ონლაინსწავლებას ბევრი სირთულე ახლავს თან და ყველა თანხმდება, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობის გამო გადადგმული ნაბიჯია და ცოცხალ საგაკვეთილო პროცესს ვერც შეედრება. თუმცა არის საკითხები, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს და სწავლების ეს ფორმა ცოტა უფრო ეფექტური გახდეს. ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე ფსიქოლოგიური პრაქტიკის პარალელურად, სკოლაშიც მუშაობს და პატარებს გაკვეთილებს უტარებს. სწორედ ამ გამოცდილებითა და პროფესიული დაკვირვებებით გვესაუბრება ონლაინსწავლების სხვადასხვა ასპექტზე:
- ერთ-ერთი პრობლემა, რასაც მე, როგორც ფსიქოლოგი ვხედავ გაკვეთილებზე, არის ის, რომ აქტიური ბავშვები უფრო რეალიზდებიან და შედარებით წყნარები უფრო იკარგებიან. აქტიურები და თამამები სულ ითხოვენ ყურადღებას, ხოლო ბავშვები, რომლებიც მორცხვები და ჩაკეტილები არიან, კიდევ უფრო იკეტებიან თავის თავში. მსგავსი ტიპის ბავშვებთან იდეალურია ჯგუფური აქტივობები, რომლებიც ცოცხლად ხორციელდება, ზუმის ფორმატში კი მათი დაინტერესება, წახალისება საკმაოდ რთულია.
ასევე ბავშვები რომელთაც გარკვეული პრობლემა აქვთ, თუნდაც ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ყველა კლასში მინიმუმ 1 ბავშვია მაინც მსგავსი პრობლემით. არსებობს რეკომენდაციები, როგორ უნდა ვმართოთ ეს ქცევა კლასში. დისტანციურად კი ძალიან ძნელია რეკომენდაციების შესრულება, ძნელიცაა და ხშირად, შეუძლებელიც...
მაღალ კლასებში კი ის პრობლემაა, რომ რეჟიმიდან ამოვარდნენ მოზარდები, აი, ის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, რაც სკოლას ახლავს, ძალიან ბუნდოვანი გახდა თითქოს, რადგან სახლში არიან და იქიდან ერთვებიან გაკვეთილებში. ამიტომაც, მაღალ კლასელთა დიდი ნაწილი, ხან ესწრება გაკვეთილს, ხან არა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს... ვეღარ უყურებენ თითქოს სერიოზულად სწავლების ამ მეთოდს...
- ახლა უფრო გამოიკვეთა ალბათ მშობლის როლიც და ბავშვის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად სცალია მშობელს ან რამდენად არის დაინტერესებული შვილის ონლაინსწავლების მონიტორინგით...
- კი, მშობელმა უნდა აკონტროლოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მშობლების დიდი ნაწილიც არასერიოზულად უყურებს დისტანციურ სწავლებას ან უბრალოდ დრო არ აქვს.... არადა, აკადემიური მოსწრება ძალიან შეიძლება დაუვარდეთ ბავშვებს ამდენი გაცდენით... ბავშვები ხომ მოდელებით სწავლობენ, ხედავენ, რომ მშობლები არ აკონტროლებენ და არც აკეთებენ არაფერს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ვასწავლოთ მათი წილი ვალდებილება და პასუხისმგებლობა. და უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი. ხანდახან ბავშვებს მიაჩნიათ, რადგან დედა არ მიწესებს მკაცრ წესებს, რომ აუცილებლად დავესწრო გაკვეთილებს, არც დავალებებით ინტერესდება და ცინიკურად უყურებს ამ ფორმატს, ბუნებრივია, ბავშვის რეაქცია და ქცევა. ამიტომ, დიდი როლი აქვთ მშობლებს. უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. არ ასწავლიან, ნიმუშს ვერ ხედავენ და ფაქტიც სახეზეა.
