"თუ ადამიანი ერთსა და იმავე ნაწარმოებს 30 წლის განმავლობაში ისევ იგივენაირად ასწავლის, ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებსა და მთლიანად საზოგადოებას არანაირი წინსვლის საშუალებას არ აძლევს" ქართული საგანმანათლებლო სისტემის მიმართ არაერთი კრიტიკული მოსაზრების მოსმენა გვიწევს. ხშირად საუბრობენ იმ მოუგვარებელი პრობლემების შესახებ, რომლებიც როგორც სასკოლო, ასევე უმაღლეს განათლებას ეხება. ახალგაზრდა თაობაში საერთაშორისო განათლების მიმართ ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაც იმის სამწუხარო სიგნალია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში საქართველოში მიღებული განათლება უფასურდება.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე mshoblebi.ge-ს საერთაშორისო განათლების ექსპერტი ქეთი მაღლაკელიძე ესაუბრა.
- განათლების სფეროში ათ წელზიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩართული. წლების განმავლობაში ვიყავი საერთაშორისო სასკოლო სადიპლომო პროგრამის კორდინატორი, რომელიც საქართველოში პირველად შემოვიტანეთ და დავნერგეთ. სწორედ მაშინ დავიწყე განათლების საერთაშორისო, იგივე დასავლური სტანდარტების გაცნობა. რა განსხვავებებია და რატომ ვერ ვიღებთ საქართველოში იმ შედეგს, რაც გვინდა. რატომ ლაპარაკობს ამდენი ადამიანი განათლების კრიზისზე. ამ თემაზე კითხვები დიდი ხანია არსებობს და შესაბამის პასუხებსაც საჭიროებს.
ძალიან დაბალია საჯარო სკოლების მიმართ სანდოობის ხარისხი. ბუნებრივია, ამ ყველაფერში დამნაშავეები არ შეიძლება იყვნენ მხოლოდ მასწავლებლები, მშობლები, ან მოსწავლეები ცალ-ცალკე. ეს კომპლექსური პრობლემაა.
- რა არის მთავარი პრობლემა?
- პრობლემა მშობლის არასათანადო ჩართულობაა შვილის განათლების მიღების პროცესში. შეიძლება მას არ ჰყოფნის კომპეტენცია, თუ რა უნდა მოითხოვოს ბავშვისგან. სკოლა ზოგადი განათლების გარდა სხვადასხვა სოციალურ, მოქალაქეობრივ თუ ელემენტარულ ცხოვრებისეულ უნარებს უნდა აძლევდეს ახალგაზრდას.
დასავლეთის ქვეყნებში გააქტიურებულია სასკოლო პროცესებში მშობლების ჩართულობა. იქ ვერც ერთი სამსახური ვერ ეუბნება მშობელს უარს, რომ სამუშაო საათებში შვილს სკოლაში მიაკითხოს. ჩვენ "განტევების ვაცს" ხშირად ვეძებთ მასწავლებელში - რატომ არ მისცა ჩემს შვილს განათლება, თუმცა გვავიწყდება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი როლი. არასწორია აზრი, რომ თუ დაწყებით კლასებში ბავშვი არ სწავლობს, სკოლის დამთავრების ბოლო წელს მეცადინეობით ეს პრობლემა გამოსწორდება. ასევე, ჩემთვის გაურკვეველია, რას ნიშნავს "უნარებში მეცადინეობა". უნარები შეიძლება განავითარო ყველა სასწავლო დისციპლინის სწავლების პროცესში. ეს არის ტესტი, რომელიც ჩვენი აზროვნების სპექტრს განსაზღვრავს. როგორ შეიძლება ამისი სწავლა, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის?!
რაც შეეხება საერთაშორისო განათლების სტანდარტებს, ის გულისხმობს, რომ სკოლაში საკითხები კვლევის დონეზე ისწავლება. თანამედროვე სტანდარტი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვმა ფაქტობრივი ინფორმაცია იცოდეს ზეპირად. თანამედროვე განათლების მთავარი მიზანია აზროვნებისა და კვლევის უნარების განვითარება კონკრეტული შემთხვევების შესწავლის და გაანალიზების მაგალითზე.
- დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლექსის დაზუთხვა სავალდებულო არ არის და ამის გამო ბავშვები არ უნდა ვაწვალოთ. პოეზია ისე უნდა ასწავლო ბავშვს, რომ მან ლექსი თავისთავად დაიმახსოვროს. თუმცა ზეპირობის უნარი ძალიან აუცილებელი და სასარგებლოა უცხო ენების შესწავლისას; ისევე, როგორც პროზაული ნაწარმოების შესწავლისას, შინაარსის გადმოცემაზე მნიშვნელოვანი მისი ლიტერატურული ანალიზია.
- სიახლის შიში არ არის მხოლოდ მასწავლებლების პრობლემა. სიახლის შიში აქვს ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ არის ბოლომდე თავის თავში დარწმუნებული და მისი პროფესიონალური კომპეტენცია არადამაკმაყოფილებელია. მაპატიონ დამსახურებულმა პედაგოგებმა, მაგრამ თუ ადამიანი 30 წლის წინ კითხულობდა ლიტერატურას, უნდა იცოდეს ისიც, რომ დღეს იგივე ტექსტი 21-ე საუკუნის მოზარდებს სხვა რეალობიდან უნდა მიაწოდოს, განსხვავებული რაკურსით დაანახოს. თუ ადამიანი ერთსა და იმავე ნაწარმოებს 30 წლის განმავლობაში ისევ იგივენაირად ასწავლის, ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებსა და მთლიანად საზოგადოებას არანაირი წინსვლის საშუალებას არ აძლევს.
საერთაშორისო განათლებაში აპრობირებულია ცნობილი ფრაზები: holistic education, think outside the box, critical thinking, logical reasoning, რატომ არავინ არ ფიქრობს ამ ტერმინების რეალურ მნიშვნელობაზე? ამ ყველაფრის გააზრება განათლებაში გულისხმობს, რომ ცოდნით ხარ შეიარაღებული. თუ შენ პრობლემის ცენტრში ხარ და მას მხოლოდ შიგნიდან უყურებ, იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ "გამოხვიდე" ამ პრობლემიდან და გარედან მთლიანი სურათი დაინახო.
ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, კრიტიკული აზროვნება ცოტა სხვანაირად ესმით. დღეს კრიტიკული აზროვნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწავლო მეთოდოლოგიაში. გავიხსენოთ აინშტაინის სიტყვები: "არასოდეს შეწყვიტო კითხვების დასმა". სწორედ ეს არის კრიტიკული აზროვნება. თუ ადამინს (მოსწავლეს მითუმეტეს) კითხვები არ უჩნდება, ეს უკვე პრობლემის ინდიკატორია.
დღეს არ არსებობს საკითხი, რომელიც ბოლომდე ამოწურულია და მის გარშემო ყველა კითხვა პასუხგაცემულია. ასეთ შემთხვევაში ზოგიერთ მასწავლებელს კომპლექსი უჩნდება, თუ მათ რამე არ იციან, კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებენ და საუბარი სხვა თემაზე გადააქვთ. რაღაცის არცოდნა არ არის სირცხვილი. ბავშვების აზროვნებასა და ფანტაზიას არ აქვს ზღვარი და მათ მუდმივად აქვთ კითხვების დასმის სურვილი. თუ მათ აქვთ კითხვა და არ იცი პასუხი, უნდა შეგეძლოს უთხრა, მოდი, ერთად მოვიძიოთ ამ კითხვაზე პასუხი და მათთან ერთად ჩაერთო კვლევაში. ხშირად არასწორად გვესმის მასწავლებლის ფუნქციაც. იგი არის საგანმანათლებლო ცხოვრების მეგზური. მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც გაძლევს უნარებს, გზას, ცოდნის მისაღებად. მასწავლებელი ვერ გაძლევს განათლებას, ის გეხმარება, რომ განათლება მიიღო.
