"ნერვიულობა იმ 12 წლის განმავლობაში ჯობდა, როცა არ სწავლობდა, არ გეცალათ და ჩუმად იყავით" - მეგი კავთუაშვილის ბლოგი
"ნერვიულობა იმ 12 წლის განმავლობაში ჯობდა, როცა არ სწავლობდა, არ გეცალათ და ჩუმად იყავით" -  მეგი კავთუაშვილის ბლოგი
უნარებში ეროვნული გამოცდის შემდეგ მეგობარს დავურეკე. აბიტურიენტი შვილი ჰყავს, ბავშვის ამბავი მაინტერესებდა. გაღიზიანებული შემხვდა. მგონი ვერაფერიც ვერ დაწერა ამ უტვინომ. დაბნეულა, იქ რომ შესულა და გამოვიდა ყურებჩამოყრილიო. არ ველოდი ასეთ პასუხს. გამიკვირდა. იმედია, ბავშვს არ ესმის ჩვენი საუბარი-მეთქი. როგორ არ ესმის, აქ ზის, შენ თვითონ დაელაპარაკეო – მიუგდო შვილს ტელეფონი. ბავშვმა დალაგებულად ჩამოაყალიბა რაც დაწერა. მასწავლებელსაც ვესაუბრე და ვვარაუდობთ, რომ ცუდი შედეგი არ მექნებაო. დედა რატომ ღელავს-მეთქი. რავიცი, დილიდან ქოთქოთებს,
რომ ვერ ჩააბარო, რა უნდა გიყო, არ ვიციო!!
რა გინდათ ამ ბავშვებისგან?

გიკვირთ რატომ არის გამოცდა სტრესი? რატომ გამოდიან ბავშვები გამოცდიდან განერვიულებულები, ძალა გამოცლილები, უხასიათოდ?
წლების განმავლობაში სახლში თუ სკოლაში, ყოველი “დაჯექი იმეცადინე”-ს, ყოველი არ ნასწავლი მასალის, ყოველი გაცდენილი გაკვეთილის შემდეგ რომ ეროვნული გამოცდებით აშინებენ და ემუქრებიან ბავშვებს, ამ მართლაც მნიშვნელოვან ეტაპს რომ ბედნიერები ვერ შეხვდებიან, გასაკვირია ეს?

ბავშვობიდან დიდობაში გადასასვლელ საცალფეხო ხიდზე რომ გადადის მოსწავლე, თანადგომა უფრო სჭირდება თუ ნიშნისმოგება?! ცალკე მასწავლებელი ეტყვის, ხომ გეუბნებოდი – შემოდგომაზე ითვლიან წიწილებსო; ცალკე დედა იმუქრება – ერთი შედეგები გავიგო, მერე ნახავ შენო. გავა მერე ეს ბავშვი გამოცდაზე, ისე გავა რომ
არავის სჯერა მისი, არავინ ენდობა, არავის აქვს მისი იმედი. გავა და ან საწერკალამი აუფეთქდება სიცხეში და ან ფეხები დაუსველდება წვიმაში – ეგეთ ქალაქში ცხოვრობს, სადაც უფროსებმა სანიაღვრე სისტემები ვერ გააკეთეს და კალმებშიც ფულს ზოგავენ. მაინც მოახერხებს, დაწერს რაღაცას და უფროსები, რომლებსაც ვერც ხარისხიანი პასტები უყიდიათ და ვერც ქალაქი მოუწესრიგებიათ, იმაზე ედავებიან – რატომ მხრებში გამართული, ომახიანად არ გამოდიხარ გამოცდიდან, რატომ ხარ დაბნეული და ძალა გამოცლილი, გულს რად მიხეთქავო.

აბიტურიენტები დაძაბული ფსიქიკით შედიან გამოცდებზე, თითქოს ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება მათ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს, რა არის სანერვიულო – ზის და წერს. თუ რამე იცის – დაწერს თავისთვის, წყნარად და მშვიდად. არც სათვალის ზემოდან გადახედავს გამომცდელი, ვერც ძალით ჩაჭრას დაუპირებენ. რაც ისწავლა ჩააბარებს და გამოვა. რა არის აქ გულის გასახეთქი?! ან ქოლგით ხელში გარეთ ლოდინი რად უნდა?

