5 ძირითადი ნიშანი, რატომაც ბავშვებს სწავლა აღარ სურთ
5 ძირითადი ნიშანი, რატომაც ბავშვებს სწავლა აღარ სურთ
რატომ ეზარებათ ბავშვებს სწავლა და როგორ უნდა დავუბრუნოთ სწავლისადმი ინტერესი, ფსიქოლოგი მარინა მელია საუბრობს.

ბავშვი ძალიან დატვირთულია

თანამედროვე ბავშვები, განსაკუთრებით სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები, ძალიან დაკავებულები არიან და, ფაქტობრივად, თავისუფალი დრო აღარ რჩებათ. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში რაღაცითაა დაკავებული. დადის ბაღში ან სკოლაში, დამატებით დაჰყავთ რომელიმე ენის შემსწავლელ მასწავლებელთან, დადის სპორტზე, მუსიკაზე და ასე შემდეგ. გაკვეთილებს კი საღამოს ამზადებს, როცა უკვე ძალიან დაღლილია და აღარც სურვილი აქვს მეცადინეობის. ისინი
იმდენად იღლებიან, მერე ყველა მიზეზს ეძებენ, ოღონდაც კი თავი დააღწიონ მეცადინეობას და არაფრის გაკეთება სურთ.
"თუ ბავშვს თავისუფალი დრო არ აქვს, უჭირს საკუთარი "მეს" შეცნობა, რომ იფიქროს ან იოცნებოს. ამიტომ ის ვერ გახდება კრეატიული და დამოუკიდებელი ადამიანი. უბრალოდ გაჰყვება გრაფიკს, რომელიც სხვამ შეუდგინა."

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

პირველ რიგში, ისე ნუ დატვირთავთ ბავშვებს, რომ თავისუფალი დრო აღარ დარჩეთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში, 3 საათი მაინც ჰქონდეთ თავ
ისუფალი. ხოლო, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს - 2 საათი მაინც უნდა ჰქონდეთ დასვენებისთვის. მიეცით ნება, რომ დახატოს, ითამაშოს, ჩაიცვას დედის კაბა და ტელეფონზეც ცოტა ითამაშოს. ბევრად უარესია, თუ ბავშვს ამისთვის დრო არ ექნება.
თუ ის ერთი წრიდან მაშინვე მეორე წრეზე მიგყავთ, მეორედან კი - მესამეზე, შესვენების დრო აღარ ექნება და შეიძლება აღარც ერთზე მოუნდეს სიარული. ამიტომ, უმჯობესია, თუ ცოტა ხნით შეასვენებთ, აღარ მიიყვანთ და მერე თავისით მოუნდებათ ისევ დაბრუნება.

ბავშვმა დაიწყო ახალი საგნის შესწავლა

mshoblebi

შემდეგი მიზეზი, რის გამოც ბავშვს აღარ უნდა სწავლა, ეს გაუგებრობაა, რომელსაც ახალი საგანი იწვევს. ძირითადად, უფროსი ასაკის მოსწავლეებს ეხებათ, რომლებიც სკოლაში ახალი, უფრო რთული საგნების შესწავლას იწყებენ. ვერ იგებენ მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას და შესაბამისად ვერც საშინაო დავალებებს აკეთებენ. შეიძლება, ერთი შეხედვით, მეცადინეობდნენ, მაგრამ საერთოდ არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას კითხულობენ, რადგნ შინაარსი არ ესმით.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

არ უნდა "დააძალოთ" მისი სწავლა, უსარგებლოა. თუ თავად არ გაქვთ დრო, რომ ამეცადინოთ, მარტივად გააგებინოთ, შესაძლებელია ცოტა ხნით რეპეტიტორთან ატაროთ. როგორც კი დაიწყებს საკითხების გაგებას, სწავლის სურვილიც და სიხარულიც დაუბრუნდება. მთავარია, აღნიშნოთ მისი ყოველი გამარჯვება და მოტივაციაც მალევე დაუბრუნდება.

მასწავლებელთან ცუდი დამოკიდებულება

მასწავლებელი, რომელიც არ შედის ბავშვებთან კონტაქტში, არ უყვართ და ეს სწავლის მოტივაციის კლების ერთ-ერთი მიზეზია. მსგავსი დამოკიდებულება კი ყველაზე ცუდი დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვისაა.
ერთხელ, მშობელმა მითხრა, როგორ დაურეკა მასწავლებელმა და უთხრა, რომ მის შვილთან ურთიერთობა აღარ შეეძლო. მშობელმა პასუხის გაცემაც კი ვერ შეძლო, იმდენად დაითრგუნა. ასეთ დროს ბავშვს იმ მასწავლებელთან სწავლა მოუნდება? - ცხადია, არა.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

