უფროსების თუ თანატოლების მავნე ზეგავლენისგან მოზარდის დაცვა, რისკებით სავსე გარემოში მისთვის მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, ნებისმიერი მშობლისთვის თავის ტკივილია. როდესაც მოზარდი დამოუკიდებლად იწყებს გართობას, სხვადასხვა დაწესებულებაში თანატოლებთან ერთად სიარულს და იქ შესაძლოა, სხვადასხვა სახის საფრთხე ელოდეს, ამ დროს მშობლის რჩევები, თუ აკრძალვები ხშირად სრულიად უშედეგოა.
არაერთი შემთხვევა იყო და არის კიდეც, როდესაც ღამის კლუბში არასრულწლოვნები ხვდებიან, საკმაოდ გვიან საათებში და ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა სახის ფსიქოტროპულ, ალკოჰოლურ თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? სულ მალე კანონით იქნება გაწერილი ამგვარი შემთხვევების დროს მშობლისა და მოზარდის უფლება-მოვალეობები და ასევე მსგავსი დაწესებულებების უფლებები.
ბავშვის უფლებათა ახალ კოდექსში მეცხრე თავი ეთმობა იმას, თუ როგორ უნდა დავიცვათ მოზარდი მავნე ზეგავლენისგან, მავნე ინფორმაციისგან, გაწერილია დღე-ღამის რომელ მონაკვეთში აქვს ბავშვს გასართობ-საცეკვაო ადგილას, კლუბში ყოფნის უფლება, ასევე კოდექსში ვკითხულობთ აკრძალვების ჩამონათვალს, რომელიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის თავიდან არიდების მიზნითაა შემუშავებული.
Mshoblebi.ge ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსის იმ ნაწილს გაგაცნობთ, რომელიც მოზარდის მავნე ზეგავლენისგან დაცვისკენ არის მიმართული.
ბავშვის დაცვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებისგან
1. აკრძალულია ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის, ან კაფსულების ბავშვისათვის უსასყიდლო, ან სასყიდლიანი მიწოდება.
2. აკრძალულია ბავშვის შრომითი საქმიანობა ისეთ დაწესებულებაში, სადაც ხდება ალკოჰოლური სასმელების, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერებების, ფარმაცევტული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესი და ღამის გასართობი დაწესებულება.
3. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. ამ მუხლით პირველ ნაწილში განსაზღვრული მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის პრევენციულ ღონისძიებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები. ამ მუხლით მეორე ნაწილით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო.
ბავშვთა დაცვა აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენისგან
ბავშვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან ბავშვის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში ან/და სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობისა საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონით ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ.“
მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) დაშვება
1. მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ბავშვის მონაწილეობა დასაშვებია 24:00 საათამდე მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც საცეკვავო ღონისძიება ატარებს კულტურული შინაარსის ღონისძიების სახეს და შეთანხმებულია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
3. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურები.
4. ამ მუხლის მოთხოვნების დაუცველობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან
1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართელოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
2. საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტზე დატანილია შესაბამისი ნიშანდება – „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული მოთხოვნების დაცვით.
3.. დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.~
4. აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე და სრული შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეებში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისათვის წვდომის შეზღუდვა პორნოგრაფიული ან სხვა სახის ნეგატიური ზეგავლენის მქონე ინფორმაციაზე.
5.. ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტ პროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელის მოთხოვნით დაბლოკოს მისი წვდომა ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელ ინფორმაციაზე.
6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის წვდომა ინტერნეტ ქსელზე დასაშვებია თუ კი დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).
7. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
როგორც mshoblebi.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის აპარატში უთხრეს, ბავშვის უფლებათა კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, შესაბამისად, ცვლილებები მასში აღარ შევა. რაც შეეხება კოდექსის ამოქმედების თარიღს, ის 2020 წლის პირველ ივნისს ამოქმედდება.
ხატია ვარდოსანიძე