ქართულად ლაპარაკი ქართული ენის ცოდნას არ ნიშნავს. თანამედროვე სამყაროში, გლობალიზაციის პროცესმა სხვადასხვა კულტურისა და ენის შერწყმა გამოიწვია. ბავშვები ხშირად არაქართული სიტყვებითა და სხვადასხვა კომპიუტერული თამაშის ფრაზებით საუბრობენ. მეტყველების კულტურა კი სკოლაში არ ისწავლება. უნდა შევუსწოროთ თუ არა ადამიანებს, როდესაც არასწორად ამბობენ ქართულ სიტყვებს და რატომ უჭირთ დღეს ბავშვებს საკუთარი აზრის სიტყვებით გადმოცემა, თემაზე მსახიობი, პოეტი და სასცენო მეტყველების პედაგოგი ელდინო საღარაძე გადაცემაში "დღის კოდი" საუბრობს:
- ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შევუსწოროთ. მხოლოდ ჩემს აზრებს გადმოგილაგებთ და არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებას ვღაღადებ. მახსოვს ჩემი ერთი მოწაფის გაოცება, როდესაც გაიგო, რომ "ლაითად" ქართული სიტყვა არ არის. განა რა ხანია, რომ ჩვენ ინგლისური ქართულზე კარგად ვისწავლეთ? არადა, ვისწავლეთ. რატომ, იცით? იმაზე ზრუნავენ, რომ თავად და თავიანთმა შვილებმა ისწავლონ ინგლისური, ფრანგული, გერმანული, მაგრამ იმას არავინ ცდილობს, რომ ქართული შეისწავლოს. ამ საშინელებას პირველსავე კლასში ეყრება საფუძველი. იცით, ჩემი რამდენი ხნის ოცნებაა, რომ როცა მასწავლებელი დედა ენას ასწავლის და "ი"-სთან მივა, იქვე აჩვენოს, როგორ უნდა წარმოთქვას ეს ბგერა. ოცდაცამეტსავე ქართულ ბგერას წარმოთქმის თავისი მექანიზმი აქვს. განა, რა სირთულეა, რომ ეს დაწყებით კლასებში შევიდეს და მასწავლებელმა ამ წესით იმუშაოს... უნდა ჩავიდეთ პრობლემის სიღრმეში. თუ მიზეზი არ ვიპოვეთ, ვერც ქართული ენის შემთხვევაში და ვერც იმ უმსგავსობის შემთხვევაში, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, პრობლემას ვერ მივაგნებთ და ვერ აღმოვფხვრით. შეიძლება პირდაპირ შედეგს ვუმკურნალოთ? შედეგს კი არა, მიზეზს უნდა ვუმკურნალოთ.
ადამიანის მეტყველების კურლტურას, უპირველეს ყოვლისა, ჩვევა განსაზღვრავს. ჯერ მხატვრული ლიტერატურის კითხვით უნდა დაიწყო და მერე უნდა გადახვიდე პროფესიულ ლიტერატურაზე. სიტყვათა მარაგს მხატვრული ლიტერატურა გაძლევს. დღეს მშობლები სულ იმას ჩივიან, როცა ბავშვები ჩემთან სამეცადინოდ მოჰყავთ, რომ არ შეუძლიათ თავიანთი ნააზრევის სიტყვაში გადატანა. განა ადვილია, რომ შენს აზრს სიტყვიერი განფენილობა მისცე? ამისათვის საჭიროა, გქონდეს სიტყვების დიდი მარაგი და მდიდარი ლექსიკა. მერე უნდა იცოდე, ეს სიტყვები, როგორ დაალაგო ერთმანეთის მიყოლებით, რომ შენი აზრი მოსაუბრეს გააგებინო. ამას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევ, როცა ნაკითხი ხარ. ჩვენი მომავალი თაობის წიგნიდან დაშორებამ და მისმა გადართვამ კომპიუტერულ ტექნიკაზე, ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მეტყველება ასე დაეცა. მინდა გამოვთქვა გულისტკივილი და იქნებ, ვინც საჭიროა, მოისმინოს: მიდიხარ ქუჩაში და მაღაზიების აბრებზე უკვე აღარ არის ქართული სიტყვები და ქართული წარწერები. უცხოურ ენაზე გაკეთებული რეკლამები დიდი ფორმატისაა და განათებულია. სადღაც საცოდავად თუ არის მიწერილი ქართული და თანაც, ქართული სიტყვა კი არა, ის ინგლისური სიტყვა ქართული ასოებითაა დაწერილი.
