"გოგოებს კი ასეთი „ძველი ბიჭები“ მოსწონდეთ..." 14 წლის მარიტა ჭანიშვილის მიერ დანახული დღევანდელი სკოლა განსაკუთრებულად საინტერესო და დამაფიქრებელია. ალბათ ყველაზე მეტად დღეს არის აქტუალური მარიტას ნაამბობი თუნდაც "ძველბიჭობის ტრენდზე", რომელიც წლებია, ვერ ამოიძირკვა და რომელსაც დღეს ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა (იხილეთ დაწვრილებით).
გთავაზობთ ამონარიდებს მარიტას წერილიდან პროექტისთვის "ქალები საქართველოდან".
"მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები
------------------------------------------------------------------
"ხანდახან მგონია, რომ ჩვენი სკოლა და მასწავლებლები ისევ ძველ, საბჭოთა დროში არიან ჩარჩენილები. ამგვარი დამოკიდებულებები მგონი, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია. აი, მაგალითად, ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი პირველად რომ გაგვეცნო, ბიჭებს უთხრა, რომ ბიჭებს უფრო მეტად მიექციათ მისი საგანისთვის ყურადღება, რადგან ეს საგანი, როგორც წესი, ბიჭებს უფრო გამოადგება ცხოვრებაშიო. სახლში რამე რომ გაფუჭდეს, თქვენ უნდა მიხედოთო. მსგავს რამეებზე ბავშვებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. პირიქით, გოგოებისა და ბიჭების უმეტესობაც ამ აზრზეა. თან, მასწავლებელს რომ შეეპასუხო, ან რაიმე განსხვავებული აზრი გამოთქვა, შეიძლება ამის გამო პრობლემაც შეგიქმნას. რამდენჯერაც რაიმე გამიპროტესტებია და განსხვავებული აზრი გამომითქვამს, სულ წინააღმდეგობას ვიღებ. შეიძლება ბავშვებს დასჯისაც ეშინიათ და ამიტომ არიან ჩუმად, მაგრამ ხშირად ალბათ მასწავლებლების მსგავსად ფიქრობენ ისინიც. ერთხელ კლასის დასალაგებლად მარტო გოგოები დაგვტოვეს. მე მეზარებოდა დალაგება და მახსოვს ერთ-ერთმა კლასელმა მითხრა - „აბა, რომ გათხოვდები ქმარმა უნდა დაგილაგოს სახლი?!“.
განათლების ხარისხი
------------------------------------------------
"სწავლის ხარისხი დღევანდელ განათლების სისტემაში საკმაოდ დაბალია. დღეს, სამწუხაროდ, სკოლა საჭირო განათლებას არ აძლევს ბავშვებს და ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი იძულებულია დამატებით მოემზადოს კერძო მასწვლებელთან. ასე ვარ მეც. რამდენიმე საგანში ვემზადები. თუმცა, გარდა კერძო მასწავლებლებთან სიარულისა, ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია სხვა წიგნებიდან და ინტერნეტიდან მივიღო - ვისმენ ლექციებს, რომ უკეთესად გავიგო კონკრეტული საკითხი, მაგალითად, მათემატიკაში ან ბიოლოგიაში. ასევე, სხვადასხვა ტიპის ცდებს ვუყურებ, რადგან ასეთ ცდებს სკოლაში არასდროს ვატარებთ. ასეთ ლექციებს რომ ვისმენ, ვხვდები, რამდენად სხვანაირი და ჩვენზე უკეთესი მიდგომები აქვთ კონკრეტული საგნების მიმართ საზღვარგარეთ. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ბავშვებს ხშირად გვბეზრდება გაკვეთილებზე ჯდომა და მოსმენა. ალბათ ამიტომაც ეკარგებათ მერე მათ სწავლის მიმართ ინტერესი. ამ ვიდეობში კარგად ჩანს როგორ არიან ბავშვები ჩართულები გაკვეთილის პროცესში, გამოთქვამენ აზრს, სვამენ კითხვებს, ატარებენ ცდებს, ამზადებენ ვიდეო პრეზენტაციებს, და ა.შ. საქართველოში კი გაკვეთილის ახსნის დროს, ძირითადად, მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს და ზედმეტი შეკითხვებით ხელი არ უნდა შეუშალო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმეტესობა ინტერნეტსა და სოციალურ მედიას სწავლისთვისა და განვითარებისთვის ნაკლებად იყენებს. ამიტომაც, ძირითადად ფიქრობენ ისე, როგორც მაგალითად მათი მშობლები და განსაკუთრებით სჯერათ მასწავლებლების, რომლებიც ასწავლიან, რომ გოგომ სახლი უნდა ალაგოს, ბიჭმა კი ფული შემოიტანოს ოჯახში. და რომ ფიზიკა და მათემატიკა ბიჭების საგნებია. გოგოებს კი ნაკლებად სჭირდებათ."
