5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის აკრძალვა, ბუნებრივია, იმ ბავშვებსაც შეეხო, ვისაც სწავლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში უსრულდებათ 6 წელი. ამ თითზე ჩამოსათვლელი დღეების გამო ბევრ ბავშვს თავიდან უწევს ბაღში იგივე პროგრამის გავლა, რაც უკვე დასრულებული აქვს. ამას მშობლები დღემდე ძალიან მტკივნეულად განიცდიან და ყოველ წელს თხოვნით მიმართავენ სამინისტროს, გაითვალისწინოს მათი მდგომარეობს. მათ შორის არის ამ პოსტის ავტორი, პატარა გიორგის დედა ნინო ფეიქრიშვილიც. გთავაზობთ მის პოსტს:
"გაიცანით ეს გიორგია. 2013 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. 2 წლის რომ იყო, ბაღში წავიდა და ამ დღიდან დავიწყეთ გიორგის მრავალფეროვანი ინტერესების აღმოჩენა. ყველაფერს ძალიან სწრაფად უღებს ალღოს, 3 წლისა პირველად დადგა თხილამურებზე და აგერ უკვე 3 წელია აქტიურადაა ამ სპორტით დაკავებული.
3 წლის გიორგი დაინტერესდა ფოტოგრაფიით, საჩუქრად ჩვენი ძველი ციფრული ფოტოაპარატი მიიღო და იღებს მას მერე ადამიანებს, მცენარეებს, გვთხოვს ხოლმე ღამით გარეთ გაყვანას და ღამის ცას იღებს, ვარსკვლავები აინტერესებს, (ცოტა ფოტოაპარატი არ უწყობს ხელს თორემ საინტერესო ფოტოებს შემოგთავაზებდით ვარსკვლავებიანი ცის :) ).
უყვარს წიგნები, ჯერ კითხვა არ იცის, მაგრამ საღამოს ისე არ იძინებს, თავისი არჩეული ზღაპარი თუ არ წავუკითხეთ. გიორგი კარგად ცურავს და თამაშობს კალათბურთს. როცა ვეკითხებით, ვინ უნდა რომ გამოვიდეს, ორჭოფობს კალათბურთელსა და გამომგონებელს შორის.
ხატვა და ძერწვა არ გამოსდის და ცოტა ამის გამო ღელავს... მაგრამ მიხვდა, რომ ეს ნიჭია, რომლის დასწავლა არც თუ ისე მარტივია და ახლა მის ჯგუფელ საბას გულშემატკივრობს, რადგან საბა მართლა ძალიან კარგად ხატავს და ძერწვას.
მოკლედ, რატომ დავწერე ამდენი გიორგის შესახებ... გიორგი 16 სექტემბერს სკოლაში უნდა წავიდეს და თავის ინტერესებს ახლა უკვე სხვა გასაქანი მისცეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მიღებულმა კანონმა და მისმა შემქმნელებმა გვითხრეს "გიორგი ჯერ არ არის მზად სკოლისთვისო, 6 დღით ადრე რომ ხდებოდეს, მზად იქნებოდა და შემოიყვანდით, მაგრამ ეს 6 დღე ბევრ რამეს წყვეტსო“. გუშინ გიორგიმ გადაწყვიტა მოძრავი რობოტი აეწყო, მამას უთხრა და მთელი საღამო Youtube-ზე ვიდეო მენუალებს უყურებდა, დღეისთვის კი დაგვაბარა: მუყაოები, რამდენიმე სახის წებო, პლასტმასის პატარა ჩხირები, ძაფები, ფანქრები და ფლომასტერები მაქვსო. საღამოს რობოტის აწყობას დაიწყებს.
ეხლა მინდა ამ კანონის შემქმნელებს ვკითხო: მომდევნო 1 წელი რას მირჩევენ, რით დავაინტერესო გიორგი იმისთვის, რომ არ მოიწყინოს ბაღში, სადაც მოსამზადებელ საფეხურს წელს დაასრულებს?
გიორგის თითქმის ყველა ჯგუფელი წელს შევა სკოლაში, რადგან მათ "გაუმართლათ" და 16 სექტემბრამდე (ბევრ მათგანს რამდენიმე დღით ადრე) შეუსრულდებათ 6 წელი. ხვდებით მაინც, როგორი რთულია ავუხსნა ჩემს შვილს, რატომ შედიან მისი თანატოლები სკოლაში და თვითონ რატომ უნდა გაატაროს 1 წელი კვლავ ბაღში.
ეს წერილი იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები 5 წლიანების სკოლაში შეყვანას, მე თვითონ ფსიქოლოგი ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს მზაობის გარეშე ბავშვის ნაადრევად სკოლაში შეყვანა, მაგრამ არც ასეთ სწორხაზოვან კანონს ვეთანხმები, როგორიც ახლა გვაქვს.
მაშ, რაში გვჭირდება ფსიქოლოგები, რომელებსაც შეუძლიათ იკვლიონ, რამდენად არის მზად ბავშვი სკოლისთვის. დღეს გავიგე, რომ პეტიცია შევიდა სამინისტროში და დიდი იმედი მაქვს დადებითი ცვლილებების." - წერს ნინო ფეიქრიშვილი.
ჩაუტარეთ ბავშვს აუცილებელი ტესტი – არის თუ არა მზად სკოლისთვის