საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ კორონავირუსმა სახე იცვალა და განსხვავებული უნარები შეიძინა. არის თუ არა სარწმუნო ეს მოსაზრება, უფროსკლასელებისა და სტუდენტების მობილობა გაზრდის თუ არა ვირუსის გავრცელების რისკს და რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელი ეპიდსიტუაციის შესახებ - აქტუალურ თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი საუბრობს:
- როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, კოვიდ-19-ის გამომწვევ SARS-CoV-2-ს მართლაც აქვს ცვლილებები, რის გამოც მან შეიძინა უნარი, უფრო იოლად მიემაგროს ადამიანურ რეცეპტორებს და, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების ხასიათი მიიღოს. მეორე მხრივ, ვუყურებთ მსოფლიო სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რომ მძიმე შემთხვევების ხვედრითი წილი და, მათ შორის, ლეტალური გამოსავლით დასრულებული ხვედრითი წილის ტენდენცია შეიცვალა კაცობრიობის სასარგებლოდ, ანუ ნაკლებ ადამიანს აავადებს მძიმედ და ნაკლები ადამიანი კვდება დღეს კოვიდისგან. თუმცა ეს კვლავ რჩება ძალიან დიდ გამოწვევად იმიტომ, რომ თუ ავიღებთ მსოფლიო მოსახლეობას და კოვიდგადატანილებს, ჯერ კიდევ ძალიან პატარა რიცხვია. შესაბამისად, SARS-CoV-2-ს ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია იმისთვის, რომ დააზარალოს და კიდევ გავრცელდეს. ჯერ პანდემიის დასასრულამდე ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი მთელ კაცობრიობას. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი რისკის შეფასება ისწავლოს. თუ რისკის შეფასებას ვისწავლით და მერე ამ რისკების მართვას, ან გადავავადებთ ან სრულიად ავირიდებთ ზოგადად ყველა რესპირაციული ინფექციისგან ინფიცირებას, მათ შორის, კოვიდისგან. იმიტომ, რომ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, რეალურად ხომ მხოლოდ კოვიდისთვის არ გამოგონილა. ეს არის ზოგადად რესპირაციული ეტიკეტის მთლიანი დაცვა, რაც თავიდან აგვარიდებს რესპირაციულ ინფექციებს. რისკების შეფასებისას ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ კოვიდი ჯერჯერობით რჩება ინფექციად, რომლის გადაცემის მექანიზმში მთავარია წვეთი და შესაბამისად უნდა ვიყოთ დისტანცირებული იმ ადამიანისგან, ვისი სტატუსიც არ ვიცით, კოვიდთან მიმართებაში.
- სასწავლო პროცესის განახლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოსწავლეებისა და სტუდენტების მისვლა და უშუალოდ პირდაპირი კონტაქტის აღდგენა - როგორც ეპიდემიოლოგი, როგორ უყურებთ, ეს არის გაზრდილი რისკები? რამდენად რეალურია ზოგიერთ შეთმხვევაში პროგნოზი, რომ რაღაც კატასტროფა მოხდება?
- რაც რეალობა გვაქვს, ფაქტია, რომ მობილობის ზრდასთან ერთად იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და დაავადების გავრცელება. ამას ვერ გავექცევით. მეორე მხრივ, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც თვლის, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულად უნდა გავწიროთ. მე ვთვლი, რომ განათლებას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეჭიროს საზოგადოებაში და საზოგადოება მზად უნდა იყოს, რომ მომავალ თაობას სრულფასოვანი განათლება მისცეს. ჯანმრთელობის და განათლების უფლება ორი ფუნდამენტური უფლებაა და არც ერთის წართმევა არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, ერთი მეორის ხარჯზე. ვიცით, რომ გაიზრდება მობილობა, გაგვეზრდება შემთხვევათა რაოდენობა. ამას ველოდებით. მაგრამ, არის კიდევ რაღაც მოცემულობები, რაც დღეს უკვე ცნობილი გახდა ამ ვირუსზე. კერძოდ, ცნობილია, რომ 10 წლამდე ასაკში ამ ვირუსით ინფიცირებული ბავშვები უფრო ნაკლებად გადამდებები არიან სხვებისთვის, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ესეც ერთ-ერთი მოსაზრებაა, ჰიპოთეზის სახით და ჯერ სრულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ არსებობს ასეთი აზრი. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები სრულიად არ გადასდებენ სხვას- არა, გადასდებენ, მაგრამ იმდენად არა, როგორც მოზრდილი. შესაბამისად, შეიძლება შევაფასოთ, რომ თუ მცირე ასაკის ბავშვებს მივცემთ იმ მობილობის უფლებას, რომ ისინი ივლიან სკოლაში, სკოლაში დაცული იქნება ადექვატური პირობები ისე, რომ ამ ბავშვებში გავრცელების რისკები დაბლა დავწიოთ. თუ რომელიმე კლასში აღმოგვაჩნდა შემთხვევა, მოვიაზროთ ამ კლასის დროებითი იზოლაციის ან დისტანციური რეჟიმის პრინციპი და არა მთელი სკოლის. თუ ეს კლასი იქნებოდა შესვენებების პროცესშიც რამდენადმე დისტანცირებული სხვა კლასებისგან, თუ მასწავლებლები ზედმიწევნით დაიცავდნენ რეკომენდებულ ჰიგიენურ წესებს, ბავშვებთან ურთიერთობისას დაიცავენ დისტანციას, ერთმანეთთან ურთიერთობისას ყოველთვის ეკეთებათ ნიღაბი, ალბათ, მე ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, კვლევა-ძიებისა და შემთხვევითი შერჩევის ხარჯზე, დაიწყოს სრულფასოვან სწავლის პროცესები, განსაკუთრებით დაბალკლასელთათვის და მერე ალბათ, ცნობილი კიდევ უფრო მეტი გახდება, უფრო მეტად ჩამოყალიბდება ის ტექნიკური შესაძლებლობები, რითაც შეიძლება ცოდნა უფროსკლასელებსა და სტუდენტებს გადავცეთ. ცოდნის დეფიციტის ხარჯზე შევძლოთ ხანგრძლივად შევინარჩუნოთ არამკვეთრად გავრცელებადი ინფექციის პროცესი ან ისეთი პროცესი, რომლის მართვაც შეიძლება და სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ, ადექვატური დახმარება აღმოუჩინონ დაავადებულებს.