- ეს ის საკითხია, რომელიც ადამიანის მოხალისეობაზე დაფუძნებული ვერ იქნება, ამიტომ ნუ განიკითხავენ პედაგოგებს, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ, თუნდაც იმ ოდენობისას, რომ თვიდან თვემდე საკუთარი თავისა და ოჯახის შენახვა შეძლონ. რეალურად, მათი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა ფასდებოდეს.
როცა ადამიანის შრომის ანაზღაურება მინიმალურია, ის თავს დამცირებულად გრძნობს. ამჟამად კვალიფიციური კადრების კრიზისია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ მასწავლებლად ყოფნის სურვილი იკარგება.
არაერთხელ გვსმენია - რა უნდა გაკვეთილის ჩატარებას, შევიდა კლასში და ილაპარაკა 45 წუთი... ჯერ ერთი, მასწავლებელმა 45 წუთი არ უნდა ილაპარაკოს, იმიტომ, რომ კარგი გაკვეთილი სხვა რამეს ნიშნავს. იმისთვის, რომ მასწავლებელმა კარგი გაკვეთილი ჩაატაროს, ის ძალიან დიდხანს ემზადება, გაკვეთილის დაწყებამდეც და გაკვეთილის დასრულების შემდეგაც. თუ ჩვენ პედაგოგს არჩევანს არ დავუტოვებთ და სკოლის შემდეგ მას იმაზე მოუწევს ფიქრი, კიდევ რა ქნას, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს, ნამდვილად ვერ მივიღებთ კარგ შედეგს.
მე, ასევე, არ მომწონს ის დამოკიდებულებაც, როდესაც მასწავლებლებს ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს არდადეგების ხარჯზე უტარებენ. რატომ არავინ ფიქრობს, რომ სკოლაში თითქმის 10 თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ დასვენება მათაც სჭირდებათ. ასეთი მიდგომა ზეწოლას ჰგავს. პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დახარჯული ენერგიის აღდგენის დრო. ზოგ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებულია სტანდარტი, რომ 7 წელი გადაბმული პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ მასწავლებელს ერთწლიან ფასიან შვებულებას აძლევენ, რომ მან პედაგოგიური მუშაობისგან დაისვენოს და ეს დრო საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. მაგალითად დაკავდეს პროფესიული განვითარებით ან კვლევით.
"სად სცალიათ მასწავლებლებს მე-12 კლასში მოსწავლეებისთვის?! გადასული არიან ფულის შოვნაზე..."
- ძირითადად, ჩემი გამოცდილებით, იმ ბავშვებს, რომლებსაც ნამდვილად უნდათ სწავლა და გააზრებული აქვთ პროფესიონალიზმის მნიშვნელობა, ყოველთვის აქვთ უკმაყოფილების გრძნობა. ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ კარგ უნივერსიტეტებშიც. ახალგაზრდები, სხვათა შორის, ძალიან დეტალურად აანალიზებენ და ამჩნევენ ხარვეზებს, თუ რა მხრივ იყო პროგრამა კარგი და რომელი მიამართულება მოიკოჭლებდა. საბედნიეროდ, ნამდვილად ნიჭიერი, გონებაგახსნილი თაობა მოდის, რომელსაც მომავლის სწორი, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს.