- არის მეორე უკიდურესობაც - ზედმეტად ჩართული მშობლები... მასწავლებლები ყვებიან, რომ ზოგიერთი მშობელი კარნახობს კიდეც ბავშვს...
- კი, ხშირი შემთხვევაა, ჩემთანაც. მასწავლებელი რამე ელემენტარულ კითხვასაც რომ უსვამს ბავშვს, მაგაზეც მშობელი პასუხობს რეალურად და არა ბავშვი. ხმა შეიძლება არ ისმოდეს, მაგრამ მარტივი შესამჩნევია, ბავშვები ეკრანს კი არ უყურებენ, არამედ გვერდით იყურებიან გაფაციცებით ან ეკრანის უკან. ვფიქრობ, არც ისე კარგია ეს, რეალურად ვერ ვაფასებთ ბავშვების ცოდნის დონეს, რაში უჭირს, რაში სჭირდება დახმარება ან რა იცის... ჩვეულებრივ სწავლებაზე რომ გადავალთ, მერე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბავშვს რეალურად არაფერი უსწავლია ან მხოლოდ დაზეპირებული ცოდნა აქვს... აი, ჩემს გაკვეთილებზეც ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ მშობლები ასრულებენ დავალებებს, მშობლები ასრულებენ წინადადებებს, ადგენენ პატარა ზღაპარს, მპასუხობენ კითხვებზე "შენთვის რა არის სიხარული? როგორ გამოხატავ მას?" ა.შ... ეს სრულიად ფუჭი შრომაა. ასე ვერც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავიგებ და ვერაფერს.
- მიზეზი რა არის მსგავსი ჩართულობის მშობლების მხრიდან?
- სავარაუდოდ, მხოლოდ იმაზე არიან ორიენტირებულები, რომ მასწავლებლისა და ფსიქოლოგის თვალში, მასწავლებლის და სხვა მშობლების თვალში მათი შვილი წარჩინებული გამოჩნდეს და საამაყო. მშობლების (ბებიებისაც) დიდი ნაწილი გამუდმებით შედარებაზეა ორიენტირებული. უნდათ, რომ სხვა ბავშვებთან შედარებით მათი შვილი ბევრად მაღლა იდგეს, ბევრად ჭკვიანი იყოს და მასწავლებელიც სანიმუშო მოსწავლედ თვლიდეს: "აი, მიბაძეთ ამა და ამ ბავშვს, ნახეთ როგორი ზრდილობიანია, როგორი კარგად აღზრდილია, როგორი შრომისმოყვარეა" და ა.შ. მშობლები ამით იკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებებს. აქ შეიძლება ღრმა პრობლემებიც იყოს, თუნდაც ის, რომ თავად ამ მშობელს მუდმივად სხვას ადარებდა მისი მშობელი და ის სხვა ყოველთვის მასზე კარგი იყო და ახლა იმ დანაკლისს საკუთარი შვილის სხვებზე უკეთესად წარმოჩენით ივსებს.
რეალურად კი რას ვიღებთ... ბავშვი ვერ სწავლობს აზროვნებას, ძალიან მარტივ რაღაცებზეც არ შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს და საბოლოოდ ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ბავშვს არ ექნება არც ფართო აზროვნების უნარი და არც პასუხისხმგებლობის გრძნობა.
ფსიქოლოგის გაკვეთილზე კარნახი და მისი დავალებების შესრულება, მით უფრო აუხსენილია ჩემთვის. ფსიქოლოგის მოვალეობა ხომ ისაა, შეაფასოს ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება, რამე ფსიქიკურ პრობლემასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რაზეა უფრო მეტად სამუშაო საჭირო ამ ბავშვთან და ა.შ.. ამ ყველაფერს კი ვერ ვიგებთ და შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი რამე გამოგვეპაროს ფსიქოლოგებს. ეს კიდევ რა შედეგებამდე მიგვიყვანს, რთული წარმოსადგენი არაა.
ლელა ზურებიანი