ყოველ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ათასობით აბიტურიენტი ხდება სტუდენტი. ბევრ მათგანს სასურველი შედეგის მისაღწევად დამატებით რეპეტიტორებთან უწევს მეცადინეობა. ბევრი ფინანსური რესურსების არქონის გამო, სკოლაში ათვისებული ცოდნით გადის გამოცდაზე. ასე თუ ისე, ახალგაზრდები აღწევენ ამა თუ იმ შედეგს, თუმცა რამდენად გამართულია თუნდაც საგამოცდო სისტემა, სამომავლო პროფესიისკენ მისასვლელი გზები და რამდენადაა საკმარისი გამოცდებისთვის სასკოლო განათლება, რა ხარვეზებია განათლების სისტემაში - ამ აქტუალურ საკითხებზე განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია გვესაუბრება. ზემოაღნიშნულ პოზიციასთან ერთად, იგი ორ სკოლაში ასწავლის და ამ კუთხითაც საინტერესოა მისი მოსაზრებები:
- განათლების ექსპერტები დიდი ხანია ეროვნული გამოცდების ნეგატიურ მხარეებზე ლაპარაკობენ. ნეგატიური მხარეები ორმხრივია: ერთი მხრივ, ის სკოლას უქმნის პრობლემას, მეორე მხრივ - უნივერსიტეტს. ბოლო რამდენიმე წელია, სკოლა გადაქცეულია გამოცდისთვის მოსამზადებელ ადგილად, რაც რეალურად მისი როლი და ფუნქცია არ არის. მასწავლებლებიც მთლიანად ამაზე არიან ორიენტირებულნი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი სასკოლო ცხოვრებას მთლიანად ივიწყებს და გადართულია რეპეტიტორობაზე, რაც დამატებითი შემოსავალია მისთვის. ეს გარკვეულწილად ხშირად კორუფციის ნიშნებსაც შეიცავს.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, მისი როლი სტუდენტების შერჩევაში მინიმალურია. რეალურად, თუ ამ ბერკეტს უნივერსიტეტს დავუბრუნებთ, უკეთესი იქნება. თავად დააწესებს, რა სახის გამოცდა უნდა, შესაძლოა წერითი ან ზეპირი გამოცდა იყოს პრიორიტეტული, ნებისმიერ შემთხვევაში, უნივერსიტეტმა თავად უნდა შეარჩიოს ის სტუდენტები, რომლებიც სწავლას იმ კონკრეტულ სივრცეში განაგრძობენ.
ასე უფრო ლოგიკური იქნება და გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღწევა. გარდა ამისა, ერთიანი ეროვნული გამოცდის ორგანიზება ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება იმ ფონზე, რომ ის მოსწავლის რეალურ ცოდნას არ ამოწმებს. ის აფასებს, განსაზღვრულ დროს რამდენადაა აბიტურიენტი მზად კონკრეტული გამოცდისთვის. გარდა ამისა, ეს სისტემა საკმაოდ ხისტი და მოუქნელია, რაც კარგად გამოჩნდა პანდემიის დროსაც.
- და მაინც, სკოლა ვერ იძლევა შესაბამის რესურსს და ყოველ წელს უამრავი აბიტურიენტი დამატებით აღარ დადიოდეს რეპეტიტორთან...
- როგორც ვთქვი, კონკრეტული გამოცდისთვის მომზადება სკოლის ფუნქცია არ არის. ის ადამიანები, ვინც რეპეტიტორებთან დადიან, ტექნიკურად ეცნობიან იმ სპეციფიკას, რაც გამოცდას ახლავს თან. რაც მთავარია, ეს გამოცდა ქვეყანაში უთანასწორობის გაღვივებას უწყობს ხელს. ადამიანებს, ვისაც შესაძლებლობა აქვთ და უკეთესად ემზადებიან, შესაბამისად მეტი შანსი აქვთ, რომ მოხვდნენ უნივერსიტეტში და გრანტიც ხშირად მათ ხვდებათ. პირიქითაა სისტემა მოწყობილი. იმის მაგივრად, რომ იმ სტუდენტს დავეხმაროთ, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, ვახალისებთ მათ, ვისაც - აქვს. არადა, განათლების სისტემის ერთ-ერთი ფუნქციაც ხომ უთანასწორობის შემცირებაა.
თუ აღნიშნული გამოცდები გაუქმდება, მთელი აღნიშნული ენერგია და რესურსები შესაძლოა და უნდა მიემართოს სკოლის განვითარებისაკენ.
- როგორ უნდა მოხდეს პროფესიული სწავლების პოპულარიზება, რომ გარკვეული ნაკადი აბიტურიენტების თავისი სურვილით ირჩევდეს ძირითადად პრაქტიკული განათლების მიღების გზას და გარკვეული ხელობის შესწავლას ამჯობინებდეს წლობით უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ თეორიულ ცოდნას, რომელიც შეიძლება სინამდვილეში არც გამოიყენოს და ამ მიმართულებით ვერც დასაქმდეს მაღალი კონკურენციის გამო?
- პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზება სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია გვაქვს გარკვეული გაუმჯობესებები, ტემპი საკმაოდ ნელია. გვაქვს პოპულარიზების კარგი მაგალითებიც, მაგ. პროფესიული განათლების ჯილდო. მაგალითები უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ პროფესიულ განათლებაში წარმატება მიიღწევა. გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იქ მისული ადამიანი, უკან უკმაყოფილო არ წამოვიდეს, რადგან ის იმ ინფორმაციის გამავრცელებელია, რაც კონკრეტულ დაწესებულებებში ხდება. მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჩაიდოს ამ მიმართულებით. როგორც ვთქვი, ეს სფერო ვითარდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით. ერთ-ერთი მთავარიპრობლემა მაინც პრესტიჟია. დღეს, როგორც ადრე, მშობლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარება არაპრესტიჟულია. სხვათაშორის, ამ მხრივაც შეიძლება უნივერსიტეტების გააქტიურება, მათ ბაზებზე პროფესიული პროგრამების განვითარება, თანამშრომლობა პროფესიულ კოლეჯებთან და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მენტალობა რომ პროფესიული კოლეჯი არაპრესტიჟულია, უნდა შეიცვალოს.
- რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს სკოლა დგას? რა ხარვეზებს ხედავთ ყველაზე თვალსაჩინოს, რომელთა გამოსწორებაც შეიძლება?
- დღეს კარგად გამოჩნდა, რომ ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 2085 საჯარო სკოლიდან ნახევარში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების პრობლემებია. გვაქვს სასმელი წყლის პრობლემები და ა.შ. ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აფერხებს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას სკოლებში.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, მასწავლებელთა კომპეტენცია, კვალიფიკაცია, პროფესიული განვითარებაა მთავარი გამოწვევები. ასევე, მნიშვნელოვანია თავად პროფესიის პრესტიჟის ამაღლება.
- რა უნდა შეიცვალოს სასკოლო განათლების სისტემაში, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ?
-მასწავლებლების შრომითი პირობები უნდა შეიცვალოს. მათ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და პარალელურად თავად პროფესიის პოპულარიზაციაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მეტი ახალგაზრდა შევიდეს სკოლაში. გარდა ამისა, პროფესიული განვითარების სისტემა უნდა გაუმჯობესდეს. დღეს მასწავლებლებლებისთვის მასწავლებლის სახლი ატარებს ტრენინგებს. ეს უნდა გაფართოვდეს. ერთმა ცენტრმა არ შეიძლება, რომ 60 ათასი მასწავლებლის მომსახურება გაწიოს. სერვისები გარეთ უნდა გაიტანოს, ხოლო მონიტორინგზე ის იყოს პასუხისმგებელი. არიან ასოციაციები, ორგანიზაციები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ ტრენინგების ჩატარება და უკეთეს შედეგს მივიღებთ. მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი ცვლილებაა გასატარებელი და ეს პარალელურ რეჟიმში უნდა იყოს პირობების გაუმჯობესებასა და პროფესიის პოპულარიზაციასთან. რა თქმა უნდა, სკოლის დამოუკიდებლობა და ავტონომია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ თავად არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. დღეს კი სკოლები ძირითადად განათლების სამინისტროზე არიან დამოკიდებულები.
- რეგიონებისა და დიდი ქალაქების სკოლებში განსხვავებულია პრობლემები?
- რა თქმა უნდა, არის. მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, გეოგრაფიული მდებარეობის, რესურსების მხრივ. რაც მთავარია, შესაძლებლობების და პერსპქტივის კუთხით. არიან სკოლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილია და ბავშვები ფიზიკურად ვერ მიდიან, ამინდის გაუარესების გამო. 2085 სკოლიდან დაახლოებით 70%-ში 200 ბავშვზე ნაკლები სწავლობს. ქალაქში რა შესაძლებლობებიცაა, სოფლის სკოლებში რადიკალურად განსხვავებული რეალობა და კონტექსტია. ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ ძირითადად მძიმე რეალობაა. ეროვნული გამოცდების მაგალითზე რომ გითხრათ, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია შანსი, რომ რეგიონიდან ბავშვმა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ვიდრე ქალაქიდან. ადამიანებს ჩაბეჭდილი აქვთ, რომ კონკურენციას ვერ გაუწევენ სხვა ბავშვებს, ასევე დასჭირდებათ ქალაქში საცხოვრებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და საერთოდ უარს ამბობენ ამაზე.
