ბოლო პერიოდში ახალი "ეპიდემია" გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველაფერი კი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების დრო დაიწყო. ვიღაცამ ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან ამოღებული ლექსის ფრაგმენტი გააზიარა და მოაყოლა კომენტარი -აი, რა უნდათ, რომ ასწავლონ ბავშვებს სკოლაში! ძალიან მალე მსგავსი გაზიარებები სრულ ისტერიად იქცა. ლექსის ფრაგმენტი, ავტორის გარეშე და არა მხოლოდ კრიტიკა (რომელიც, ძალიანაც საჭიროა და რაც არ გვაქვს), არამედ ლანძღვა, გინება და ქვეყნიდან გაძევება-მოკვლის (!) მოთხოვნებიც კი.
კარგია, რომ ადამიანებს შეუძლიათ აზრი გამოთქვან თავისუფლად, მაგრამ ავიწყდებათ, რომ აზრის გამოთქმა არ ნიშნავს ლანძღვას, შეურაცხყოფას, მით უფრო, როცა ხშირად ამ აზრით საკუთარ უმეცრებას ავლენენ. დარწმუნებული ვარ, მათგან ბევრს ბავშვობაში ორიოდე წიგნი რომ წაეკითხა, უკეთესად შეძლებდა წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც და საკუთარი აზრის გამოხატვასაც.
უცნაური ის არის, რომ ამ კომენტარებს წერენ დიდები, ხოლო ბავშვებს, რომლებიც ყველაზე უტყუარი შემფასებლები არიან, არავინ ეკითხება, რა მოსწონთ და რა - არა.
როცა ბავშვებისთვის წერა დავიწყე, ორი უპირველესი და მთავარი "კრიტიკოსი" მყავდა - ჩემი შვილები. სწორედ მათ ვუკითხავდი პირველად და მათი რეაქცია და შეფასებები მეხმარებოდა, საბოლოო სახე მიმეცა ლექსისთვის.
დღეს ხშირად მიხდება შეხვედრები ბავშვებთან - სკოლებში, ბაღებში, ყოველ შაბათს მწერალთა სახლში... სულ ვაკვირდები, როგორ ისმენენ ლექსებს, რა ემოცია აქვთ, რას იტყვიან... ბავშვები, დიდებისგან განსხვავებით, არასოდეს იტყუებიან შეფასებებში - ამბობენ გულწრფელად, მოეწონათ თუ არა. სამწუხაროდ, ხშირად უფროსები აიძულებენ, ისწავლონ სრულიად არასაბავშვო ლექსები, იზეპირონ, წაიკითხონ გამოთქმით...
მახსოვს, თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვიყავი მიწვეული. პრესტიჟულ ბაღად რომ ითვლება, ისეთში. ვიდრე მასწავლებელი შემოვიდოდა, აღმზრდელმა შემოიყვანა ბავშვები ოთახში და საუბარი დავიწყეთ. უცებ გახალისდნენ, ამბობდნენ თავის საყვარელ ლექსებს, ექსპრომტად იგონებდნენ კიდეც მხიარულ ამბებს და ერთად ვიცინოდით. შემოვიდა მასწავლებელი. - აბა, დავსხედით სწორად! დაიწყე! - მიმართა ერთ-ერთ ბავშვს და მანაც დაიწყო...
დაიწყო გრძელი და ბავშვებისთვის მომაბეზრებელი ლექსები წინაპრებზე, ომზე, სისხლზე, სამშობლოზე... თუ რომელიმეს შეეშლებოდა ან დაავიწყდებოდა, მასწავლებელი ისე გადაუბრიალებდა თვალებს, რომ ბავშვების ადგილზე მე სულ ვეღარ ამოვიღებდი ხმას. მოკლედ, ასე ჩავამთავრეთ ის შეხვედრა.
გეცნოთ სიტუაცია?
ცხადია, ყველგან არ ხდება ასე. უმეტესად, მასწავლებლები და ბავშვები ჩემთან ერთად ხალისობენ ხოლმე, ვიცინით კიდეც და შეკითხვებსაც სვამენ თავისუფლად. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს! რა არის საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება? ჩემი აზრით, ის, რომ ბავშვები მივაჩვიოთ აზროვნებას, მივაჩვიოთ საკუთარი აზრის გამოხატვას; არ ჩავუნერგოთ, რომ თუნდაც მცდარ აზრს არა აქვს არსებობის უფლება; მიეჩვივნონ, რომ შეკითხვის დასმა სირცხვილი არ არის, რომ წიგნისადმი სიყვარული ლექსების იძულებით დაზეპირებით კი არა, ხალისიანი კითხვით და თამაშის ელემენტებით გავუღვივოთ.
ბავშვებს უყვართ მხიარული ამბები, ხალისიანი ლექსები, სასაცილო შინაარსი. საბავშვო სამყარო ხომ ასე განსხვავებულია უფროსებისგან. მაგრამ, აბა, როგორ გავაგებინოთ ზოგიერთ უფროსს, რომ საბავშვო ლექსში შეიძლება "ცაში გალობდეს კურდღელი"; რომ ბავშვები უამრავ უცნაურ შეკითხვას სვამენ და მათ ლექსიკონში ბევრი უცნაური სიტყვაა, თუნდაც ისეთი, როგორიცა "დღემურა"; რომ პინგვინს შეიძლება ანტარქტიდაში მაცივარი ჰქონდეს და აქლემი უდაბნოში ნაყინს ჭამდეს; რომ ლექსი შეიძლება რვაფეხაზეც დაწერო და სპილოზეც; რომ საბავშვო ლიტერატურაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ ცხადია, გემოვნებით, ხარისხიანად, რადგან სიყალბეს ბავშვებს ვერავინ გამოაპარებს და უფროსებზე ბევრად უკეთ ხედავენ, რა არის კარგი და რა - ცუდი. ყოველ შემთხვევაში, საბავშვო ლექსებში, ნამდვილად უფროსებზე უკეთ!
ვასო გულეური, საბავშვო მწერალი