"ტრენდია, რომ ჩემი თაობის ბიჭები უნდა „ძველბიჭობდნენ“, რუსულ რეპს უსმენდნენ და „ქურდული ცხოვრება“ უნდოდეთ“ - 14 წლის მარიტას თვალით დანახული დღევანდელი სკოლა
"ტრენდია, რომ ჩემი თაობის ბიჭები უნდა „ძველბიჭობდნენ“, რუსულ რეპს უსმენდნენ და „ქურდული ცხოვრება“ უნდოდეთ“ - 14 წლის მარიტას თვალით დანახული დღევანდელი სკოლა
1 / 2
Next
14 წლის მარიტა ჭანიშვილის მიერ დანახული დღევანდელი სკოლა განსაკუთრებულად საინტერესო და დამაფიქრებელია. ალბათ ყველაზე მეტად დღეს არის აქტუალური მარიტას ნაამბობი თუნდაც "ძველბიჭობის ტრენდზე", რომელიც წლებია, ვერ ამოიძირკვა და რომელსაც დღეს ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა (იხილეთ დაწვრილებით).

გთავაზობთ ამონარიდებს მარიტას წერილიდან პროექტისთვის "ქალები საქართველოდან".

"მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები
------------------------------------------------------------------
"ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ისევ ძველ, საბჭოთა დროში არიან ჩარჩენილები. ამგვარი დამოკიდებულებები მგონი, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი პირველად რომ გაგვეცნო, ბიჭებს უთხრა, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიექციათ მისი საგანისთვის ყურადღება, რადგან ეს საგანი, როგორც წესი, ბიჭებს უფრო გამოადგება ცხოვრებაშიო.
სახლში რამე რომ გაფუჭდეს, თქვენ
უნდა მიხედოთო. მსგავს რამეებზე ბავშვებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. პირიქით, გოგოებისა და ბიჭების უმეტესობაც ამ აზრზეა. თან, მასწავლებელს რომ შეეპასუხო, ან რაიმე განსხვავებული აზრი გამოთქვა, შეიძლება ამის გამო პრობლემაც შეგიქმნას. რამდენჯერაც რაიმე გამიპროტესტებია და განსხვავებული აზრი გამომითქვამს, სულ წინააღმდეგობას ვიღებ. შეიძლება ბავშვებს დასჯისაც ეშინიათ და ამიტომ არიან ჩუმად, მაგრამ ხშირად ალბათ მასწავლებლების მსგავსად ფიქრობენ ისინიც. ერთხელ კლასის დასალაგებლად მარტო გოგოები დაგვტოვეს. მე მეზარებოდა დალაგება და მახსოვს ერთ-ერთმა კლასელმა მითხრა - „აბა, რომ გათხოვდები ქმარმა უნდა დაგილაგოს სახლი?!“.

განათლების ხარისხი
------------------------------------------------
"სწავლის ხარისხი დღევანდელ განათლების სისტემაში საკმაოდ დაბალია. დღეს, სამწუხაროდ, სკოლა საჭირო განათლებას არ აძლევს ბავშვებს და ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი იძულებულია დამატებით მოემზადოს კერძო მასწვლებელთან. ასე ვარ მეც. რამდენიმე საგანში ვემზადები. თუმცა, გარდა კერძო მასწავლებლებთან სიარულისა, ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია სხვა წიგნებიდან და ინტერნეტიდან მივიღო - ვისმენ ლექციებს, რომ უკეთესად გავიგო კონკრეტული საკითხი, მაგალითად, მათემატიკაში ან ბიოლოგიაში. ასევე, სხვადასხვა ტიპის ცდებს ვუყურებ, რადგან ასეთ ცდებს სკოლაში არასდროს ვატარებთ. ასეთ ლექციებს რომ ვისმენ, ვხვდები, რამდენად სხვანაირი და ჩვენზე უკეთესი მიდგომები აქვთ კონკრეტული საგნების მიმართ საზღვარგარეთ. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ბავშვებს ხშირად გვბეზრდება გაკვეთილებზე ჯდომა და მოსმენა. ალბათ ამიტომაც ეკარგებათ მერე მათ სწავლის მიმართ ინტერესი. ამ ვიდეობში კარგად ჩანს როგორ არიან ბავშვები ჩართულები გაკვეთილის პროცესში, გამოთქვამენ აზრს, სვამენ კითხვებს, ატარებენ ცდებს, ამზადებენ ვიდეო პრეზენტაციებს, და ა.შ. საქართველოში კი გაკვეთილის ახსნის დროს, ძირითადად, მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს და ზედმეტი შეკითხვებით ხელი არ უნდა შეუშალო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ მედიას სწავლისთვისა და განვითარებისთვის ნაკლებად იყენებს. ამიტომაც, ძირითადად ფიქრობენ ისე, როგორც მაგალითად მათი მშობლები და განსაკუთრებით სჯერათ მასწავლებლების, რომლებიც ასწავლიან, რომ გოგომ სახლი უნდა ალაგოს, ბიჭმა კი ფული შემოიტანოს ოჯახში. და რომ ფიზიკა და მათემატიკა ბიჭების საგნებია. გოგოებს კი ნაკლებად სჭირდებათ."

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
6995
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
myquiz
მსგავსი სიახლეები