დაიწყო სწავლა და მომრავლდა მშობლების უკმაყოფილო წერილებიც. დედების თემატურ ჯგუფებში აქტიურად წერენ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის არასწორი დამოკიდებულებების შესახებ ბავშვის მიმართ: „კრებაზე მშობლების თვალწინ ჩემს შვილს „რთული ბავშვი“ უწოდა მასწავლებელმა; ბავშვების თანდასწრებით ერთმანეთს შეადარა ორი თანაკლასელი და ჩემს შვილს მიუთითა, ყველაფერში გჯობნისო", „სხვა მშობლების თანდასწრებით გამომილანღა შვილი და ფსიქოლოგთან წაყვანა მომთხოვა“... მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს საკუთარი შვილის უფლებები და მასწავლებლის უფლებები სკოლაში, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამონარიდს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიდან, ქვემოთ ჩამოთვლილია იმ ძირითად პრობლემებზე პასუხი, რასაც საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი სკოლაში:
მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ ვისი შვილია, ვინ დირექტორის ნათესავი და ასე შემდეგ. ყველა ბავშვი არის თანასწორი, შესაბამისად მასწავლებელი თანაბრად უნდა ექცეოდეს თითოეულ მათგანს.
მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს. სამწუხაროდ, დაფიქსირებულია ისეთი ფაქტები, სადაც მასწავლებელი მოიხმარს თამბაქოს და ამას ბავშვები უყურებენ. ხშირია სკოლის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლის თანამშრომლების მხრიდან თამბაქოს მოხმარების ფაქტები.
მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული კანონი ძალიან ხშირად ირღვევა, მასწავლებელი ხშირად ბავშვების ან მშობლების თანდასწრებით საუბრობს ამა თუ იმ ბავშვის ყოფაქცევაზე, საჭიროებებზე, აკადემიურ მოსწრებასა და სხვა ფაქტებზე, მიუთითებს ბავშვის ნაკლზე, ადარებს სხვა ბავშვებს და ა.შ. მასწავლებელს უფლება არ აქვს ნებისმიერი მოსწავლე მშობელთა კრებაზე დაახასიათოს. ეს არის კონფედენციალური საკითხი და უნდა იქნას მხოლოდ განხილული მშობელსა და მასწავლებელს შორის.
მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას. შესაბამისად, მშობელთან ყვირილი, შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა არის ეთიკის ძალიან უხეში დარღვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთლილი პრობლემები თქვენც გაწუხებთ, შეგიძლიათ გაითვალიწინოთ, რომ:
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.