მშობლებო, ეს არის ჩემი რჩევა მხოლოდ და მხოლოდ! და არა ჭკუის დარიგება! სოფო ტოროშელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე მშობლებისადმი მიმართვას აქვეყნებს. მუსიკოსი იმ მშობლებს მიმართავს, რომლებიც შვილების მუსიკალური განათლებით არიან დაინტერესებული. სოფო მათ რამდენიმე რჩევას აძლევს და მუსიკალურ ნიჭთან დაკავშირებულ დეტალებს უზუსტებს. ასევე სთხოვს, არ დააძალონ ბავშვს იმის სწავლა, რაც არ აინტერესებს. გთავაზობთ ამ მიმართვას.
"მშობლებო, ეს არის ჩემი რჩევა მხოლოდ და მხოლოდ! და არა ჭკუის დარიგება! მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი და დაგეხმაროთ იმაში, თუ როგორ არ უნდა შეაძულოთ მუსიკაზე სიარული ბავშვს! პირველ რიგში პრობლემა არის თქვენში! იმიტომ, რომ: ყველა მშობელს ჰგონია, მუსიკალურ სკოლაში იმიტომ უნდა ატაროს, რომ დაკვრა ისწავლოს და "სიმღერების გარჩევა"! და სინამდვილეში ისე აღმოჩნდება, რომ მუსიკალურ სკოლებში გაცილებით უფრო რთულ პროგრამას გადიან, ვგულისხმობ წმინდა კლასიკურ პროგრამას. "სიმღერების გარჩევა", რა თქმა უნდა, გვერდზე რჩება. მინდა გითხრათ ძვირფასო მშობლებო, რომ რაც არ უნდა ბევრი ასწავლოთ თქვენს შვილს ნოტები, სოლფეჯიო, ჰარმონია და ასე შემდეგ, თუ ბავშვს განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს სიმღერის გარჩევის, ამას თავისით ვერასდროს შეძლებს! ანუ მხოლოდ განათლებით არ გამომუშავდება ეს უნარი! ეს არის ნიჭი, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა! მაგალითად, კონსერვატორიის სტუდენტებს რომ სთხოვო სიმღერის გარჩევა ერთი მოსმენით, დაახლოებით 90 პროცენტი შეიძლება ჩაიჭრას ამ დავალებაში! და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც ნოტები უსწავლიათ და არც რაიმე მსგავსი და ამას ბავშვობიდან ახერხებენ! იმიტომ, რომ ეს არის სხვა ფენომენი! სიმღერის გარჩევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ციფრული ჩანაწერის სწავლის შემდეგ, რომელიც კლასიკური ციფრული ჩანაწერისგან ცოტა განსხვავდება! ანუ მარტივად რომ აგიხსნათ, როგორც ნოტის კითხვა ისწავლება, ასევე ისწავლება ციფრული ჩანაწერის კითხვა, რომლითაც თქვენი შვილი შეძლებს თვალით სიმღერის გარჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ დამახსოვრებას, თუ მას ამის უნარი აქვს!
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერთი მოსმენით სიმღერის გარჩევა არის განსაკუთრებული ნიჭი! როგორც აბსოლუტური სმენა! ხშირად აბსოლუტური სმენაც გეშლებათ და არ იცით მისი მნიშვნელობა! აბსოლუტური სმენა გულისხმობს იმას რომ ადამიანს აქვს ნიჭი, რომ ბგერის სიმაღლე დაიმახსოვროს და ყველანაირი თანხლების გარეშე ყველა ნოტი გამოიცნოს სიმაღლის მიხედვით! ეს არის ფენომენი! და ნუ აიგივებთ მუსიკალურ ნიჭთან!
მაშ ასე, ვთანხმდებით, რომ არსებობს ჰარმონიული ნიჭი (ანუ სიმღერის გარჩევის ნიჭი, რომელსაც ნოტების სწავლა არ სჭირდება და პირდაპირ ადამიანს 2-3 წლის ასაკში უვითარდება და ვლინდება ) და აბსოლუტური სმენა ( რომელიც გულისხმობს ბგერის სიმაღლის გამოცნობას და დამახსოვრებას სამუდამოდ!). ასევე შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს აბსოლუტური სმენა, მაგრამ ვერ არჩევდეს სიმღერებს! როგორც ჰარონიული სმენის მქონე ადამიანს არ ჰქონდეს აბსოლუტური სმენა!
მოკლედ, ახლა მინდა შევაჯამო აზრი და გთხოვოთ, რომ ნუ მიიყვანთ ძალით შვილებს იქ, სადაც უნდა მოხვდნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, რომლების პროფესიაც უნდა გახდეს მუსიკა! იმიტომ, რომ ტალანტის განვითარებას სჭირდება უმაღლესი განათლება, ხოლო უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენს შვილს სიმღერა შეუყვარდეს და დაკვრა ისწავლოს, სხვა პროგრამაა საჭირო! რა თქმა უნდა, კლასიკური ნაწარმოებიც (განათლებისთვის), მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც მუსიკალურ სასწავლებლებშია და იმ სირთულის! ასევე უნდა ასწავლოთ ის, რაც თვითონ სურს! იმიტომ, რომ თქვენ ამით აძულებთ მუსიკას! და ძალით ამთავრებინებთ მუსიკალურ სასწავლებლებს! ეს იგივეა, რომ თქვენს შვილს კვანტური ფიზიკა შეასწავლოთ მაშინ, როცა ის არ არის მათემატიკური ტვინის ბავშვი! მერწმუნეთ, რომ განსაკუთრებული ნიჭი ძალიან ადრეულ ასაკში ვლინდება! თუ ბავშვს უბრალოდ უყვარს სიმღერა და ცეკვა, არ ნიშნავს იმას, რომ ის განსაკუთრებულად ნიჭიერია! სხვადასხვა რამ არის ნიჭი და უბრალოდ კარგი სმენა! მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორად გაიგებთ ჩემს უზარმაზარ ნაწერს და უბრალოდ გაითვალისწინებთ, რომ შვილებს არ შეაძულოთ კარგი მსმენელობაც კი! განსაკუთრებით, კლასიკური მუსიკის!"
იხილეთ ასევე: მოდურია თუ არა დღეს გიტარაზე სიარული და როგორი მასწავლებელია ხვიჩა მაღლაკელიძე
მუსიკაზე სიარული ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს - სპეციალისტების რეკომენდაციები მშობლებს