მე "გაანათლეო თუ გააძლიერე საქართველო" პროგრამით ვარო გამოგზავნილი განათლების სამინისტროდანო და ჩვენ შშმ ბავშვებთან მუშაობას არ გვასწავლიანო!!!
დაბა თიანეთის მეორე საჯარო სკოლის, მე-6 კლასის მოსწავლის მშობელმა, მარი ბურდულმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმის შესახებ წერს, თუ როგორ დატოვა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ბუნების მასწავლებელმა შემაჯამებელი ტესტის დაწერის გარეშე:
"მეორე კვირაა ვფიქრობ, დავწერო თუ არა ეს ფაქტი, რაც მე და ჩემს შვილს შეგვეხო. ვწერ, რადგან არ შეიძლება უთქმელობა, რადგანაც ერთ ფაქტს მეორე მოყვა და ისევ უთქმელობამ ახალი ტკივილი მომაყენა. 24 ოქტომბერს სკოლიდან მოსულმა ნინომ მითხრა, რომ ბუნებაში საკონტროლო ქონდათ და მასწავლებელმა მას არ დააწერინა, მეტიც არ დამიბეჭდეს ტესტიოო! კლასელებიც მოვიდნენ, მითხრეს და დამიდასტურეს რომ ასე იყო. გავბრაზდი, რადგან სულელური მიზეზი უთხრა ბავშვებს, ნინო კლასის ცენტრში ზის და მის დროს ვერ გათავდებოდა ფურცელი! დავურეკე დირექტორს და გადაირია ქალი, რას ჰქვია გამოტოვაო! დირექტორისგან მიიღო დიდი შენიშვნა და მან კი თქვა, რომ ნინოსთვის სხვა მქონდა გამზადებული და კლასში შეტანა ვერ მოვახერხეო! მოვთოკე თავი და გავჩერდი! (ძალიან ვნანობ)! 30-ში დავესწარი გაკვეთილს და გაკვეთილის ბოლოს მოვიდა ჩემთან , საწყენი არაფერი გამიკეთებიაო, მზად მაქ ტესტი და დავაწერინებ მერეო, მე სპეცმასწავლებელი არ ვარო, იქნებ სპეცმასწავლებელმა გაიყვანოსოო-გავგიჟდი! მე "გაანათლეო თუ გააძლიერე საქართველო" პროგრამით ვარო გამოგზავნილი განათლების სამინისტროდანო და ჩვენ შშმ ბავშვებთან მუშაობას არ გვასწავლიანო!!! (ახალი მასწავლებელია, ახლა მოვიდა). განათლების სამინისტრო!!! ასეთები გაანათლებენ საქართველოს და მის მომავალს?! მესამე დღეა და ყველაზე საწყენი ის არის ჩემთვის, რომ ამდენი დღე და ამდენი საყვედური არაფერს ნიშნავს მისთვის, ვერაფერს მიხვდა! ვერ შეიფერა ეს სკოლა!.. და ეს იმიტომ მოხდა, რომ თავიდანვე პირში არ მივახალე მისი უპასუხისმგებლობა, როცა მე და პედაგოგებს შეხვედრა გვქონდა ნინოს სასწავლო წელთან დაკავშირებით და მან ძილს თავი ვერ დააღწია, უხერხულობისგან თვალს ვარიდებდი! არც ღონისძიების გაუგია რამე, რომელიც სკოლამ მოაწყო ოქტომბრისთვეში - დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლება, არც დასწრებია!არ მეგონა, მეექვსე კლასში თუ ეს მელოდა! როგორ უყვარს ნინოს ბუნება! დღემდე ჟურნალში არც ერთი ნიშანი არ არის დაწერილი!"
როგორც ქალბატონი მარი mshoblebi.ge-სთან საუაბრში აღნიშნავს, სკოლაში ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს თავს და სკოლის ადმინსტრაციასთან პრეტენზიები არ აქვს. მისი განაწყენება ამ კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია, რომელიც ბუნების მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ უყურადღებობას მოჰყვა.
- დირექციამ მოთხოვა პასუხი და იმიტომ დამელაპარაკა მე. ნეტავ, არ დამლაპარაკებოდა. უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამიტომაც დავწერე ეს წერილი. თვითონ დირექტორი ასწავლის ქართულს და გადასარევად გრძნობს ნინო თავს მასთან. ზოგადად, ნინოს ყველა კარგად ამუშავებს. ძალიან კარგი ბუნების მასწავლებელი გვყავდა, ძალიან უყვარს ბუნება. სამწუხაროდ წავიდა. ნიშნები საერთოდ არა აქვს დაწერილი მგონი, მთელი კლასისთვის.
მშობლის მიერ აღწერილ ამბავთან დაკავშირებით სკოლის დირექტორს ლელა ზატუაშვილს დავუკავშირდით:
- აღნიშნული ფაქტის შემდეგ, რაზეც მშობელი წერს თავის პოსტში, რა მოიმოქმედა მასწავლებელმა?
- მეც გავეცანი ამ პოსტს და მასწავლებელმაც წაიკითხა, თუ რის შესახებ წერდა მშობელი. მასწავლებელი ხვდება, რომ შეეშლა მშობელთან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეცდომა დაუშვა ბავშვთან მიმართებაში. აბსოლუტურად მესმის, მშობელმა რა განიცადა. მეც ძალიან შემეხო ეს ყველაფერი ემოციურად.
- მარი ბურდული ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მასწავლებელი ვერ ხვდება თავის შეცდომას და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
- მასწავლებელმა მაშინვე დაიწყო შემაჯამებელი ტესტის შედგენა, თუმცა მშობელთან თავის მართლებას შეეცადა და უფრო გააღიზიანა იგი. თქვა, რომ მისთვის არ უსწავლებიათ, როგორ ემუშავა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან.
- რატომ არ მიმართა ბუნების მასწავლებელმა სპეცმასწავლებელს დახმარებისთვის?
- ბუნების მასწავლებელი ახალი გადმოსულია ჩვენს სკოლაში. მე მას გავაცანი სიტუაცია, გავაცანი ჩვენი სპეცმასწავლებელიც, თუმცა ამ სამწუხარო ფაქტს ვერ გავექეცით. ბავშვზე მთელი სკოლა ვზრუნავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, მან კონფორტულად იგრძნოს ჩვენთან თავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს. დღეს გაკვეთილების შემდეგ, მე უნდა გავესაუბრო ბუნების მასწავლებელს და ის მიიღებს ჩემგან გაფრთხილებას.
რუსკა კილასონია