საკანონმდებლო ორგანოში 402 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიღეს. ინიციატივა ეხება პირველკლასელთა სკოლაში მიღების წესს.
"ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს, უამრავი ბავშვის უფლებები იზღუდება,“-აღნიშნულია პეტიციაში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ პეტიციაზე როდის და რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ და შევა თუ არა კანონში ცვლილება.
ინფორმაციისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, სკოლაში მიიღებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.