– რომ ვერ ჩააბაროს? შესაძლოა, ეროვნული გამოცდები მართლაც ცხოვრების დიდი გზაჯვარედინია, მაგრამ ამით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება. სხვა უამრავი საშუალება არსებობს განათლების მისაღებად.
ახლა ნერვიულობას აზრი აღარ აქვს.

ნერვიულობა იქამდე სჯობდა, იმ 12 წლის განმავლობაში. როცა არ სწავლობდა ან არ ასწავლიდნენ ან არ გიჯერებდათ ან არ გეცალათ! და კიდევ ბევრი ან, მაგრამ მაინც ჩუმად იყავით, რომ ნერვები არ მოგშლოდათ.

ახლა ჩახუტების და პოზიტიური ემოციების გაცვლა-გამოცვლის დროა. ის დრო, ამდენი წელი რომ აშინებდით ბავშვებს – გახვალ ეროვნულ გამოცდებზე და მერე მე გავიცინებო!!
იცინეთ ახლა.. რა განერვიულებთ?!
მეგი კავთუაშვილი
5151
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
!!!
0
იცით რა, დასტრესილიები იმიტომ შედიან და იმიტომ არის ასეთი ამბავი, რომ მსგავსი იდიუტური სისტემა, რომელიც ბავშვებს სწავლას აზიზღებს, არც ერთ ქვეყანაში არ არის! კარგით რა, სიხარულით უნდა შეცქრიალდნენ თურმე გამოცდაზე, უკაცრავად და რეპეტიტორთან თუ არ მოემზადა ბავშვი რა გგონიათ სკოლაში ასწავლიან იმას რაც იმ ტესტებშია მოთხოვნილი?? ერთეულები აბარებენ ურეპეტიტოროდ ისიც ან ვუნდერკინდია, ან უბრალოდ ბარიერებს გადალახავ... ეს სამართლიანია? ასეთი რაღაც არსად არ ხდება, რატომ მთხოვ იმას, რაც არასოდეს არ გისწავლებია სკოლაში?? ანუ ვალდებულია მშობელი, რომ 4-5- ათასი დოლორი გადადებული ჰქონდეს და ბოლო წელს მოამზადონ შვილები, იცით რომ 12 კლასში საერთოდ არ დადიან ბავშვები საჯარო სკოლაში იმიტომ რომ ყველა ემზადება? რასაც ასწავლი სკოლაში ის მოთხოვე, ან სკოლა გააუმჯობესე და მერე მოსთხოვე! მაგრამ ვერ გააუმჯობესებენ, იცით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მგონი სადაც ჩააბარებ თუ არა გამოცდებს, გაუგებარი ეროვნული გამოცდებით წყდება და არა სკოლის ქულებით და აკადემიური მოსწრებით, ანუ მნიშვნელობა არ აქვს ოროსანი ხარ თუ ხუთოსანი მთავარია ბოლო წელს მოემზადო და ის ოროსანიც და ხუთოსანიც ერთ მერხზე მოხვდებიან უნივერსოტეტში, უბრალოდ შეიძლება ოროსანს გრანტი არ ჰქონდეს და რა მოტივაციით უნდა ისწავლოს ბავშვმა სკლაში ერთ ქვაბში თუ იხარშება ის ოროსანიც და ხუთოსანიც? და კიდევ რამდენი ხარვეზი და უბედურება, ეს გამოცდები არის სრული სისულელე და კომპიუტერულ მეცნიერებებზე რომ ისტორიით აბარებ და სამედიცინოზე მათემატიკით, ეგ კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ გვყავს ამდენი ვაი სპეციალისტი... ჩამყაყებული, სულელური სისტემა!!!
16:41 / 16-08-2018
ნნნნ
0
5პაკახუხობა ღუპავს საქართველოს სად უნდა იმუშაონ ამდენ უმაესდამთავრებულმა? ბევრი დარწმუნებული ვარ იმიტომ აბარებს რომ მშობლებმა იპაკაზუცონ იმის მაგივრად რომ რამე ხელობა ისწავლონ. პროფესიას დაეუფლნონ დედმამის და ბებიაბაბუის კაპრიზებზე აბარებენ რომ მერე იმათ გამოიდონ თავი როცა თვითონ მშობლები არიან უსწავლელები უმეტეს შემთხვევაში გაანებეთ ახალგაზრდებს თავი ისწავლონ ის რისი გაქანებაც აქვთ
18:11 / 11-08-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```