მოდაში კი არ შემოვიდა მსგავსი ფაქტები, ქართველი ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო უცხოს წინაშე ქედმოხრილობის მიდრეკილება. მარადიული ღირებულებების აღმსარებლობა ქართველისაგან და ამ ღირებულებების გადატანა ცხოვრებაში, ჰქმნიდა იმ ფენომენს, რასაც ქართველი ერქვა. თუმცა, ყოველთვის იყო უცხოს წინაშე ქედმოხრილობის მიდრეკილება. ჩვენი ამპარტავნებაა უცხოელის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა. მერე ის ხომ წავა თავის ქვეყანაში და ილაპარაკებს, ქართველები რა კარგები არიან. წიგნი თუ მენტალიტეტს აყალიბებს, ჩვენ მენტალიტეტთან დაშორებასთან მივდივართ და თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნულ მენტალიტეტთან დაშორებაზე ვსაუბრობთ. ქართველი ყველაზე მაღალი ღირებულებების სინონიმი იყო. ქრისტიანი და ქართველი ერთი და იგივე იყო. თუ დღეს ჩვენ ქრისტიანობა ასეთ დაბალ დონეზე დავწიეთ, ეს ქრისტეს ბრალი სულ არ არის. ეს ჩვენი ბრალია, რომლებსაც აღარ გვესმის ქრისტესი. ისე, როგორც აღარ გვესმის არაფერი მაღალი ღირებულებების.
კულტურა, ჩემი აზრით, რასაც აკეთებ, იმის სრულყოფილად და ესთეტიკურად კეთებაა. ეს იქნება ჩაცმის კულტურა, სუფრის გაშლის კულტურაც კი არსებობს, წერის კულტურა, ხატვის კულტურა. ეს ნიშნავს, რომ წახვიდე სრულყოფილებისაკენ და არა დეგრადაციისკენ. მადლობა ღმერთს, ჩვენ მეტყველების კულტურის არაჩვეულებრივი სკოლა გვქონდა, რომელიც მალიკო მრევლიშვილმა შექმნა. ეს სკოლა ითვალისწინებდა იმას, თუ როგორ უნდა წარმოითქვას თითოეული ბგერა. ამის მექანიზმი არსებობს. ბგერა "ლასის" წარმოთქმასაც თავისი მექანიზმი აქვს, რომელიც უნდა გასწავლონ. არ ვიცი, სად დაიკარგა ეს მექანიზმი. როგორ შევიძულეთ ცენზურა და ზედამხედველობა რაღაცაზე. ნუ დავარქმევთ ცენზურას, დახმარება დავარქვათ. ინტონაცია ხომ საერთოდ დაკარგული აქვს დღეს ქართულ ფრაზას. აღარ ვიცით, მძიმე როგორ დავსვათ. წერტილი აღარ არსებობს. მაგალითად, ახლა ხშირად შემხვდა ფრაზა "პარლამენტარები მოვიდა". აღარ მახსოვს, რომელ კლასში მასწავლეს, რომ ქვემდებარე და შემასმენელი რიცხვში უნდა თანხმდებოდნენ. ეს ხომ ელემენტარულზე ელემენტალურია.
ჩემს ყველაზე დიდ ტკივილად მაინც რჩება ის, რომ დღეს შემოვიდა სატელევიზიო ენა, პარლამენტარების ენა და აკადემიური ენით მეტყველება აღარ არის მნიშვნელოვანი. რაღაც ახალი შეიქმნა. ადამიანი როგორც აზროვნებს, ისე მეტყველებს. ჩვენი სააზროვნო სივრცე და სიწმინდე პირდაპირ გადატანილია მეტყველებაში, არა მარტო აზრობრივ ქსოვილში, არამედ ტემპორიტმშიც. რა დააშავა შენმა მსმენელმა, რომელიც იმავე ტემპში ვერ აზროვნებს?
თინეიჯერები საუბარს ხშირად იწყებენ ასე - "ანუ", "ესე იგი"... ეს დეფიციტია მათ მენტალურ და კულტურულ აღზრდაში. ჩვენი ბრალია. როცა მომავალ თაობაზე აუგს ამბობენ, მე მინდა, რომ ავისხა იარაღი და ასე ვიბრძოლო მათ დასაცავად. ჩვენი ბრალია, თუ მომავალი თაობა ცუდად იქცევა, ცუდად მეტყველებს. "ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილი!" რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ მათ კარგად ემეტყველათ და ეაზროვნათ? არაფერი გაგვიკეთებია. ჩვენი უახლესი ისტორიის ბოლო წლები ერთმანეთთან ჩხუბსა და ერთმანეთის წინაშე გესლის ნთხევას მოვუნდით.