"შეცდომები ყოველთვის იქნება. მთავარია, ჩვენი შვილები ხედავდნენ ჩვენს სწრაფვას ვიყოთ უკეთესი მშობლები" - პაატა ამონაშვილის საინტერესო ინტერვიუ აღზრდის საკითხებზე
"შეცდომები ყოველთვის იქნება. მთავარია, ჩვენი შვილები ხედავდნენ ჩვენს სწრაფვას ვიყოთ უკეთესი მშობლები" - პაატა ამონაშვილის საინტერესო ინტერვიუ აღზრდის საკითხებზე
ბავშვის აღზრდა-განვითარება ის საკითხია, რომელიც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, ყველა მშობელს აღელვებს და აინტერესებს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული მიდგომები, რომლებსაც გაცილებით მეტი რეალური შედეგი მოაქვთ, ვიდრე უწინდელ მეთოდებს.
სოციოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, "ბასტი-ბუბუს" დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ასევე ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის შალვა ამონაშვილის ვაჟი - პაატა ამონაშვილი, ამ საჭირბოროტო საკითხებსა და იმ საინტერესო ინიციატივაზე გვიამბობს, რომელიც სულ მალე ელის საზოგადოებას:

- ცნობილია, რომ თქვენ ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით მუშაობთ. განუმარტეთ ჩვენს მკითხველს ამ
მეთოდის არსი და აუხსენით, როგორ უნდა გამოიყენოს ეს მიდგომები რეალურ ცხოვრებაში...

- ჰუმანური პედაგოგიკა ეს არის პიროვნების აღზრდის და მრავალმხრივი განვითარების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია პედაგოგიური კლასიკის მდიდარ მემკვიდრეობაზე და ბავშვის ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევებზე.
ამ მიდგომის ფარგლებში ჩამოყალიბებულია ბავშვის განსაკუთრებული ხედვა. ბავშვს ბუნებრივად აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური, გადაულახავი შინაგანი ლტოლვები, მისწრაფებები, რაც აუცილებელია მისი ზრდისა და ადამიანად ჩამოყალიბებისათვის. ბავშვი ამ ლტოლვათა ტყვეობაშია და აქედან გამომდინარეობს აღზრდისა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემები.

მაგალითად, ბავშვს აქვს სწრაფვა გაიზარდოს, თავი იგრძნოს დიდ ადამიანად. ბავშვებს ეს განცდა ესაჭიროებათ მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან დიდი ადამიანები. ისინი ილტვიან, რომ ჩვენ, უფროსებმა

ვაღიაროთ ისინი დიდებად. ეს ლტოლვა სხვადასხვანაირად ვლინდება სხვადასხვა ასაკში. სკოლამდელებისათვის ეს არის სურვილი მალე გახდნენ სკოლის მოსწავლეები. უმცროსკლასელებისათვის ეს არის თვითდამკვიდრების პირველი სუსტი მცდელობები. გარდატეხის ასაკში კი ეს არის ნამდვილი ბრძოლა იმისათვის, რომ ოჯახის წევრებმა, მასწავლებლებმა და მთელმა სამყარომ აღიაროს ისინი ზრდასრულ ადამიანებად. იქ, სადაც უფროსები ანგარიშს არ უწევენ ბავშვის ამ სწრაფვას და თავისი დამოკიდებულებით ბავშვებს აჩვენებენ, რომ ისინი ჯერ პატარები არიან, ბუნებრივად ჩნდება კონფლიქტების საფუძველი.
გარდა ამისა, ბავშვებს აქვთ სწრაფვა თავისუფლებისაკენ. მათ სჭირდებათ არა რეალური თავისუფლება (თუმცა, გვეჩვენება, რომ ამას ითხოვენ), არამედ თავისუფლების განცდა. გვესმის რა ეს, ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ მეთოდები, რომ მივცეთ ეს განცდა ბავშვს იმით, რომ დავუტოვოთ მას არჩევანის თავისუფლება სხვადასხვა აუცილებელ მოქმედებებს შორის.
ბავშვებს სხვა მისწრაფებებიც აქვთ, რომლებზეც სხვა დროს შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რადგანაც ეს ხანგრძლივი საუბარია. ჰუმანური პედაგოგიკის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, როგორია ბავშვის ბუნება და ამის საფუძველზე ვეძებთ თანხმობას ბავშვებთან ურთიერთობაში. ამას ჩვენ ვუწოდებთ თანხმობის ფსიქოლოგიას. მისი საშუალებით ვცდილობთ მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვების შინაგანი ბუნებრივი სწრაფვები გამოვიყენოთ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის.

mshoblebi
შალვა და პაატა ამონაშვილები

- თანამედროვე მშობლების უმრავლესობას უჭირს ბავშვებთან გამკლავება. ჯიუტი და ჰიპერაქტიური ბავშვები ყველაზე ხშირად არის მშობლების წუხილის მიზეზი. რატომ ხდება ასე და სად ვუშვებთ ამ დროს მთავარ შეცდომას?

- ბავშვების სიჯიუტესა და ჰიპერაქტიურობას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზები. ძალიან მოგებულები რჩებიან ის მშობლები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ცდილობენ გაიაზრონ, თუ რა მიზეზით აღმოცენდა მათ შვილებში უარყოფითი პიროვნული ნიშან-თვისებები.
ჰუმანური პედაგოგიკის ფარგლებში ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვები იზრდებიან უფროსების ცხოვრებისეულ მაგალითებზე. ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური სურათ-ხატები, რაც ბავშვის ნატურა ხდება.
აქედან გამომდინარე, სიჯიუტის მიზეზი შესაძლებელია იყოს ცხოვრებისეული სურათ-ხატები, რომლებიც ბავშვებმა შეითვისეს სხვადასხვა წყაროებიდან. ეს შეიძლება იყვნენ თავად ოჯახის წევრები, მულტფილმების გმირები, რასაც ბავშვები უყურებენ, კომპიუტერული თამაშების პერსონაჟები, რომლებსაც ბავშვები თამაშობენ. გარდა ამისა, ბავშვების სიჯიუტეს საფუძვლად უდევს ხოლმე ის, რომ მშობლები არ აქცევენ ყურადღებას და არ ითვალისწინებენ ბავშვების ბუნებრივ ლტოლვებს და ცდილობენ ბავშვებს ყოველდღიურად თავს მოახვიონ საკუთარი გადაწყვეტილებები ისე, რომ ბავშვებს არ უთანხმდებიან.
რაც შეეხება ჰიპერაქტიურობას, ამასაც თავისი მიზეზების მოძებნა სჭირდება და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს მიზეზები სხვადასხვაა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ჩვენ ხშირად "ზედმეტი" აქტიურობა გვგონია, არის ბავშვის ბუნებრივი ენერგია, რაც მას აუცილებლად ესაჭიროება განვითარებისათვის. საერთოდ ბუნებაში "ზედმეტი" არაფერი არ არის და ბავშვსაც იმდენი ენერგია აქვს, რამდენიც აუცილებელია მისი ზრდის პროცესისათვის. ამდენად გამოდის, რომ "ჰიპერაქტიურობა" უფროსების შეფასებაა და ის ხშირად გვიჩნდება მაშინ, როცა ჩვენ თვითონ, უფროსები, ვართ დაღლილები ანდა არ გვცალია იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების განვითარებას. ბავშვებს კი ძალიან სჭირდებათ უფროსები განვითარებისათვის. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კანონი და ბავშვების ჰიპერაქტიურობაზე ლაპარაკი წყდება იმ ოჯახებში, სადაც მშობლები თავად არიან "ჰიპერქტიურები" კარგი გაგებით — ბევრს თამაშობენ და ბევრს დარბიან ბავშვებთან ერთად.
გარდა ამისა, ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთ მიზეზია ის, რომ ბავშვები ბევრს უყურებენ მულტფილმებს და ბევრს თამაშობენ კომპიუტერებსა და ტელეფონებში. მრავალი ფსიქოლოგი აღიარებს იმას, რომ ტექნიკის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენება იწვევს გადახრებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.


- ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ უკეთესად ახერხებენ შვილების სწორად აღზრდას მაშინ, როცა ოჯახი ბებიების და ბაბუების გარეშე ცხოვრობს. სად უნდა გადიოდეს ზღვარი დედ-მამისა და ბებია-ბაბუების „უფლებამოსილებას“ შორის, რატომ არ გამოგვდის ხშირად ოქროს შუალედის დაცვა?

- ჰუმანური პედაგოგიკის ალტერნატივა არის ავტორიტარული პედაგოგიკა. ძირითადი განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის არის იმაში, რომ პირველ შემთხვევაში ჩვენ ვსწავლობთ ბავშვის ბუნებას და ვეძებთ თანხმობას ბავშვებთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ვმოქმედებთ იძულებისა და ძალდატანების გზით.
შესაბამისად, იქ, სადაც ავტორიტარული დამოკიდებულება სჭარბობს ბავშვის აღზრდის პროცესში, ბებია-ბაბუები «ზედმეტი» აღმზრდელები გამოდის, რადგანაც ისინი თავისას აძალებენ ბავშვებს, ჩვენ კი, მშობლებს, გვინდა ჩვენი დავაძალოთ.
საერთოდ, ჩემი იდეალია დიდი ოჯახი, სადაც ერთ დიდ ჭერქვეშ (და, რა თქმა უნდა, თანხმობასა და სიყვარულში) ცხოვრობს რამდენიმე თაობა. არიან ბავშვები, მშობლები, ბებია-ბაბუები და, ღმერთმა ქნას, დიდი ბებია-ბაბუებიც. ასეთ ოჯახებში ბავშვები უკეთ ვითარდებიან და ეს აღიარებული ფაქტია. ბავშვებს სჭირდებათ მრავალმხრივი ცხოვრებისეული სურათ-ხატები ოჯახის სხვადასხვა თაობის წევრებისაგან.
ჰუმანური პედაგოგიკის შემთხვევაში ბებია-ბაბუები მშობლებს არ «ეზედმეტებათ», არამედ პირიქით, მათ თავისი დაუფასებელი წვლილი შეაქვთ ბავშვების ადამიანად ჩამოყალიბების პროცესში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ბავშვები მუდმივად ხედავდნენ მშობლების პატივისცემას ბებია-ბაბუების მიმართ. ეს საჭიროა მათი პიროვნების აღზრდისათვის.
აქედან გამომდინარე ჯობია ვიფიქროთ არა «ოქროს შუალედების» ძებნაზე, არამედ ჩვენს თავში მეტი სიყვარულის პოვნაზე საკუთარი და მეუღლის მშობლების მიმართ. იქ, სადაც გამოვგვდის გავაღვიძოთ სიყვარული უფროსი თაობის ადამიანების მიმართ, იბადება აღზრდის სიბრძნეც — ჩვენი შვილები მარტო ჩვენთან არ მოსულან, ისინი ბებია-ბაბუებთანაც მოვიდნენ და მათი განსაკუთრებული სიყვარული ბავშვებს ძალიან სჭირდებათ.

mshoblebi

- ყველა დროში არსებობდნენ მკაცრი და ლოიალური მშობლები. რამდენად ამართლებთ სიმკაცრეს, როგორი უნდა იყოს „სწორი“ სიმკაცრე, რომ ბავშვს სარგებელი მოუტანოს და არა ტრავმა.

- ეს დამოკიდებულია იმ საფუძველზე, რასაც ეფუძნება ბავშვების აღზრდა.
ჰუმანური პედაგოგიკის ფუნდამეტია უპირობო სიყვარული ბავშვების მიმართ. ამაზე წერდნენ ტრაქტატებს პედაგოგიკის კლასიკოსები. იქ, სადაც უპირობო სიყვარულის საძირკველის ჩაყრა კარგად გამოგვდის, დროული და საჭირო სიმკაცრე აღზრდის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს.
ხშირად გვიჭირს ბავშვებთან თანხმობის პოვნა, რადგანაც გვეჩქარება, არ გვყოფნის ბავშვის ფსიქოლოგიის გაგება და აქ იძულებული ვხდებით გამოვიჩინოთ მეტი სიმკაცრე იმისათვის, რომ უფრო ჩქარა და ეფექტურად შევძლოთ ბავშვების იძულება, გააკეთონ ის, რაც საჭიროდ მიგვაჩნია. ასეთ სიმკაცრეს ვერ დავეთანხმები, რადგანაც ეს უფრო ძალადობას ჰგავს და, რა თქმა უნდა, დამანგრეველია ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესისათვის.


- როგორც გამოცდილმა მამამ, შეგიძლიათ რამდენიმე რჩევა მისცეთ სხვა მამებს?

- ჩავრთოთ ბავშვები, მათი შესაძლებლობების მიხედვით, ნამდვილ დიდურ ცხოვრებაში და გავიხადოთ ისინი თანამონაწილეები და მეგობრები. საუკეთესო მამა იქნება ის, ვისთანაც ბავშვები თავს გრძნობენ ნადვილ გაზრდილ ადამიანებად, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ. მამა — თავისი შვილების საუკეთესო მეგობარი, ეს არის მამის იდეალი.


- ბატონი შალვა როგორ მამა იყო და თავად როგორი მამა ხართ?

- იდეალური მამა ვერავინ ვერ იქნება, მაგრამ ჩემი მამაც და მეც ვცდილობდით და მომავალში ვეცდებით ვისწავლოთ ვიყოთ იდეალურები. შეცდომები ყოველთვის იქნება. მთავარია, ჩვენი შვილები ხედავდნენ ჩვენს სწრაფვას ვიყოთ უკეთესი მშობლები.


- რა გეგმები გაქვთ ახლა, იქნებ ისაუბროთ დაგეგმილ სემინარებზე და სამომავლო გეგმებზე.

- სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ძალიან საინტერესო ცენტრი - “ამონაშვილის აკადემია მშობლებისათვის”. რამდენადაც ვიცი, აკადემია გეგმას ძალიან ბევრ აქტივობას მომავალში, ხოლო ამ ეტაპზე 28 აპრილს, თბილისი მარიოტში დაგეგმილია პირველი ღონისძიება - ჩემი სემინარი მშობლებისათვის თემაზე “ბავშვის განვითარება და ოჯახის ჰარმონიული ცხოვრება”.
სემინარზე განვიხილავთ, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი აღზრდის პროცესი და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროცესში თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები. ასევე, ვისაუბრებთ თანხმობის ფსიქოლოგიის შესახებ და თუ როგორ შეიძლება ოჯახში კონფლიქტების თავიდან აცილება და ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება. რაც მთავარია, ყველა ერთად ვიფიქრებთ, როგორ უნდა გავხდეთ უკეთესი მშობლები, დედები თუ მამები, ბებიები თუ ბაბუები, და, ზოგადად, უკეთესი აღმზრდელები. სემინარის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, შეკითხვები დავუსვათ ტრენერს შეკითხვები და ერთად მოვძებნოთ ჩვენი პირადი პრობლემების გადაჭრის გზები.


სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა:
https://goo.gl/forms/LuhgHgzxMZoQhF2z1

ხოლო დამატებითი ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.facebook.com/amonashviliacademy/

ესაუბრა სალომე გორგოშიძე
3371
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?