ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეიდან დაიწყო. მათემატიკის უმაღლესი ქულა 59 გახლდათ და როგორც აბიტურიენტები ამბობენ, საკმაოდ რთული გამოცდა იყო. რასაკვირველია, უმაღლესქულიანებს შორის აღმოვაჩინეთ სკოლა-პანსიონ კომაროვის მოსწავლეები. 59 ქულაც ამ სკოლის მოსწავლე გოგონამ აიღო და ჩვენი სამივე რესპონდენტიც ამ სკოლიდან არის, რომლებმაც 57 და 58 ქულები მოიპოვეს.
ნიკა კობაიძემ მაქსიმალური 59 ქულიდან, 58 აიღო.
"თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ. კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა ავირჩიე. გამოცდა ჩემთვის მარტივი იყო და შედეგსაც შრომით მივაღწიე." - გვიყვება ის, მომავალ აბიტურიენტებს კი ურჩევს, რომ არ ინერვიულონ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ.
მარიამ ოქროპირიძემაც მათემატიკაში 57 ქულა აიღო. ისიც თავისუფალ უნივერსიტეტში აბარებს. ბიზნესის მიმართულებით. ამბობს, რომ გამოცდა რთული არ იყო, რადგან სკოლაში ყველაფერი გავლილი ჰქონდათ.
"შედეგი, პირველ რიგში, სკოლამ და ყოველწლიური გამოცდებით მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა. გარდა ამისა, მუდმივი შრომა და უამრავი განსხვავებული შინაარსის ამოცანასთან შეხება ძალიან დამეხმარა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კარგად აითვისონ პროგრამა. უნდა იცოდნენ, რომ თითოეული დახარჯული წუთი ღირებულია", - გვიყვება ის.
ლუკა კოპაძემ მათემატიკაში 57 ქულა აიღო. ამბობს, რომ პატარა შეცდომები რომ არა, უფრო მეტ ქულასაც აიღებდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკაზე აბარებს.
"გამოცდა ამოწმებდა რამდენად კარგად და საფუძვლიანად ჰქონდათ ბავშვებს თეორიული ცოდნა გააზრებული. ფართო ცოდნას მოითხოვდა და არა მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ნაწილის. წესით, ასეც უნდა იყოს. რთული ალბათ ამის გამო ეჩვენათ. ჩემი აზრით, საჭიროა, რომ აბიტურიენტმა არა მარტო მე-12 კლასში დაიწყოს შრომა, არამედ, მანამდეც, რათა საფუძველი ჰქონდეს. საჭიროა, მუდმივი შრომა, რათა შენი უნარები დახვეწო და გაიუმჯობესო" - ამბობს ლუკა.
თამარ იაკობაშვილი