თუ გსურთ თქვენს შვილს შემოქმედებითი აზროვნება განუვითაროთ, აუცილებლად დაგაინტერესებთ ეს თამაშები.
ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერალი ჯანი როდარი გვასწავლის, როგორ განვუვითაროთ ბავშვებს ფანტაზია ახალი ზღაპრებისა და გამოცანების შექმნით. მის მიერ შედგენილი მარტივი თამაშები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ: ტრანსპორტში, სკოლისკენ მიმავალ გზაზე თუ საბავშვო ბაღში.
ბავშვის ფანტაზიის განმავითარებელი თამაშები
დაწერეთ ნებისმიერი სიტყვა. მაგალითად,"ძაღლი". ჩამოთვალეთ სიტყვები, რომლებიც იწყება ასოებზე"ძ","ა","ღ","ლ","ი". შემდეგ კი არსებული სიტყვებისგან შვილთან ერთად მოიფიქრეთ პატარა ლექსი ან ზღაპარი. შეეცადეთ ერთად წარმოიდგინოთ მსგავსი სიტუაცია:"რა მოხდებოდა, თუ სახლთან პანდა მოვიდოდა?" შემდეგ კი ამ თემაზე მოიფიქრეთ ზღაპრის სიუჟეტი. სიტყვების ფორმირება - დაამატეთ სიტყვებს პრეფიქსები და სულ სხვა შინაარსს აღმოაჩენთ. ასევე, შეიძლება ბავშვის საწერი რვეულიდან ამოარჩიოთ არასწორად დაწერილი სიტყვები და მოიფიქროთ სასაცილო ზღაპარი. სტატიების სათაურებიდან ამოიღეთ თქვენთვის საინტერესო ფრაზები და ერთად შეადგინეთ სასაცილო წინადადებები. აიღეთ ნებისმიერი სიტყვა და შეეცადეთ, მოიფიქროთ გამოცანა. მიეცით პოეტური ფორმა, რათა უფრო საინტერესო იყოს. შეეცადეთ, გარდაქმნათ უკვე ნაცნობი ზღაპრის სიუჟეტი ისე, რომ ბავშვმა ახლებურად აღიქვას. მაგალითად, დაიწყეთ ასე:"იყო ერთი გოგონა, რომელსაც ყვითელქუდა ერქვა". აიღეთ 5 ნაცნობი სიტყვა ზღაპრიდან. მაგალითად: გოგონა, მგელი, ბებია, ტყე, ღვეზელები. შემდეგ კი დაამატეთ ისეთი უცნობი სიტყვა, რომელიც ზღაპარში არ ფიგურირებს. მაგალითად,"ცეცხლი". შემდეგ კი შეადგინეთ ახალი მოთხრობა სიტყვებით. გადააკეთეთ ზღაპარი ისე, რომ გმირების როლები და დახასიათება შეცვალოთ, მაგალითად, კეთილი მგელი და ბოროტი წითელქუდა. შემდეგ კი მოიფიქრეთ ახლებური სიუჟეტი. იფიქრეთ ზღაპრების გაგრძელებაზე. მაგალითად, რა მოხდებოდა კონკიასა და პრინცის ქორწილი რომ გამართულიყო? შეცვალეთ ზღაპარი ისე, რომ ერთმანეთს სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟი შეხვდეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, წითელქუდა, ჰენზელი და გრეტელი რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ? აიღეთ ნებისმიერი ზღაპარი და შეცვალეთ პერსონაჟების სახელები და სოციალური მდგომარეობა. მაგალითად, ღარიბი კონკიასა და ბოროტი დედინაცვლის ნაცვლად, პირიქით წარმოიდგინეთ სიუჟეტი. აიღეთ 10-15 მუყაოს ბარათი და მოათავსეთ ჟურნალებიდან ამოჭრილი სხვადასხვა სურათი. მშობელმა უნდა აირჩიოს ერთ-ერთი და დაიწყოს მისი აღწერა. ბავშვი კი ხატავს არა მოყოლილ ამბავს, არამედ მის გაგრძელებას.