როგორ უნდა დავიცვათ შვილები მავნე ინფორმაციის ზეგავლენისგან, როგორ გავზარდოთ ისე, რომ ფსიქიკა არ დაუზიანდეთ? - ამ კითხვებზე პასუხები ყველა მშობელს აინტერესებს. მოზარდებს უამრავ არასასარგებლო და უფრო მეტიც, მავნე ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. როგორც გავარკვიეთ, მოზარდების დიდი ნაწილი გატაცებით უყურებს თურქულ სერიალებს, რომლებითაც გაჯერებულია ჩვენი ტელესივრცე.
ვსაუბრობთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე. ამ ასაკის ბავშვებში თურქული სერიალების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. მოზარდები სერიალებს ძირითადად მშობლებთან და ბებიებთან ერთად უყურებენ.
Mshoblebi.ge-ს დაწყებითების საფეხურის ერთ-ერთი პედაგოგი უყვება, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი თურქული სერიალების ყურებით არის დაკავებული.
პედაგოგი, რომელიც გვესაუბრა, ერთ-ერთ გახანგრძლივებულ სასწავლო ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, მეოთხეკლასელმა მოსწავლემ, რომელმაც მეცადინეობა დაასრულა, მასწავლებელს 15 წუთით ე.წ. პლანშეტის გამოყენების ნებართვა სთხოვა, მასწავლებელმაც ნება დართო.
”თან, ცხადია, ვაკვირდებოდი ბავშვს. ყოველთვის ვცდილობ, როცა მოსწავლე ცენტრშია, მაქსიმალურად გავაკონტროლო, თუ რაზე აქვს წვდომა, რა ინფორმაციას ნახულობს ციფრულ მოწყობილობებში. აქ ასე ვთქვათ, სახლური პირობები გვაქვს შექმნილი, მოსწავლეები მთელ დღეს ჩვენთან ატარებენ და გარკვეული დროით ტექნოლოგიებთან წვდომის ნებასაც ვრთავთ. მოკლედ, ცოტა ხანში ამ გოგონამ შემოიკრიბა კიდევ რამდენიმე თანატოლი. შევნიშნე, რომ ყველას ყურადღება პლანშეტისკენ იყო მიპყრობილი. ნათელი გახდა, რომ რაღაცას უყურებდნენ. რას უყურებთ-მეთქი ვკითხე. თავდაპირველად არ უნდოდათ გამხელა.
აღმოჩნდა, რომ თურქულ სერიალს უყურებდნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა სერიალია, რაც ვნახე, სროლებისა და მკვლელობების მეტი არაფერი ყოფილა. შემდეგ გავესაუბრე ამ ბავშვებს და გავარკვიე, რომ თურმე სახლში დედებთან და ბებიებთან ერთად უყურებენ სერიალებს.
მე, როგორც პედაგოგს, არ მიმაჩნია სწორად დროის თურქული და ზოგადად, ასეთი ტიპის სერიალების ყურებაში დაკარგვა. ისედაც დამძიმებული ფსიქიკა აქვთ მოზარდებს და თურქულ სერიალებში გაუთავებელი ტირილი, მკვლელობებია. ყველაფერი, რასაც იქ აჩვენებენ, უარყოფითად მოქმედებს მოზარდთა ფსიქიკაზე. ასეთი და ათასი სხვა რამის ყურების მერე, მოგეხსენებათ, ონლაინ-თამაშებიც გაჯერებულია აგრესიით და იუთუბზეც მიუწვდებათ ხელი მსგავს ვიდეოებზე, ღამით ეშინიათ, მიყვებიან, რომ კოშმარები ესიზმრებათ. მე ამ საკითხებზე ყოველთვის მაქვს კონსულტაცია მშობლებთან, მაგრამ რა გითხრათ, მშობლები თვითონ შემოისხამენ ტელევიზორთან ბავშვებს და ერთად უყურებენ, ან ოღონდ დაამშვიდონ და კომპიუტერში ურთავენ თამაშებს ან სერიალებს, მერე უკვირთ, რატომ არიან ეს ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში”, - გვეუბნება პედაგოგი.
რაკი ამჯერად ჩვენი თემა სერიალებს შეეხო, მოზარდებსაც ვკითხეთ იმის შესახებ, თუ რომელია მათი საყვარელი სერიალი, რატომ ინტერესდებიან და რა მოსწონთ მათში. მეორეკლასელი ნიკოლოზი გვეუბნება, რომ უყურებს სერიალს, ”ერთხელ ჩუქუროვაში”.
