"ხშირად ვხვდები პოსტებს, სადაც მშობლები წუწუნებენ, რომ ბავშვები სკოლაში საცობების გამო ძლივს მიჰყავთ, აგვიანებენ და ლანძღავენ მერიას.
მერია შეიძლება ბევრ რამეზეა სალანძღავი, მაგრამ მე მაპატიეთ და ვერაფრით ვხვდები, ბავშვი რატომ უნდა შეიყვანო იმ სკოლაში, რომელიც სახლიდან ისე შორსაა, რომ მანქით ტარება სჭირდება, როცა ყველა უბანში არის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლა. რატომ უნდა გაიმწარო ყველი დილა ამ საცობებში მანქით სიარულით და ბავშვიც აწვალო დილით უფრო ადრე ადგომით? რადგან ეს შორს მდებარე სკოლა სხვებზე პრესტიჟულია, ან უფრო ძვირიანია? ანუ კარგი სკოლის სახელი აქვს და მაგიტომ? სინამდვილეში ყველაზე კარგი სკოლა არის, ის რომელიც სახლთან ახლოსაა. დანარჩენი: დამატებით ჭადრაკის გაკვეთილი, თუ ცურვის გაკვეთილი უმნიშვნელო ამბავი და ფულის მახეა. ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირად საუკეთესო შედეგებს ეროვნულ გამოცდებზე რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები აჩვენებენ.
მეც კერძო სკოლაში დამყავს ლუკა, მაგრამ ის კერძო სკოლაც იმის მიხედვით შევარჩიე, რომელიც სახლთან ახლოს იყო. შორ მანძილზე სკოლაში ბავშვის ტარების ერთადერთი შედეგი არის თქვენი ნერვების წყვეტა, დილით უფრო ადრე ადგომა და საცობები ქალაქში"- წერს ჟურნალისტი.
მის პოსტს ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და კომენტარებში თავიანთი მოსაზრებაც დააფიქსირა. ამ კომენტარებში კარგად არის ახსნილი, რატომ ირჩევენ ან არ ირჩევენ მშობლები სახლთან ახლოს მდებარე სკოლებს.
"ყველა სკოლაში იგივე დონის სწავლება არ არის სამწუხაროდ"
"ჩემი შვილის სკოლა ფეხით 15-20 წუთის მანძილზეა, დადიოდა ფეხით, მაგრამ ისეთი მძიმე ჩანთა ჰქონდა, რომ ბოლოს ხერხემლის გამრუდება დაეწყო. იძულებული გავხდი, მანქანით წამეყვან-წამომეყვანა. რა ვიცი, სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე, მეც ვერ ვატარებდი, ისეთი მძიმე იყო ჩანთა."
"მეათე კლასიდან გამომიცვალეს სკოლა და მადლობა ჩემს მშობლებს ამისთვის. საერთოდ არ იყო ის ორი სკოლა ერთნაირი".
"სკოლები ძირითადად ცუდია. ცუდი, ძალადობრივი გარემო, ცუდი მასწავლებელი, გაღიზიანებული ბავშვები.
თუ რომელიმე სკოლაზე გავარკვევთ, რომ გულისხმიერი დამრიგებელია და კლასის შიდა ძალადობაზე ყურს არ წაიყრუებს, ან რომელიმე ენას განსაკუთრებით კარგად ასწავლიან და გაცვლითი პროგრამები აქვთ, ან ფიზიკის ლაბორატორია აქვთ და მათემატიკას უთმობენ დიდ ყურადღებას, ეს საკმარისი არ იქნება საცობები შევქმნათ ქალაქში?"
"რა სახლის ახლოს ატარეთ ბავშვები, რანაირი მოწოდება და დამუნათებაა. ბავშვი იქ უნდა ატარო, სადაც მეტი შანსი ექნება ამ ცუდი სასკოლო განათლების სისტემიდან ნაკლებად დაზიანებული გამოძვრეს. და არა, ბავშვი ყველგან ერთნაირად არ ისწავლის - ზოგან ისწავლის უკეთ, უკეთეს გარემოში, ნაკლები ძალადობით და მეტად გონიერ მასწავლებელთან, სხვაგან ისწავლის უფრო ცუდად".
"რეგიონების ბავშვების პასაჟი არ იყო გასაგები. იმ რეგიონებში ძალიან კარგი და გულისხმიერი მასწავლებლებიც ჰყავთ ხოლმე და ძალადობის შემთხვევებიც ბევრ რეგიონის სკოლაში არც თუ ხშირია. რეგიონის სკოლა ცუდ სკოლას არ ნიშნავს, ისევე როგორც სახლთან ახლოს სკოლა - კარგს".
"მე სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხს. დღეს კარგი სკოლა ისეთი დეფიციტურია, მშობლებს უწევთ, გაირთულონ ცხოვრება. რაც შეეხება საცობებს 08:55 საათზე, ამას ორი მიზეზი აქვს. 1. უკულტურო მშობლები, რომლებსაც მაინც და მაინც სკოლის ჭიშკართან უნდათ ჩამოსვან ბავშვი. ქაოსს შექმნიან, წესრიგს დაარღვევენ, უამრავ უმსგავსობას ასწავლიან ამით შვილს და ორ ნაბიჯს არ გადადგამენ ფეხით. 2. უმოქმედო საპატრულო პოლიცია, რომელიც ვერ ახერხებს კანონის შესაბამისად აგებინოს პასუხი დამრღვევ მძღოლებს. მოკლედ, მოქალაქეობრივ შეგნებაში და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობაში ერთნაირად გვიჭირს".
"ეს კერძო სკოლები კიდევ კუდაბზიკა ქართველებისთვისაა"
"მშობლები ვერ ასწარებენ შვილების დარეგისტრირებას. ჩემმა მეზობელმა, სახლის გვერდით გვაქვს სკოლა, ვერ მოასწრო დარეგისტრირება და იძულებული გახდა, სხვაგან წაეყვანა. ეს წესი უნდა შეიცვალოს".