"საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი"- ეს ჯილდო ვარო ვარდიაშვილმა სიცოცხლეშივე მიიღო. საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობით ბევრი წარმატებული ადამიანი აღზარდა და წვლილი შეიტანა მათ პროფესიულ განვითარებაში.
იოსებ ნონეშვილი მას "მეორე დედას" უწოდებდა, რადგან მშობლები ძალიან ადრე დაკარგა. იოსებს 3 წლისას მამა გარდაეცვალა, მეშვიდე კლასში კი დედაც.
"ზამთარში ფეხსაცმელებში წყალი რომ ჩამდიოდა, მასწავლებელი ქაღალდებს მიფენდაო. ეს ქალბატონი გახლდათ მისი ნიჭის პირველი შემფასებელი, ვინც მზრუნველი ხელი შეაშველა პატარას. ზოგჯერ, გაკვეთილზე, ფიქრებში წასულს, ვარო მასწავლებელი თავზე ხელს გადამისვამდა და, უთქმელად, უსიტყვოდ გამომიყვანდა ბავშვური წუხილიდან. მაშინ დედაჩემის ხელების სითბოს ვგრძნობდი თითქოს და, ხშირად, გულაჩუყებულს, თვალებში ცრემლი ჩამდგომია, მაგრამ, არ ვიმჩნევდიო, – იხსენებდა იოსებ ნონეშვილი. ამბობდა, რომ ყველა მასწავლებელი ზრუნავდა მასზე, ყველასგან დიდი სითბო ახსოვდა. როცა უნივერსიტეტში აბარებდა, როგორც ხდებოდა ხოლმე, ყველას მშობელი ელოდებოდა გარეთ, მას კი – მასწავლებლები ." - პოეტის ცხოვრების დეტალებს ჟურნალ "თბილისელებთან" შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ზოია ცხადაია იხსენებს.
ვარო ვარდიაშვილი ქართველი მწერლის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გიზო ნიშნიანიძის მასწავლებელიც იყო.
"არ შემიძლია ჩემი მასწავლებელი, ვარო ვარდიაშვილი არ გავიხსენო. მან გზა გამინათა და გადამარჩინა: სკოლიდან მაგდებდნენ. სამასწავლებლოსთან ატუზული რომ დამინახა, მკითხა: "ბიჭო, შენ კიდევ აქ ხარ?" მერე შევიდა სამასწავლებლოში და მასწავლებლებს უთხრა: სად უშვებთ ბავშვს, გამოდის, ვერ მოვერიეთ და მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთო. ჩემი მომავალი სწორედ ამ ქალბატონმა განსაზღვრა. მას ნარკვევიც კი მივუძღვენი - "ვერა და ვარო."- იხსენებს გიზო ნიშნიანიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.
" საშუალო სკოლაში ქართულს კარგი მასწავლებელი, ვარო ვარდიაშვილი მასწავლიდა. ძალიან მიყვარდა ეს პედაგოგი და მასაც ვუყვარდი, ალბათ ჩემი თემების გამო, თორემ არც კი იცოდა, ლექსებს რომ ვწერდი."- ამ სიტყვებს პოეტი, მუხრან მაჭავარიანი ამბობს. მისთვისაც ქართული ენის პედაგოგი გამორჩეული იყო სხვა მასწავლებლებისგან.
აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი ვარო ვარდიაშვილს "ცხოვრების მეგზურს" უწოდებს და ამბობს:
"ამ ადამიანზე საუბრით მე არ ვიღლები, ის ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა. მან გადამარჩინა მე - მე-6 კლასელი ორიანებით სავსე ბავშვი, რომელსაც წარმატება არ ეწერა. გადამარჩინა თავისი მშობლიური ზრუნვით. დეიდა ვაროს ვეძახდით... მისმა ერთმა ნათქვამმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ერთხელ ჩამხედა თვალებში და მითხრა, პოეტური თვალები გაქვსო... ოროსანს მითხრა ეს. ასეთი რამ ჩემთვის არავის უთქვამს, დავიწყე ქარტულში ხუთიანების მიღება, მერე კი მითხრა, ჩემი ხუთიანები წითლდებიან შენი ორიანების გვეერდითო. და მეც ვეცადე, გამეძევებინა ეს ორიანები, რომ ის რამდენიმე ხუთიანი არ შერცხვენილიყო.
მერვე კლასში მთელი წელიწადი "ვეფხისტყაოსანს" ვსწავლობდით. ამ გაკვეთილებზე ჩვენ მოსწავლეები კი არა, მოაზროვნეები ვიყავით, ვმსჯელობდით გმირებზე, თვითონ ვირჩევდით საზეპიროებს, ამიტომ ვარ გაჟღენთილი "ვეფხისტყაოსნით" - ეს არის სიყვარულის, მეგობრობის, თავდადების ჰიმნი. ყველაფერია შიგნით. ვარვარა ვარდიაშვილი რომ გაქრეს ჩემში, მეც გავქრები. რა ვქნათ, როგორ გავამრავლოთ ასეთი მასწავლებლები ჩვენში, ცხოვრებაში ყველა ბავშვს ერთი მაინც რომ შეხვდეს ასეთი მასწავლებელი, ის გადაარჩენს მას. "
ბარბარე ( ვარო) ვარდიაშვილი 1888 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაიბადა და წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი დაამთავრა. მუშაობა მალევე დაიწყო სოფელ ალექსანდროვკის(სიღნაღის მაზრა) სახალხო სკოლაში, შემდეგ ბოდბის საცდელ-სანიმუშო სახალხო სკოლაში და შვიდწლიან სანიმუშო სკოლაში, სიღნაღის ქალთა პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის ქალთა I გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მასვე ეკუთვნის "კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციისათვის“ და "განმეორება-ცოდნის განმტკიცებისა და გაღრმავების აქტიური მეთოდი."
ვარო ვარდიაშვილი 74 წლის ასაკში, 1962 წელს გარდაიცვალა. მას საკუთარი შვილი არ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ის "ათასი ბავშვის მშობელი" იყო და ბევრი მათგანის ცხოვრებაზე სასიკეთო კვალი დატოვა.
მომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო - შალვა ამონაშვილის უცნობი ცხოვრება