2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. აღნიშნულ ცვლილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცვლილება ზოგისთვის მისაღებია ზოგისთვის- არა. ამ თემაზე თავის შეხედულება მოგვწერა ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც გვთხოვა ანონიმურად გამოგვეყნებინა მისი წერილი, გარკვეული უხერხულობის თავიდან ასაცილებლად.
„ძალიან განვიცდი და გული მწყდება იმაზე, თუ როგორ დღითიდღე აშიშვლებენ და ტყავს აცლიან სასკოლო განათლებას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა მასაწვლებელი მოწოდების სიმაღლეზეა და პროფესიონალურად უძღვება საგაკვეთილო პროცესს, მაგრამ არც მათ მოეკითხებათ ჭკუა, რომლებიც "ვაი რეფორმების" მოტივით ახალ-ახალ მეთოდებს გვთავაზობენ. ამ წლების განმავლობაში რამდენს გავუძელით მასწავლებებმა, ამაზე აქ არაფერს დავწერ, სიტყვა გამიგრძელდება, უშუალოდ ამ კონკრეტულ თემას შევეხები. დიახ, შეცდომა და მიუღებელი იყო პირადად ჩემთვის, სკოლის გამოსაშვები გამოცდები თავისი ფორმითა და შინაარსით, სკოლაში 12 წლის სწავლის შესაფასებლად, მოსწავლის და მასწავლებლის დასაფასებლად ეს გამოცდები იყო სამარცხვინო, მაგრამ ბოლო წლებში მაინც ჰქონდათ ბავშვებს მცდელობა რაღაც წაეიკითხათ, ეს თავის მოტყუება უფრო იყო, ვიდრე იმის დამტკიცება, რა ვასწავლეთ და რა ისწავლეს მათ სკოლაში. მართალია, მასწავლებლებს ნაკლებად გვეკითხებიან აზრს, როცა სიახლეებს და რეფორმებს გვახვევენ თავს, მაგრამ მაინც მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს, გამოცდები უნდა იყოს ყოველი სასწავლო წლის დასასრულს. ამით მოსწავლეებს არაფერი დაუშავდებათ. ბოლოსდაბოლოს სკოლა ხომ საგნმანათლებლო სივრცეა და არა გასართობი დაწესებულება. მოსწავლეების უმრავლესობა რომ წიგნისგან და გაკვეთილსგან შორს იყო ამდენი წლის განმავლობაში, ამაში დიდი წვლილი ჩვენს სამინისტროს და იქ მომუშავე ხალხს მიუძღვის, ჩვენთან ერთად. ნუ ვიქნებით ტრაფარეტულები და ნუ გავიმეორებთ ათასჯერ, ვისაც სწავლა უნდა, ისედაც ისწავლის და ასედაც, ეს სულ ასე იყო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, ვისაც არ აქვს გაცნობირებული თავისი მოვალეობები სკოლის ფარგლებში. წლებია ვადევნებ თვალს რეფორმებს, გავდივარ ტრენინგებს და მე ბავშვის ადგილი ვერ ვიპოვე, ვერ დავინახე სურვილი, რომ გინდათ მას მისცეთ განათლება. ახლა ვიღაც გამომედავება, მასწავლებლებს არ ჰყოფნით კომპეტენციაო, რიგ შემთხვევაში ასეც არის, მაგრამ თქვენ, ვინც არ დაიღალეთ დაუსრულებელი რეფორმებით და ვერ დადექით რელსებზე, რა გეტყობათ კომპეტენციის. არასდროს ვყოფილვარ ჩემი მოსწავლეების რეპეტიტორი, ისტორიას ვასწავლი ბავშვებს და ჩემმა მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულები აიღეს. ვისი ბრალია, ჩემი კოლეგები, რომ შეწუხდნენ? რა გვეშველება, თავი რით ვირჩინოთ, გამოცდები გააუქმეს და მოსამზადებელი ბავშვები არ გვეყოლებაო? დააფასეთ მასწავლებელი, გადაუხადეთ მას ღირსეული ხელფასი, რომ არ დასჭირდეს სკოლის შემდეგ იმაზე ფიქრი, რომ მოსწავლე
ამეცადინოს და თავი და ოჯახი ასე არჩინოს.
P.S. ციდან კი არა მიწიდან უნდა დაიწყოთ პრობლემების მოგვარება და ბავშვებს ნუ უყურებთ, როგორც საცოდავ არსებებს, რომლებსაც სწავლის და გამოცდების გამო თითქოს რამე უშავდებათ. "
შეგახსენებთ, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ხოლო 2018-2019 სასწავლო წელს სკოლის მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდა ჩატარდება არსებული ფორმატით და მასზე გავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ წელს დაიწყეს საგამოცდო ციკლი და მე-11 კლასში ჩააბარეს გამოცდა 4 საგანში ან რომელიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი.