გვიამბობს 6-შვილიანი ოჯახის დიასახლისი დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახში 4 ტყუპი იზრდება: 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექვსშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ბავშვები მათი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
- პირველად დედობის ბედნიერება 23 წლის ასაკში შევიგრძენი. 4 ტყუპი მეორე მშობიარობის შემდეგ შემეძინა, მაშინ უკვე 36 წლისა ვიყავი. მშობლებს რომ ვუთხარით ეს სიახლე, ეგონათ, ვეხუმრებოდით, დაჯერება უჭირდათ...
- რთული ორსულობა გქონდა?
ორსულობის მომენტში ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მამყოფებდნენ. დამჯერი და არაპრეტენზიული ორსული გახლდით. რაც მთავარია, სულ დადებითად ვიყავი განწყობილი. წონაშიც, პირადად მე, თითქმის არ მომიმატია, მაგრამ იმხელა გავხდი, რომ ვიჯექი, მუხლებში მედო მუცელი. მიუხედავად ამისა, ბოლო დღემდე ვმოძრაობდი, სამშობიაროშიც ჩემი ფეხით წავედი: წინ მუცელი მიდიოდა და უკან მივყვებოდი მე (იღიმის). საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2, 200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები იყვნენ. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივ კვებაზე იყვნენ, მერე კომბინირებულზე გადავედით. არ იყვნენ ცუდი გასაზრდელები. სიძნელეს მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ ჭამაც, დაძინებაც... ჰოდა, მეხმარებიან ხან ჩემი ტყუპისცალი, ხან უფროსი გოგონა, მშობლები... მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ძიძებიც ავიყვანე. ყოფილა პერიოდი, 4 ძიძაც მყოლია. დასასვენებლად დამოუკიდებლად წასვლა რომ მოვინდომო, ვერ მოვახერხებ. ამიტომ დავდივართ ძიძებთან ერთად. ახლაც ბახმაროში ვისვენებთ, სამ ძიძასთან ერთად და უფროსი ქალიშვილიც მახლავს.
ასევე დაგაინტერესებთ: "რადგან ოთხი შვილის დედა ვარ, სუპის სუნი უნდა ამდიოდეს?" - მრავალშვილიანი დედის მხიარული და გულახდილი ინტერვიუ
- ბევრისგან გამიგია, როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ქალი მეტწილად მასზე გადაერთვება და მეუღლისთვის ნაკლებად იცლისო...
- ჩვენ წლებმა და ბავშვებმა უფრო დაგვაახლოვა, უფრო მეტად გავიგეთ ერთმანეთის ფასი. დიმაც ჩართულია აღზრდაში, გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. როდესაც პატარებს ვაძინებთ, მერე ვიცლით ერთმანეთისთვის. წელიწადში რამდენჯერმე საზღვარგარეთ გვიშვებენ დასასვენებლად. აქაც, საღამოს რომ დავაძინებთ შვილებს, მერე გავდივართ ხან ჭიქა ყავის დასალევად, ხან ფილმს ვუყურებთ. მოკლედ, ბედნიერებაა, ერთმანეთი რომ გვყავს, ეს პატარა არსებები კი ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. შინაურები გვეხუმრებიან, - 6 სატანის ციფრია და მეშვიდე შვილზეც იფიქრეთო...