"წიგნისადმი სიყვარული ლექსების იძულებით დაზეპირებით კი არა, ხალისიანი კითხვით ღვივდება" - რატომ სჭირდებათ პატარებს საბავშვო ლიტერატურა
"წიგნისადმი სიყვარული ლექსების იძულებით დაზეპირებით კი არა, ხალისიანი კითხვით ღვივდება" - რატომ სჭირდებათ პატარებს საბავშვო ლიტერატურა
ბოლო პერიოდში ახალი "ეპიდემია" გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველაფერი კი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების დრო დაიწყო. ვიღაცამ ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან ამოღებული ლექსის ფრაგმენტი გააზიარა და მოაყოლა კომენტარი -აი, რა უნდათ, რომ ასწავლონ ბავშვებს სკოლაში! ძალიან მალე მსგავსი გაზიარებები სრულ ისტერიად იქცა. ლექსის ფრაგმენტი, ავტორის გარეშე და არა მხოლოდ კრიტიკა (რომელიც, ძალიანაც საჭიროა და რაც არ გვაქვს), არამედ ლანძღვა, გინება და ქვეყნიდან გაძევება-მოკვლის (!) მოთხოვნებიც კი.
კარგია, რომ ადამიანებს შეუძლიათ აზრი გამოთქვან თავისუფლად, მაგრამ
ავიწყდებათ, რომ აზრის გამოთქმა არ ნიშნავს ლანძღვას, შეურაცხყოფას, მით უფრო, როცა ხშირად ამ აზრით საკუთარ უმეცრებას ავლენენ. დარწმუნებული ვარ, მათგან ბევრს ბავშვობაში ორიოდე წიგნი რომ წაეკითხა, უკეთესად შეძლებდა წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც და საკუთარი აზრის გამოხატვასაც.
უცნაური ის არის, რომ ამ კომენტარებს წერენ დიდები, ხოლო ბავშვებს, რომლებიც ყველაზე უტყუარი შემფასებლები არიან, არავინ ეკითხება, რა მოსწონთ და რა - არა.
mshoblebi
როცა ბავშვებისთვის წერა დავიწყე, ორი უპირველესი და მთავარი "კრიტიკოსი" მყავდა - ჩემი შვილები. სწორედ მათ ვუკითხავდი პირველად და მათი რეაქცია და შეფასებები მეხმარებოდა, საბოლოო სახე მიმეცა ლექსისთვის.
დღეს ხშირად მიხდება შეხვედრები ბავშვებთან - სკოლებში, ბაღებში, ყოველ შაბათს მწერალთა სახლში... სულ ვაკვირდები, როგორ ისმენენ ლექსებს, რა
ემოცია აქვთ, რას იტყვიან... ბავშვები, დიდებისგან განსხვავებით, არასოდეს იტყუებიან შეფასებებში - ამბობენ გულწრფელად, მოეწონათ თუ არა. სამწუხაროდ, ხშირად უფროსები აიძულებენ, ისწავლონ სრულიად არასაბავშვო ლექსები, იზეპირონ, წაიკითხონ გამოთქმით...


alt"რატომ უნდა მუშაობდნენ ასეთი ადამიანები სკოლაში, გამუდმებით რატომ უნდა ვუკრავდეთ არტახებს მომავალ თაობას"



მახსოვს, თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვიყავი მიწვეული. პრესტიჟულ ბაღად რომ ითვლება, ისეთში. ვიდრე მასწავლებელი შემოვიდოდა, აღმზრდელმა შემოიყვანა ბავშვები ოთახში და საუბარი დავიწყეთ. უცებ გახალისდნენ, ამბობდნენ თავის საყვარელ ლექსებს, ექსპრომტად იგონებდნენ კიდეც მხიარულ ამბებს და ერთად ვიცინოდით. შემოვიდა მასწავლებელი. - აბა, დავსხედით სწორად! დაიწყე! - მიმართა ერთ-ერთ ბავშვს და მანაც დაიწყო...
mshoblebi
დაიწყო გრძელი და ბავშვებისთვის მომაბეზრებელი ლექსები წინაპრებზე, ომზე, სისხლზე, სამშობლოზე... თუ რომელიმეს შეეშლებოდა ან დაავიწყდებოდა, მასწავლებელი ისე გადაუბრიალებდა თვალებს, რომ ბავშვების ადგილზე მე სულ ვეღარ ამოვიღებდი ხმას. მოკლედ, ასე ჩავამთავრეთ ის შეხვედრა.
გეცნოთ სიტუაცია?
ცხადია, ყველგან არ ხდება ასე. უმეტესად, მასწავლებლები და ბავშვები ჩემთან ერთად ხალისობენ ხოლმე, ვიცინით კიდეც და შეკითხვებსაც სვამენ თავისუფლად. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს! რა არის საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება? ჩემი აზრით, ის, რომ ბავშვები მივაჩვიოთ აზროვნებას, მივაჩვიოთ საკუთარი აზრის გამოხატვას; არ ჩავუნერგოთ, რომ თუნდაც მცდარ აზრს არა აქვს არსებობის უფლება; მიეჩვივნონ, რომ შეკითხვის დასმა სირცხვილი არ არის, რომ წიგნისადმი სიყვარული ლექსების იძულებით დაზეპირებით კი არა, ხალისიანი კითხვით და თამაშის ელემენტებით გავუღვივოთ.

alt"მაყვალა მრევლიშვილიც გალანძღეს... ეს მიზანმიმართული კამპანიაა" - რატომ გახშირდა საბავშვო ავტორების დაცინვა სოციალურ ქსელში


ბავშვებს უყვართ მხიარული ამბები, ხალისიანი ლექსები, სასაცილო შინაარსი. საბავშვო სამყარო ხომ ასე განსხვავებულია უფროსებისგან. მაგრამ, აბა, როგორ გავაგებინოთ ზოგიერთ უფროსს, რომ საბავშვო ლექსში შეიძლება "ცაში გალობდეს კურდღელი"; რომ ბავშვები უამრავ უცნაურ შეკითხვას სვამენ და მათ ლექსიკონში ბევრი უცნაური სიტყვაა, თუნდაც ისეთი, როგორიცა "დღემურა"; რომ პინგვინს შეიძლება ანტარქტიდაში მაცივარი ჰქონდეს და აქლემი უდაბნოში ნაყინს ჭამდეს; რომ ლექსი შეიძლება რვაფეხაზეც დაწერო და სპილოზეც; რომ საბავშვო ლიტერატურაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ ცხადია, გემოვნებით, ხარისხიანად, რადგან სიყალბეს ბავშვებს ვერავინ გამოაპარებს და უფროსებზე ბევრად უკეთ ხედავენ, რა არის კარგი და რა - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, საბავშვო ლექსებში, ნამდვილად უფროსებზე უკეთ!
ვასო გულეური, საბავშვო მწერალი


1150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
eka
0
ეს ადამიანი არის დღევანდელი ქართული საბავშვო მწერლობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, არაჩვეულებრივი საბავშვო პოეზია აქვს. და სამწუხაროდ, სათანადოდ არ არის შეფასებული და დაფასებული. რა ითარგმნება, რას უწევენ პოპულარიზციას! თარგმნეთ ვასო გულეურის საბავშვო ნაწარმოებები და გაიტანეთ ქვეყნის გარეთ - ყველა ეროვნების ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავი იქნება.
14:21 / 18-06-2019
დაჯი
0
ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის და არაპროფესიონალიზმის ზეობაა ქვეყანაში.
22:36 / 02-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```