ყურადღება მინდა გავამახვილო განათლების რაობისა და მნიშვნელობის 2 განსხვავებულ დეფინიციაზე: "განათლება განათლებისთვის" და "განათლება ცხოვრებისთვის". ხშირ შემთხვევაში საქართველოში განათლება მხოლოდ დიპლომისთვის არის მნიშვნელოვანი და მისი აღებისთანავე სრულდება. არაპრესტიჟული და დამაკნინებელია, თუ დიპლომი არ გაქვს, არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მხოლოდ დიპლომს და თეორიულ განათლებას არანაირი ცხოვრებისეული გამოყენება არ აქვს. ამ მომენტს უბრალოდ უგულებელვყოფთ... შეიძლება ეს დამოკიდებულება საბჭოთა რეალობიდან მოგვდევს. არადა, თანამედროვე განათლება არ ნიშნავს იმას, რომ კლასიკური ლიტერატურა სრულად გქონდეს წაკითხული, ან თეორიულად არაჩვეულებრივად იცოდე ფიზიკის კანონები თუ მათემატიკური ფორმულები... ზუსტად აქ მივდივართ მთავარ განსხვავებასთან. რა არის ქართული განათლება და რა - დასავლური, საერთაშორისო განათლება? დღეს ჩვენი პრობლემა, თუ რატომ მიილტვიან ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ, არის არა ის, რომ მოდას არიან აყოლილები, არამედ ის, რომ საბედნიეროდ, ინტელექტუალური ახალგაზრდობა გვყავს, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიდის ზუსტად იმ პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, თეორიისა და პრაქტიკის კომბინირებისთვის, რაც საქართველოში ნაკლებად ეგულება. საქართველოში მინიმუმამდეა დაყვანილი სტაჟირება, საზღვარგარეთ კი ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტები პირველივე დღიდან ჰყავდეთ პრატიკაზე. ევროპაში, ეკონომიკისა და ფინანსების ერთ-ერთ წამყვან სკოლაში აქვთ შესანიშნავი პრაქტიკული კურსები. მაგალითად, პირველ და მეორე კურსელებთან შეაქვთ "ლონდონ სითი ბანკის" რეალური საქმეები და მათ ამ პრობლემის დამუშავებით ასწავლიან. რა თქმა უნდა, თეორიული მომზადების გარეშე არაფერი გამოვა და სწორედ აქ სწავლობენ სტუდენტები თეორიას პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.
ჩვენთან განათლების იდეალიზაცია მოხდა. სწავლობ იმისთვის, რომ განათლებული ადამიანი გერქვას. ეს ნამდვილად არის პრესტიჟული და არა მარტო საქართველოში, ყველგან აფასებენ განათლებულ ადამიანს. თუმცა ჩვენ სანამ პრესტიჟზე ვიფიქრებთ, მანამ ცხოვრებაზე უნდა ვიფიქროთ. ბევრ ქართველ ახალგაზრდას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურში მისვლისას წარმოდგენა არ აქვს, საიდან უნდა დაიწყოს და რა უნდა გააკეთოს.
სკოლისა და უნივერსიტეტის დანიშნულება არის ორგანიზების სწავლება, იმ უნარების განვითარება, რომლებიც ცხოვრებაში გჭირდება. მინახავს ძალიან ბევრი, ბიზნეს მენეჯმენტის კურსდამთავრებული და ერთ პატარა ღონისძიებას ვერ დაგეგმავს. ჩვენი ძირითადი სისტემური შეცდომა არის ხოლმე ის, რომ ჯერ ცოდნის დაგროვებას ვცდილობთ და არ ვცდილობთ ამ ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას.
- ნამდვილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მაგალითად, ჩრდილო ევროპული სასკოლო განათლების მოდელების ზუსტად გადმოტანა საქართველოში არ იქნება მართებული და წარმატებული, მაგრამ, მე მგონი, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ რეფორმის გაგრძელება აუცილებელია. ვიზიარებ იმ აზრს, რომ არაფრის პირდაპირი გადმოტანა არ შეიძლება, თუმცა ახალი ველოსიპედის გამოგონებაც არ არის საჭირო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რას გვთავაზობენ პრაქტიკოსი პედაგოგები და არა მხოლოდ განათლების სისტემის ხელმძღვნელი მუშაკები. კრიტიკა და მოთხოვნები კარგი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ყველაზე ადვილია. მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვისაც გააჩნია ხედვა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია ამ დარგში, უნდა გაუზიარონ მოსაზრებები ერთმანეთს, ჩაატარონ კვლევა და მხოლოდ აკადემიურ კვლევებზე დამყარებული დასკვნები მოგვაწოდონ.
რუსკა კილასონია