ყოველთვის ბავშვის გვერდით უნდა იყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ის რვა წლისაა თუ ჩვიდმეტის. თუ მასწავლებლის პარალელურდ, თქვენც უსაყვედურებთ, მასთან კონტაქტს დაკარგავთ.
პირველ ეტაპზე, უმჯობესია, სცადოთ, კომუნიკაცია მასწავლებელთან, მაგრამ თუ ამან შედეგი არ გამოიღო, აუცილებელია კლასის ან თუნდაც სკოლის შეცვლა. არ ღირს დიდხანს გაგრძელება, რადგან ბავშვის თვითშეფასება ამ დროს საგრძნობლად ეცემა.
ბავშვი არა მხოლოდ უნდა დაიცვათ, არამედ უნდა აუხსნათ, რაშია საქმე. უთხრათ კონკრეტული მიზეზები, რის გამოც მასწავლებელი მსგავსად რეაგირებს.

ცუდი ატმოსფერო კლასში

თუ კლასში ცუდი ატმოსფერო და დამოკიდებულებაა, ბავშვს, რა თქმა უნდა, სწავლის სურვილი აღარ აქვს. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ხშირად ეს გამოიხატება, მოულოდნელად გამქრალი სწავლის სურვილით, ცუდი ძილით, ხშირი გაღიზიანებადობით, რაზეც მშობლებთან არ საუბრობენ.
თუ ის სახლში ჩალურჯებებით მოდის, ხშირად კარგავს ნივთებს ან ფულს, რომელსაც ყოველდღიურად აძლევთ, მაშინ შესაძლოა ბულინგის მსხვერპლიც კი იყოს.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

თუ მსგავს ნიშნებს შეამჩნევთ, უმჯობესია ჯერ შვილს დაელაპარაკოთ და შემდეგ დაიწყოთ მოქმედება, თუმცა ფრთხილად, რადგან მარტო ვერ მოაგვარებთ პრობლემას. აუცილებელია, გაესაუბროთ მასწავლებელს, დირექტორს, მშობელთა კომიტეტს.
პარალელურად, უნდა იმუშაოთ ბავშვთან, თუნდაც, გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება, როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როცა ცუდად ექცევიან. საკუთარი გამოცდილება ბავშვს დაეხმარება, რომ თავი გაართვას სიტუაციას. მან არ უნდა იგრძნოს, რომ მსხვერპლია. მნიშვნელოვანია, რეალურად იცოდეთ, რა ხდება კლასში. თუ ყველა მეთოდი მოსინჯეთ, მაგრამ ბავშვი კვლავ ძალადობის მსხვერპლია, მაშინ უნდა გადაიყვანოთ სხვა კლასში ან სკოლაში. ზოგჯერ, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ დაიცვათ საკუთარი შვილის ფსიქიკა და შეუნარჩუნოთ მას სწავლის სურვილი.

სხვა ინტერესები

mshoblebi

შესაძლებელია, ბავშვს სწავლისადმი სურვილი გაუქრეს იმის გამო, რომ სხვა ინტერესები გაუჩნდა. მაგალითად, მას თინეიჯერული სიყვარული ესტუმრა. შეიძლება ბავშვი იჯდეს და საათობით ფიქრობდეს, ვიღაც გოგონაზე ან ბიჭზე. ან უცებ გაიტაცა ექსტრემალურმა სპორტმა და მთელ დროს სულ მას უთმობს.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

ჰობი თუ სერიოზულია, მაშინ უნდა ეცადოთ, მონახოთ ინტერესების გადაკვეთის წერტილი. თუ ბავშვს ექსტრემალური სპორტი აინტერესებს, შეიძლება შესთავაზოთ ფიზიკის წიგნი, სადაც აღწერილი იქნება, მოძრაობის კანონები ან კიდევ ურჩიოთ კონკრეტული სპორტის შესახებ ისტორიის წაკითხვა.

ქულა მთავარი არ არის

შეიძლება ბავშვი შესანიშნავად ხსნის მათემატიკურ ამოცანებს, მაგრამ ელემენტარულ კონფლიქტს ვერ აგვარებს თანატოლებთან.
სწავლა ძალიან კარგია, მაგრამ ემოციური სტაბილურობა, თვითკონტროლი, კომუნიკაცია გაცილებით მნიშვნელოვანია.
ხშირად ამ უნარის მქონე ბავშვები უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება აქვთ. თუ მშობლები ყველაფერში დაეხმარებიან, რეალურად ცხოვრებაში საკუთარ ადგილს ვეღარ იპოვნიან.
ცუდი ქულა, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ აუცილებელია გამოვიკვლიოთ, რა დგას მის უკან.

1508
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?