიად უკონტროლოდ ხდება ყველაფერი. ანუ საკმარისია მხოლოდ ფული, იქირავებ ფართს, მოაწყობ იქაურობას ისე, როგორც შენ გინდა. მერიაშიც და საკრებულოშიც გვითხრეს, რომ არ სჭირდება ამ სფეროში ბიზნესის წამოწყებას განსაკუთრებული ნებართვა. არადა, საქმე ბავშვებს ეხება. ნუთუ შეიძლება, ნებისმიერს ჰქონდეს უფლება, მოაწყოს მისებურად გარემო, მოიწვიოს ვინც უნდა და მერე ამ ადამიანების მიერ შექმნილ სრულიად უკონტროლო გარემოში ამდენმა ბავშვმა და მშობელმა გაიაროს? არ არსებობს არანაირი რეგულაცია და ამიტომ ვიღებთ ამდენ არაპროფესიონალს, ამდენ გულნატკენ ბავშვს და იმედგაცრუებულ მშობელს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
საკითხზე მხატვარ ზალიკო სულაკაურსაც ვკითხეთ, რომელსაც თავად აქვს ბავშვთა გასართობი ცენტრი:
- გამკონტროლებელი არავინაა... ეს იგივეა, რესტორანში მიხვედი, ცუდი საჭმელი ჭამე, მომსახურება ძვირი იყო და უკმაყოფილო დარჩი. ამას ვინმე აკონტროლებს? კი, ბევრი უკმაყოფილო შემთხვევა არსებობს და ამიტომაც დაიხურა ბევრი ბავშვთა გასართობი ცენტრი. მე პირადად ვცდილობ ყველაფერს ყურადღება მივაქციო. ასე თუ არ მოვიქცევი, ვიცი, დავკარგავ კლიენტებს და ცენტრი აუცილებლად დაიხურება. არც ჩვენთან ყოფილა, რომ ყველას ყველაფერი მოსწონებია. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მაგალითად ზოგჯერ გგონია, რომ ძალიან კარგს აკეთებ და პირიქით გამოგდის. ზოგჯერ ხდება, ბავშვიც არის უჟმური და რაც არ უნდა ეცადო, მას კარგ ხასიათზე ვერ დააყენებ...
- როდესაც ბავშვს გამრთობი ეუბნება, დედიკოს საფულე ამოაცალე და მე მომიტანეო, ან 50 ბავშვიდან 4 ყველაზე ლამაზს გამოარჩევს, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?
- ასეთ შემთხვევაში ბავშვი კი არა, მეც ვიქნები უკმაყოფილო! წამყვანებმა იციან ასეთი შეკითხვებიც, მაგალითად - შეყვარებული გყავს? - იქნებ ბავშვს არ სიამოვნებს ეგეთები... კეთილი უნდა ინებო და ყველაფერი გააკონტროლო.
ვიკითხეთ, რა ხდება საზღვარგარეთ და იქ რამდენად არიან კმაყოფილები მშობლები. გვესაუბრება ეკა მარგიანი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და იქ ზრდის ბავშვებს:
- აქ გასართობი ცენტრები ისეთი აქტუალური არ არის, როგორც მე საქართველოში ვხედავ ხოლმე. თუმცა, რასაკვირველია, ბევრია აქაც. ძირითადად, სპორტულ აქტივობებზეა ორიენტირებული. თუმცა საერთო ჯამში ყველგან წესრიგია, დაბადების დღის სტუმარ ბავშვებს ჯგუფებად ართობენ და თვითონ გასართობიც დაყოფილია ნაწილებად, რომ ყველა ერთდროულად ერთად არ იყოს და ბევრი ბავშვი არ მოგროვდეს.
თვითონ ბიზნესის გახსნა, ანუ დარეგისტრირება აქაც ძალიან ადვილია. მაგრამ სადაც ბავშვები ურევია, იქ ბევრი ლიცენზიაა საჭირო. სანიტარული, სახანძრო, სამედიცინო და კიდევ ალბათ სხვა. გარდა ამისა, თანამშრომლების კრიმინალური ისტორია, კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმიც კონტროლდება, მით უმეტეს, როცა ბავშვებთან აქვთ საქმე.
ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მურვანიძე:
- პირველ რიგში, ანიმატორები უნდა იყვნენ მსახიობები, და საერთოდ, როცა ბავშვებთან მუშაობენ, მათ ფსიქოლოგებისგან უნდა ჰქონდეთ რეკომენდაცია. რასაკვირველია, ისე უნდა გაართონ ყველა ბავშვი, რომ არ იყოს ეს არავისთვის მტკივნეული. შეჯიბრებები ისე უნდა იყოს აგებული, ნაკლებად იყოს გამოკვეთილი გამარჯვებული და დამარცხებული. წარმოუდგენელია, მიდიოდეს ბავშვი გასართობად და მოდიოდეს იქიდან დამარცხებული. მერე რა, რომ ის სტუმარია და არა იუბილარი. გასაგებია, რომ იუბილარს შეიძლება ცოტა მეტი ყურადღება მიექცეს, მაგრამ ზედმეტი გამორჩევა არ შეიძლება, თუნდაც სტუმარმასპინძლობის წესებით. ნებისმიერი სტუმარი უნდა იყოს სასურველ მდგომარეობასა და გარემოში და პოზიტიურად დატვირთული. როდესაც ასეთ სათუთ თემას ეხები, როგორიცაა ბავშვებთან ურთიერთობა, იქ აუცილებლად უნდა გყავდეს ჩართული ფსიქოლოგები, თუნდაც მომსახურე პერსონალის აყვანის პროცესში. კიდევ უამრავი რამ არის გასათვალისწინებეული, მაგალითად, ფერთა კომბინაცია ცენტრის ინტერიერში, რომელიც არ შეიძლება, იყოს ბავშვის ფსიქოლოგიისთვის გამაღიზიანებელი, აუცილებელია, რომ იყოს პოზიტიური გარემო. ასე არა, რომ უბრალოდ ხსნი და მხოლოდ ფინანსებზეა გათვლილი და არ არის გათვალისწინებული ბევრი მხარე. რეალური პრობლემაა, ვინ ხსნის, ვინ არიან ანიმატორები და ვინ არის ამ ცენტრში მომსახურე პერსონალი. ისინი ხომ სოციუმს ემსახურებიან, ყველაზე სათუთს. ეს ძალიან სათუთი თემაა და ბევრ რამეზეა საჭირო დაფიქრება. მშობლებმაც ალბათ, სანამ აარჩევენ, უფრო მეტად უნდა შეისწავლონ ის ადგილი, სადაც ბავშვს უნდა გადაუხადონ დაბადების დღე.
ლელა ზურებიანი
მანანა გაბრიჭიძე