- ადამიანები აღნიშნავენ, რომ პისიარ ტესტის ჩატარებამდე დაუსვეს კითხვა თამბაქოსა და წყლის მოხმარებაზე. არის თუ არა ეს რეალობასთან შესაბამისი კითხვები და არის თუ არა კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ არ იყოს ცდომილება უკვე ტესტის ჩატარების დროს?
- ასეთი რამ არ არსებობს, არც თამბაქოს გამოყენება და არც წყლის მიღება არ ითვლება რაიმე რისკად იმისათვის, რომ ნაცხი არასათანადო აღმოჩნდეს შემდეგი კვლევისთვის, თუმცა თამბაქოს მოხმარება ზოგადად არ ითვლება ჯანმრთელობის ხელშემწყობ ფაქტორად და არავის არ ეძლევა რეკომენდაცია, რომ მოწიოს. თუ თვლიან, რომ მოწევით ანესთეზიას ჩაიტარებენ ცხვირ-ხახაში და მტკივნეული აღარ იქნება, ესეც მცდარია. მაგრამ, თავად ის ფაქტი, რომ თამბაქო ჰქონდათ გარკვეული დროით ადრე მოწეული, ტესტის მონაცემს არ ცვლის ისვე, როგორც წყლის მიღება იმიტომ, რომ ნაცხის აღება ხდება ცხვირ-ხახიდან ანუ ცხვირს იქით ხახაში უნდა გადავიდეს ნაცხის ამღები და იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს, ასევე პირის ღრუდან იღებენ ხახამდე. მხოლოდ წყლის დალევით მისი ჩარეცხვა გამორიცხულია და არ უნდა ვიფიქროთ. ასე რომ იყოს, კოვიდი არ იქნებოდა ასეთი სწრაფად გავრცელებადი, ყველა დავლევდით წყალს და უბრალოდ აღარ გადავდებდით ვირუსს ერთმანეთს.
- ხომ არ იქნებოდა სწორი ნიღბის გამოყენება სქესობრივი კონტაქტის პერიოდში? რა ვიცით ამ წუთისთვის, სქესობრივი გზით გადადის ეს დაავადება?
- ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კოვიდის სქესობრივი გზით გადაცემის შესახებ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სქესობრივი ცხოვრება ფიზიკურ სიახლოვეს მოითხოვს და შესაბამისად რისკი იმისა, რომ პარტნიორის ინფიცირება მოხდეს იმ ცნობილი გზებით, რაც აქამდეც ვიცოდით კოვიდის შესახებ, რა თქმა უნდა ძალიან მაღალია. ამიტომ, ზოგადი რეკომენდაციები, ახლო დისტანციის დროს ნიღბის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ის თქვენთვის უცხო პარტნიორია და წარმოდგენა არ გაქვთ, ვინ არის, ალბათ ჭკვიანური აზრია.
- მარკეტებში ან სხვადასხვა დაწესებულებაში არის ანტიბაქტერიული სითხე, რომ ხელი დავიმუშაოთ. თუ კორონავირუსიანმა იმ წუთში დაისხა და შემდეგ ჩვენ გამოვიყენეთ, ეს მოკლავს თუ არა ჩვენზე გადატანილ ვირუსს და რამდენად საფრთხილოა?
- დისპენსერის ჩამოსხმის მერე, თუნდაც ხელით ვეხებოდეთ მის რაიმე ნაწილს, და მერე ორივე ხელს კარგად დავიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარით, იმედიანად იყავით. თქვენ იმ ვირუსს, რომელიც შესაძლოა თქვენს წინ ადამიანმა დატოვოს დისპენსერის თავზე, აუცილებლად მოკლავთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ საკუთარი დისპენსერები ატაროთ და არ შეეხოთ საერთო გამოყენების დისპენსერებს. თუმცა, მე ვიყენებ.
- რამდენად რეკომენდებულია პირბადეები 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის?
- მშობელზეა ბევრი რამ დამოკიდებული. პატარა სახეზე დიდი ნიღბის გამოყენება, რომელიც ვერ მიწვდება მას ყურებზე კარგად, შეიძლება ჩამოუვარდეს, დაბლა დავარდეს და კიდევ სხვა სირთულეების გამომწვევი იყოს. ამიტომ, ალბათ ჯობს თავი შევიკავოთ და მოზრდილებმა გამოვიყენოთ თანმიმდევრულად. ბავშვებს უბრალოდ ვასწავლოთ დროულად დისტანცირების წესები და ხელების დამუშავება.