"შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაჰუმანურია მთელი ეს პროცესი, რომელსაც სახელმწიფო, სკოლა და მათთან ერთად მშობლები ჩვენს 18 წლის შვილებს ვუტარებთ" იურისტი და საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ქალი თავდაცვის მინისტრი,თინა ხიდაშელი მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებს ეხმიანება. როგორც ჩანს, ქალბატონ თინას წელს პირადად შეეხო ეროვნული გამოცდები თავისი პლიუს-მინუსებით და ამ თემაზე საკუთარ ფესბუქ გვერდზე პოსტიც დაწერა...
"აბიტურიენტის დედის ფიქრები ხმამაღლა განათლების მომავალი მინისტრისთვის!
ორშაბათიდან გამოცდები იწყება. წარმოუდგენლად მშვიდად ვარ, არადა მეგონა, ეს დღე რომ დადგებოდა, უბრალოდ გასაკოჭი გავხდებოდი.
ვდარდობ მიზეზზე. იმდენად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაჰუმანურია მთელი ეს პროცესი, რომელსაც სახელმწიფო, სკოლა და მათთან ერთად მშობლები ჩვენს 18 წლის შვილებს ვუტარებთ, რომ სანერვიულო სწორედ მასში მონაწილოებაა, და არა შედეგი რომელიც დადგება.
დავიწყოთ ყველაზე მარტივი, ლოგისტიკური საკითხით. დიახ, 43 გრადუს სიცხეში, სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვების რამდენიმე საათით ოთახებში გამოკეტვა არის შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობის მაგალითი. სახელმწიფო ამას რომ აკადრებს 18 წლის ახალგაზრდებს ეს ბევრი რამის მთქმელია; თავისთავად ის, რომ ერთი თვის მანძილზე ორჯერ აბარებენ ბავშვები ერთსა და იმავე გამოცდებს ერთი მხრივ ადამიანური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის ფლანგვის, ხოლო მეორე მხრივ აბიტურიენტებზე ძალადობის მაგალითია; წელს პირველად საფუძვლიანად შევისწავლე ტესტები, საკითხები, გამოცდების სტილი და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფო 18 წლის ახალგაზრდების მიმართ უბრალოდ არაჰუმანური და რეპრესიული პოლიტიკის გატარებით არის დაკავებული, აბსოლუტურად არაფრის მომცემია ეს გამოცდები. უშინაარსო, უტვინო გამოცდებია ორივე, რომელიც არც ზოგად განათლებას ამოწმებს, არც ინტელექტს, არც ცოდნას რომელიც გჭირდება და უკეთესი ხვალის უზრუნველსაყოფად გამოგადგება. ერთადერთი რაც სახელმწიფოს აინტერესებს და შესაბამისად ამოწმებს, არის ის, თუ როგორია ზუბრიაკობის დონე ამა თუ იმ ბავშვის შემთხვევაში. ექსპერიმენტისთვის გიგას (11 წლის) ჩავაბარებინე შარშანდელი ტესტები და პრაქტიკულად 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, თუ გამოვაკლებთ ტექნიკურ ნაწილს რომელიც უბრალოდ მე-6 კლასელობის გამო ჯერ არ უსწავლია. ის, რომ ასეთი სამარცხვინო და აბსოლუტურად არაფრის მომცემია ეს გამოცდა, თავად მისმა ავტორებმაც იციან როგორც ჩანს, და ამიტომ სრულიად ფორმალური ხასიათი მისცეს. ზღვარი, რომელიც დადგენილია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია პედაგოგისთვისაც, აბიტურიენტისთვისაც და საბოლოოდ, ერთი დიდი ეროვნული სირცხვილია. ადმინისტრაციული წესები, წყლის შეტანა, საწერი კალმის შეტანა, ბეჭედი უკეთია თუ არა? აქ რომელი სმაილიკი უნდა დავწერო, არ ვიცი.
რატომ ვატარებთ ყოველ წელს ჩვენს შვილებს ამ სისტემაში? რის დამტკიცებას ვცდილობთ? რას ვადგენთ იმით, შუშანიკის მამის სახელი ახსოვს თუ არა ჩვენს მოსწავლეს? რა ღირებულების მატარებელია მათი მომავლისთვის, უკეთეს მოქალაქეებად შედგომისთვის ეს ტექნიკური ინფორმაცია რომელის დაზეპირებასაც ვითხოვთ? და იქაც კი სადაც შედარებით აზრიანია ტესტი შეურაცხყოფის ზღვარზე მყოფი ბარიერი იმ მცირე შანსსაც ართმევთ რომელიც ოდნევ გაიალვებს ხოლმე".
თეკლა ჟვანია