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ჩემი თაობის „ტრენდები“
---------------------------------------------
"ტრენდია, რომ ჩემი თაობის ბიჭები უნდა „ძველბიჭობდნენ“, რუსულ რეპს უსმენდნენ და „ქურდული ცხოვრება“ უნდოდეთ. გოგოებს კი ასეთი „ძველი ბიჭები“ მოსწონდეთ. ბიჭი უნდა ეწეოდეს და იგინებოდეს. გოგოები კი, ბიჭების წრეში მოსახვედრად და მათთვის თავის მოსაწონებლად, ასევე, მოწევას, გინებას და ფეხბურთის ძალით მოწონებას იწყებდნენ. სწავლის მიმართაც ასეთი სტერეოტიპული დამოკიდებულებაა. თითქოს, თუ ათოსანი ხარ, სწავლის მეტი არაფერი გაინტერესებს და სულ წიგნებში ხარ თავჩარგული. დაბალი ნიშნები თუ გყავს, უფრო მაგარი ტიპი ხარ, რადგან ე.ი. ჰობი გაქვს, გარეთ გადიხარ გასართობად და ბევრ სხვადასხვა რამეს აკეთებ. ტრენდია ისიც, რომ 14-15 წლის გოგოები და ბიჭები უკვე ეწევიან, თუ არ ეწევი „ბანძი“ ხარ. ბიოლოგიაში გვქონდა მოწევაზე გაკვეთილი, მაგრამ მასწავლებელი ამ გაკვეთილს რატომ გადაახტა, არ ვიცი. არადა, ვფიქრობ ამ თემაზე ჩემხელა ბავშვებთან საუბარი ძალიან საჭიროა. ისევე, როგორც გამრავლების, სქესობრივი განათლების თემაა მნიშვნელოვანი, რომელიც მასწავლებელმა აუხსნელად მოგვცა, სახლში წასაკითხად. ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა ბიჭმა რაღაც ვერ გაიგო ამ გაკვეთილიდან და მასწავლებელს რომ კითხა, გასაბერი გოგო იყიდე და გაიგებო, ასე უპასუხა."
„კლასგარეშე“ ინტერესები
-----------------------------------------------
"ძალიან მიყვარს კითხვა და ბევრს ვკითხულობ. უფრო ხშირად, ინტერნეტის საშუალებით ვპოულობ იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე ბევრს კითხულობენ, გვაქვს საერთო ინტერესები და სწორედ მათთან ვსაუბრობ ამ წიგნებსა და თემებზე. შეიძლება ისე დაუმეგობრდე ინტერნეტში ადამიანს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც გააგრძელო მეგობრობა. მაგალითად, სულ პირველად იყო ჰარი პოტერი და ვირტუალური ჰოგვორსტის ჯგუფი. ვითომ მართლა დადიოდი ჰოგვორსტში, სადაც სხვადასხვა თემებს გაძლევდნენ. მხოლოდ ჰარი პოტერის თემაზე წერდი და აზიარებდი ცოდნას. ახლა დაიშალა ეს ჯგუფი. მე მყავს, მაგალითად, მეგობრები, რომლებიც ასეთ ჯგუფებში გავიცანი ინტერნეტით, საერთო ინტერესების გამო და ეს გადაიზარდა რეალურ მეგობრობაში. დღესაც რამდენიმე მსგავს ჯგუფში ვარ გაერთიანებული. სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს სხვადასხვა წიგნის შესახებ და მომღერლებისა თუ ჯგუფების შესახებ. ახლა კორეულის სწავლა დავიწყე დამოუკიდებლად. უკვე ვიცი ანბანი, შემიძლია კითხვა. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავ, შევდივარ ინტერნეტში სპეციალურ საიტებზე და ვმეცადინეობ. ამ ბოლო დროს დედაჩემი ნაწერების თარგმნაც დავიწყე, რამდენიმე მიზეზის გამო - მინდოდა ჩემი ინგლისურის ცოდნა შემემოწმებინა - რამდენად შემეძლო კარგად თარგმნა და მქონდა თუ არა სიტყვების საჭირო მარაგი, და რა თქმა უნდა, მინდა, რომ დედასაც დავეხმარო და მისი მოთხრობები მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის არ იყოს და მათ შესახებ სხვებმაც გაიგონ."
ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური