"მათრახი გადაარტყა ფეხებზე მასწავლებელმა და სულ "კრეტინო, იდიოტოს" ღრიალებდნენ მთელი დღე" მასწავლებლების მხრიდან ზედმეტი სიმკაცრის და დასჯის არაადეკვატური მეთოდების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. თემა კვლავაც აქტუალური რჩება და მშობლები კვლავაც საუბრობენ ამ თემაზე. ამჯერად სოციალურ ქსელში მაია სიმონიშვილის პოსტი გავრცელდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"დილას ერთმა მშობელმა დაწერა, იქვე დავუკომენტარე, საღამოს მეორე მშობელმა ცალკე დაწერა და ორივეს გიზიარებთ:
***
მესამე კლასში როცა იყო ჩემი შვილი, ქართულ ცეკვაზე შევიყვანე. 2 კვირაში გაგიჟებულები გამოვიქეცით, მათრახი გადაარტყა ფეხებზე მასწავლებელმა და სულ "კრეტინო, იდიოტოს" ღრიალებდნენ მთელი დღე.
მეოთხე კლასში ცურვაზე შევიდა და იქაც კაცი მასწავლებელი იყო, ბოლო ხმაზე უყვიროდა - ამოგათრევ, ახლა და გირტყამ, შე ვირიშვილო, ფეხები ისე დაიჭირე, როგორც გასწავლეო. ისე ეშინოდა იმ კაცის, ის 1-თვიანი აბონემენტი ძლივს ჩავამთავრეთ და გამოვიქეცით.
მეხუთე კლასშია და ფეხბურთიდან მოვიდა დღეს აბღავლებული, "ჟუაჩკას" ვღეჭავდიო და მასწავლებელმა გამოართვა და თმაში ჩააზილა ძირებამდე. ავკორტნე ახლა და ტირის, აღარ მივალო. მეთქი სადამდე ვირბინოთ ასე, შვილო, სად დავიმალოთ, სად წაგიყვანო. მაპატიე, რომ ვერ გაგხიზნე და აქ გზრდი. უკვე დიდი ხარ და უნდა გაგიმხილო, რომ აწი სულ ასეთ $#$-ობები შეგხვდება გზადაგზა, დროა დაკიდება ისწავლო. სხვა რა ვუთხრა? 5 წელია ვიბრძვი და იმას ვასწავლი, რაც მე მინდა და არა იმას, რასაც სოციუმი მკარნახობს. 5 წელი ყველა ასეთ შემთხვევაზე დავრბივარ და ყველას ვუხსნი, რომ სხვა დროა, არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო იმიტომ, რომ ბავშვია და გაგივა. შენიშვნის მიცემა და დასჯა ისე უნდა მოახერხო, რომ დედა არ აგინო, ხელით არ შეეხო, არ დაამცირო. მშობლებიც არ მეთანხმებოდნენ...
რატომ იგინებიან და ილანძღებიან პედაგოგები და რატომ არ აპროტესტებენ მშობლები?
***
ახლა დაწერა მეორემ:
ჭადრაკზე მივიყვანე ბავშვი, ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა, გამოვიყვანე.
ცურვაზე მივიყვანე, მასწავლებელმა ხელი ჰკრა და წყალში ჩააგდო. დღეს ასევე დავინახე, როგორ მოარტყა ბავშვს დაფა საჯდომზე მისი მშობლის თვალწინ და მშობელი იცინოდა, იჯღანებოდა. მე რომ ახლა ამ მასწავლებელს მეორედ მოსვლა მოვუწყო, სხვა მასწავლებლის მსგავსად მეტყვიან, იდეალურ ქვეყანაში გინდა ცხოვრებაო?
მაგრამ, ამათ ქრისტე ღმერთიც ვერ უშველით ხვალ. ამხელა მორწმუნე ერს რა მოუნელებელი და გაუთავებელი სჭირს?
***
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ როდესაც საქართველოში პირველი ცარისტული გიმნაზია გახსნეს, ბავშვები სახლებში ნაცემები რომ მივიდნენ, მშობლების ისეთი პროტესტი მოჰყვა, გიმნაზია დაიხურა.
ვინც კი ცოტა შედარებით ჯანსაღი შემხვედრია და გამკვირვებია, ამდენი პრობლემის შემდეგ, საღად როგორ აზროვნებს-მეთქი, მიზეზები როცა შევადარე, აღმოჩნდა, რომ სხვა იმავე პრობლემური ბავშვებისგან განსხვავებით, არ ურტყამდნენ და არ სცემდნენ, არც სხვის ცემას აყურებინებდნენ".