”რა მომწონს? ძლიერი კაცია მანდ ერთი და მაინტერესებს ყველას მოერევა თუ არა”, - გვეუბნება ნიკოლოზი.
კესო, მეოთხე კლასის მოსწავლე - "კლასელები ”ნაადრევ ფრინველს” ვუყურებთ. ტელევიზორში არ გადის. მანდ ერთი ბიჭი მოგვწონს ყველას, იცი, რა ლამაზი ბიჭია?”
თამარი, მესამე კლასის მოსწავლე - ”ნაადრევ ფრინველს” ვუყურებ. დედა მეჩხუბება, მაგრამ მერე მე და ბებო ვრთავთ ხოლმე. კიკინა აქვს მაგ სერიალში ერთ ბიჭს და მეც და ბებოსაც ეგ ბიჭი მოგვწონს. ბებო ამბობს, დიდი გოგო რომ გახდები, ეგეთი ლამაზი ქმარი უნდა გყავდესო".
სესილი, მეოთხე კლასის მოსწავლე - "ჩემი საყვარელი სერიალებია ”ნაადრევი ფრინველი” და ”დაქირავებული სიყვარული”. რატომ მომწონს? შენც უყურე და მოგეწონება. ჩემი კლასელი უყურებდა ერთხელ ტელეფონში, მერე მეც მომეწონა. დედა კი მიშლის, მაგრამ, დავინახე, რომ თვითონაც უყურებდა".
Mshoblebi.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს და ამავდროულად, ბავშვთა ფსიქოლოგს, თამარ მოდებაძეს ესაუბრა. პედაგოგი ამბობს, რომ თავადაც შეუმჩნევია მოზარდებში სერიალების და მით უფრო, თურქული სერიალების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი:
- ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ხშირად შემიმჩნევია განსაკუთრებული ინტერესი სერიალების მიმართ. ჯერ იყო ლათინოამერიკული სერიალები, რომლებსაც დიდი და პატარა, ყველა უყურებდა და ახლა არის თურქული სერიალები. ზოგადად, როცა მოზარდს რაიმეს მიმართ ინტერესი აქვს, ეს კარგია, მაგრამ ამ ასაკში, როცა ასეთი დოზით ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით, ამას ვერ ვამართლებ. ბავშვები აქედანვე კარგავენ საკუთარი ცხოვრებისადმი ინტერესს და უკიდურესად არიან ჩართულები სერიალებში.
სასურველია, თუ ამ ასაკის ბავშვებს საერთოდ არაფერი ეცოდინებათ თურქული სერიალების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახებში იმხელა ინტერესია, ბავშვებიც ძალაუნებურად ერთვებიან, ინტერესდებიან, მერე ცნობისმოყვარეობა ისეთი რამეა, ამ ასაკის ბავშვს ვერ მოსთხოვ განსაკუთრებული ნებისყოფის გამოჩენას.
თურქულ სერიალებში ბავშვები უყურებენ ისეთ დეტალებს, რომელიც საზიანოა მათი ფსიქიკისთვის. მაგალითად, მე ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევები, როცა მშობლები მომმართავენ, აი, ჩემი შვილი ღამით ბოდავს, ეშინია, კოშმარებს ხედავს... უკაცრავად, მაგრამ შენს შვილს გვერდით ისვამ, აყურებინებ სერიალებს, მათ შორის, თურქულ სერიალებს, სადაც ჩხუბი, ხოცვა-ჟლეტა, ტირილი და წივილ-კივილია და რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტორია, რის გამოც შეიძლება მოზარდს კოშმარები ესიზმრებოდეს და ეშინოდეს. გარდა ამისა, არ მომწონს სხვისი ცხოვრების მიმართ ამხელა ინტერესი, უმჯობესია, თუ მოზარდები საკუთარი წარმატებისთვის აუცილებელი საქმიანობით დაკავდებიან და არა არაფრისმომცემი აქტივობებით.
სკოლაში ხშირად შემიმჩნევია, რომ შესვენებაზე მესამე, მეოთხეკლასელი გოგონები არჩევენ სერიალებს, ვინ ვის აკოცა, ვის ესროლეს, ვინ მოკლეს და ა.შ. ზოგიერთი ბავშვი იმდენად არის ჩართული ამ ყველაფერში, რომ უჭირს კონცენტრირება რეალურ ცხოვრებაზე, - გვეუბნება პედაგოგი.
ხატია ვარდოსანიძე