სხვათაშორის, რეგიონებში სკოლების გაძლიერება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან გარდა მოსწავლეთა განათლებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობისა, მათ უნდა აიღონ თავის თავზე თემის კულტურული განვითარების ფუნქციაც.
- მასწავლებელი ხართ და ამ გადმოსახედიდან რომ გვითხრათ, თავად რა გამოწვევის წინაშე დგახართ მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
- კერძო სკოლაშიც ვასწავლი და საჯაროშიც და ბევრი გამოწვევაა. გასათვალისწინებელია ასაკობრივი თავისებურებები და განსხვავებული ინტერესები. კლასში, სადაც 25 მოსწავლეა, ერთდროულად სხვადასხვა პროცესია. ვიღაც ლაპარაკობს, ვიღაც დაღლილია და ეძინება, ზოგს არ აინტერესებს. ძალიან რთული ამოცანაა, რომ ერთმა ადამიანმა საგაკვეთილო პროცესი სწორად წარმართო. განვითარებული ქვეყნებიდან სწავლების პასიური მიდგომიდან აქტიურზე გადავიდნენ. ამ პროცესში მთავრია ურთიერთობებისა და სხვადასხვა უნარების განვითარება. ერთ-ერთი ასეთი მოდელია "შებრუნებული საკლასო ოთახი.“ ის, რაც ტრადიციულ მოდელში კლასში ხდება, ამ შემთხვევაში, სახლშია გადატანილი. ტელესკოლის მოდელიც გამოდგება საილუსტრაციოდ. მასწავლებელი 10-15-წუთიან გაკვეთილს სახლში აძლევს ბავშვებს. მათ შესაძლებლობა აქვთ, გადაახვიონ ან დააპაუზონ. კლასში უკვე ურთიერთობებზეა აქცენტი გაკეთებული, ბავშვები ასრულებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაოებს, რასაც აქტიურ სწავლას ეძახიან. თუ თავად ბავშვი აქტიური არ არის პროცესში და უბრალოდ იღებს იმ ინფორმაციას, რასაც აწვდი, კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რომ ეს პრაქტიკაში გამეკეთებინა.
-თქვენ რა გეხმარებათ შედეგის მიღწევაში, რა არის სინამდვილეში ეს "შედეგი", და ზოგადად, რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი, რომ მისი საგანი საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის?
- მაქსიმალურად ვითვალისწინებ ბავშვების ინტერესებს. მათი საჭიროებებიდან და მდგომარეობიდან ამოვდივარ და ეს ადამიანურ, მეგობრულ ურთიერთობაში გადადის. ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეული წესები გვაქვს, რაზეც ვცდილობთ, რომ ყველა შევთანხმდეთ. ზოგადად, ვცდილობ გარემო მაქსიმალურად კომფორტული და ბავშვებზე ორიენტირებული იყოს. მაგ. თუ რომელიმე მოსწავლე იმ კონკრეტულ დროს დაღლილია და ეძინება, ვაძლევ იმის საშუალებას, რომ დაისვენოს და პასიურად ჩაერთოს პროცესში. თუმცა, მასთან უკვე სხვაგვარად ვაკეთებ კომპენსირებას. ზოგადად, ბავშვები ხედავენ კეთილგანწყობას და თავადაც გიბრუნებენ. ეს ამართლებს, რადგან თუ სწავლის დასაწყისში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებდათ საგანი, მსგავსი დამოკიდებულებით მათი ინტერესები იცვლება და გაკვეთილის წარმართვაში მეხმარებიან კიდეც. თავად მოსწავლეებს ვრთავ პროცესში. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მხოლოდ ჩვენი საუბარი და მერე გაკვეთილის ჩაბარება, ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ ბავშვმა კონკრეტულ მომენტში არ იცის მასალა, ტრაგედიას არ ვქმნი. რა თქმა უნდა, გვაქვს წესები და ნორმები, მაგრამ ისიც პატივისცემის ფარგლებშია და როგორც აღვნიშნე, ბავშვი ამ ყველაფერს ხედავს და რაღაც დროის შემდეგ, თავადაც იმავეს გიბრუნებს. მოთმინებაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მასწავლებელს ეს უნარი არ აქვს, მაშინ სკოლაში არ უნდა მივიდეს.
თამარ იაკობაშვილი