ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ მოზარდების პრობლემები ხშირად ძალიან მძიმედ სრულდება. ამიტომ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება იმის ცოდნა, რა ინტერესები და მისწრაფებები აქვთ მათ, რით განსხვავდებიან თუნდაც მშობლების თაობის ახალგაზრდებისგან და რა სჭირდებთ ყველაზე მეტად. ლეილა ქიტოშვილი თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდა, როცა მას პიონერთა სასახლე ერქვა. მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. ხანდახან დღესაც უამრავ მოზარდს უწევს მეგობრობას, მასწავლებლობას, დედობას და ზოგჯერ ფსიქოლოგობასაც... დღევანდელ ახალგაზრდებზე სასაუბროდ სწორედ ქალბატონ ლეილას მივმართეთ.
"დღემდე ზუსტად ხუთი სკოლა გამოვიცვალე და გეფიცებით, თქვენნაირი მასწავლებელი არასოდეს მყოლია", - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომლის მსგავსიც ლეილა ქიტოშვილს ყოფილი მოსწავლეებისგან არაერთხელ მიუღია და დღემდე იღებს.
- 1977 წლიდან ვმუშაობდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. ჩემი საქმიანობის მთავარი ხიბლი ის იყო, დაპროგრამებული არავისგან ვყოფილვარ... მათ შორის, არც განათლების სამინისტროსგან, უბრალოდ, პროგრამა უნდა შემდგარიყო არასასკოლო ლიტერატურისგან და მოზარდ თაობასთან საერთო ენა უნდა მეპოვა, რაც არც ისე ადვილი გახლდათ. პირველად V-VI კლასელები ავიყვანეთ და საკმაოდ კარგად გავართვი თავი. იმდენად კარგად ვიმუშავეთ, რომ მომდევნო წელს უკვე VII-VIII კლასები მომცეს და მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა და როგორ უნდა მემუშავა... მერე თანდათან მეთოდისტი, 1983 წლიდან კი ლიტერატურის პედაგოგიც გავხდი.
ერთ ჩემს მოსწავლეს ვკითხე, მშობლის თანდასწრებით, ამ ზაფხულში, სამი თვის განმავლობაში რა წაიკითხე-მეთქი? არაფერიო... ვალდებული არ ვარ, სკოლის პროგრამა ვასწავლო, ჩემი ვალდებულება წაკითხულის გაანალიზება, მის გარშემო დისკუსია და აზრების ურთიერთგაცვლაა და როცა ასეთი მოუმზადებელი მოზარდი მოდის ჩემთან, მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო მასთან მუშაობა.
განსაკუთრებით მახსოვს ერთი გოგონა, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა, ხატავდა, ლექსებს წერდა, ჩანახატებს აკეთებდა, მისი ნამუშევრები დღემდე შენახული მაქვს. ამასთან, არც თანამედროვეობას იყო ჩამორჩენილი, ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი ჰქონდა... და საერთოდ, არიან ბავშვები, რომლებსაც ცხოვრებაზე სხვანაირი შეხედულება აქვთ, ჯანსაღი, რეალური და სხვა საზომი აქვთ, მაგრამ გულსატკენი ის არის, რომ ასეთები ცოტანი არიან...
ამ თაობას ნიჭისა და საკუთარი თავის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, ზარმაცები არიან, ურჩევნიათ, უფრო სხვა მიმართულებით განვითარდნენ. მაგალითად, ის, რაც ჩემს ასაკში მეცხრე-მეათეკლასელი ბიჭებისთვის იყო სიახლე, ახლა მეხუთე-მეექვსეკლასელებმა იციან, ოღონდ ვერ ვხვდები, რატომ აინტერესებთ ან რაში სჭირდებათ ამის ცოდნა. თუმცა ფაქტია, რომ ეს მათი თანატოლების თვალში დიდი პლუსია. დაწყებითი კლასის ბიჭები საოცრად კარგად ერკვევიან ქალის ფიზიოლოგიაში, მაგრამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები არ იციან... ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მოზარდი თაობა არ მიყვარს, უბრალოდ, ისინი ჩემთან უფრო გახსნილები არიან და სხვა კუთხიდან ვიცნობ, მათი ინტერესის სფერო დეტალურად ვიცი, რა უყვართ და რატომ აინტერესებთ და გული მწყდება.
ჩვენთან სხვანაირი მენტალიტეტია, ანუ მათ თავისებურად უყვართ და გამოხატავენ. ამასთან ერთად, საყვარელი ობიექტის შეფასების თავისებური კრიტერიუმი აქვთ, მაგრამ ჩემთვის ტრაგედიაა მათი სამეტყველო ენა, რითაც ისინი ერთმანეთს მიმართავენ და ეფერებიან, რომელ ლიტერატურულ ქართულზეა საუბარი, ჟარგონის იქით ვერ მიდის მათი დიალოგი.
ზოგჯერ ისეთი ფრაზეოლოგია მესმის, გაოცებული ვუსმენ, ვის მოაფიქრდა სიტყვის ასეთი "ფორმაცია". იცით, ახალგაზრდა ასაკში ოჯახის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მშობელს თვითონ აკლია აღზრდა. ხშირად მშობელი ისეთი ქართულით მელაპარაკება, რომ მისი შვილი არ შეიძლება, სხვანაირი იყოს. ამიტომ ყველაფერს სკოლას ნუ დავაბრალებთ, თუმცა არც მათი გულგრილობისთვის შეიძლება გვერდის ავლა.